„შემოსავლები ძალიან ასიმეტრიულად ნაწილდება – ანუ მხოლოდ მცირე ნაწილი გრძნობს ზრდის მნიშვნელოვან ტემპს… იმის ჩათვლით, რომ ინფლაციის ტემპი საგრძნობი იყო ბოლო პერიოდში, რეალური შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა, აი, ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ეს არის მოცემულობა,“ – გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია. მას ვკითხეთ ირაკლი კობახიძის ბოლო განაცხადზე: საქართველოში ეკონომიკური ზრდა გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლითო.
რატომ არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, თუ რეალურად ეკონომიკის ზრდა გვაქვს ქვეყანაში?
„დღეს შენელებულია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი და ეს საბიუჯეტო შემოსავლების მონაცემებზეც აისახა. ბიუჯეტის შესრულება უჭირთ და მომავალი წლის ბიუჯეტიც პესიმისტურად არის დაგეგმილი. ეს დროებითი ფაქტორები იყო ყველაფერი ერთად და არაფერი ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში არ მომხდარა.
პირიქით, ჩვენ უფრო მეტად ვშორდებით დასავლეთს. დღეს საქართველოს ექსპორტის უდიდესი ნაწილი კი, ისევ ევროპის ქვეყნებზე მოდის,“ – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი.
„ბათუმელებმა“ ეკონომიკის ექსპერტთან, „საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორთან, აკაკი ცომაიასთან ინტერვიუ ჩაწერა:
· ბატონო აკაკი, რა შეგიძლიათ თქვათ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე: გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 9,8 % შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელიაო.
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ვართ პირველი ამ მაჩვენებლით ევროპაში: ევროპა ბევრი ქვეყნისგან შედგება. ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებში 3 და 4 %-იანი ეკონომიკური ზრდა ბევრად უფრო მაღალი შედეგის მქონეა, ვიდრე საქართველოში 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ევროკავშირში განვითარებული ქვეყნები არიან, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიღწევა უკავშირდება ძალზე დიდ ტექნოლოგიურ გარღვევებს.
რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დიდი ტექნოლოგიური გარღვევა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ ქვეყანაში იყოს მაღალი.
აკაკი ცომაია
განვითარებადი ქვეყნისთვის კი, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აბსოლუტურად ნორმალური პროცესია – აუთვისებელი ეკონომიკაა და ცოტა მეტი ინვესტიციაა. შესაბამისად, ეს განაპირობებს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს.
ეს არის ეკონომიკის ანა-ბანა, რომელიც, სამწუხაროდ, კობახიძემ არ იცის. მან არ იცის, რომ არ უნდა შეადაროს განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით განვითარებული ქვეყნის ეკონომიკას. ეკონომიკის ზრდა, პირობითად, გერმანიაში 2-3%-იანი ზრდა ნამდვილად უდრის საქართველოში ეკონომიკურ ზრდას 10%-ით.
· რასთან გვაქვს საქმე, როცა ეს ეკონომიკური ზრდა არ ცვლის უკეთესობისკენ ადამიანების ცხოვრებას? დღეს „ბათუმელებს“ ქუჩის გამოკითხვაც გვქონდა. მოქალაქეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირიქით, მათი ცხოვრება გაძვირდა და გართულდა.
ეკონომიკური ზრდა უნდა აისახოს საზოგადოებაზე, მოსახლეობაზე. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ მისი შემოსავალი გაიზარდა. თუ ჩვენ ჩავხედავთ სტატისტიკასაც, დავინახავთ, რომ თითქოს საშუალო ხელფასი კი იზრდება, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, ვნახავთ, რომ მოსახლეობის 65-70%-მდე მათი ნომინალური შემოსავალი კვლავ 2000 ლარამდეა, 1500 ლარის მიდამოებში.
ეს ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობაზე ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აისახება. შემოსავლები ძალიან ასიმეტრიულად ნაწილდება – ანუ მხოლოდ მცირე ნაწილი გრძნობს ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვან ტემპს. მოსახლეობის დიდი ნაწილის ნომინალური ხელფასი არ იცვლება, მედიანური ხელფასი კვლავ მცირეა [მართალია, ბოლო წელი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ჩანს, რომ მედიანური ხელფასი არის მცირე]. ნომინალური ხელფასის გათვალისწინებით და იმის ჩათვლით, რომ ინფლაციის ტემპი საგრძნობი იყო ბოლო პერიოდში, რეალური შემოსავლები კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა, აი, ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე. ეს არის მოცემულობა.
მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა? გვაქვს ე.წ. მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფაქტორები. მოდით, გრძელვადიან ფაქტორებს დავარქვათ ფუნდამენტური ფაქტორები. გრძელვადიანი ფაქტორებია, მაგალითად, ჩვენი პოზიცია საერთაშორისო ბაზარზე, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი რესურსებით – შეგვიძლია თუ არა საერთაშორისო ბაზარს შევთავაზოთ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი, ან განსხვავებული რამ, ვთქვათ, რაღაც ახალი ტექნოლოგია, ან ახალი ინოვაციური პროდუქტი?
ამ მხრივ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა და პირიქით, თანდათანობით უფრო მეტად მივდივართ იზოლაციის მიმართულებით.
მოკლევადიანი ფაქტორები კი ისაა, რაც გავლენას ახდენს რეგიონულ ეკონომიკაზე, მათ შორის, საგარეო ფაქტორები, რომლებიც შეიძლება იყოს პოზიტიური, შეიძლება იყოს ნეგატიურიც. მაგალითად, 2013-დან 2018 წლამდე საქართველოს ეკონომიკაზე ახდენდა გავლენას ნეგატიური ეკონომიკური ფაქტორები. თუ გახსოვთ „ქართული ოცნება” ლარის გაუფასურებას და ასე შემდეგ აბრალებდა საგარეო ფაქტორებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რეგიონულ დონეზე გაჩნდა პოზიტიური ფაქტორები, რამაც საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა დადებითი გავლენა. საქართველო, როგორც სავაჭრო-სატრანზიტო ქვეყანა იქცა ბევრად უფრო საინტერესო ქვეყნად, ვიდრე მანამდე.
მეორე ფაქტორი უკავშირდებოდა საქართველოში დიდი რაოდენობის არარეზიდენტი ადამიანების შემოსვლას: ათიათასობით ფულიანი ადამიანი შემოვიდა საქართველოში, რომლებმაც აქ დაიწყეს ბიზნესის წარმოება. სავარაუდოდ, აგენტურაც შემოდის, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანიც შემოვიდა, რომელთაც დაიწყეს აქ რეალური პროდუქტის შექმნა.
ასევე, მათ მოთხოვნა გაზარდეს უძრავი ქონების ბაზარზე, რამაც გამოიწვია უძრავი ქონების გაძვირება, ქირის გაძვირება, გაიზარდა მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე.
ამას დაემატა ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს გავლით. რეექსპორტის მაჩვენებლები ასტრონომიულად გაიზარდა. ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, ითარგმნა ეკონომიკურ ზრდაში, რამაც გამოიწვია 2022 წელს, 2023 წელს მაღალ ინფლაციასთან ერთად დიდი ეკონომიკური ზრდა.
უძრავი ქონების ბაზარზე იმ პერიოდში დასაქმება მოიმატა, ვთქვათ, ვინმე უმუშევარი თუ იყო, გარკვეული შემოსავალი მიიღო. ეს ზრდა ნაწილობრივ შეეტყო სამშენებლო ბაზარსაც: სამშენებლო პროდუქტების გაყიდვების ნაწილშიც მოიმატა ადამიანების შემოსავლებმა, თუმცა, რა თქმა უნდა, ლომის წილი შემოსავლებისა წავიდა ვთქვათ ცემენტის მწარმოებლებზე, ბიზნესის მესაკუთრეებზე, დეველოპერებზე…
· ანუ ძირითადად ისევ ბიზნესმენებმა იხეირეს?
სავარაუდოდ, კი. როგორც ამას სტატისტიკა გვეუბნება, საშუალო ხელფასი ამ სექტორებში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. იყო ზრდა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი ზრდა. ძირითადად, დეველოპერების შემოსავლები გაიზარდა. ვინც აქირავებდა უძრავ ქონებას, პრინციპში მათი შემოსავლებიც გაიზარდა – ისე არ არის, რომ არავის შემოსავალი არ გაზრდილა.
ეკონომიკური ზრდის ეს სიკეთე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ნამდვილად ნახა, მათ შორის, მაგალითად, ვინც ავტომობილების რეექსპორტს ახორციელებს, თუმცა ამ სექტორში ბევრი უცხოური კომპანია დარეგისტრირდა, დამატებითი კონკურენცია გაუჩნდათ ქართველ მეწარმეებს და შემოსავლების ნაწილს შესაბამისად ისინი იყოფენ.
ჯამში ეს სიკეთე საზოგადოების დიდ ნაწილთან არ მივიდა – ბევრი ადამიანის ნომინალური შემოსავალი არ გაზრდილა. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალური შემოსავალი, ფაქტობრივად, შემცირდა – ინფლაციაც საგრძნობი იყო 2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით.
· ინფლაციის მაჩვენებელი ისევ მაღალია, თუმცა უკვე კლებადი, ასევე „ოცნების“ მთავრობა ინარჩუნებს ვალუტის კურსის სტაბილურობას. ეს რის ხარჯზე მიიღწევა?
ვალუტის კურსი სტაბილურია იმიტომ, რომ ჯერჯერობით კაპიტალის გადინების პროცესი არ შეიმჩნევა. პირიქით, 2022 წლიდან არარეზიდენტმა პირებმა დიდი ოდენობის უცხოური ვალუტა შემოიტანეს საქართველოში. მთავრობამაც ხომ თქვა, რომ ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში, მაგალითად, 600 მილიონი დოლარის კონვერტაცია განხორციელდა?
ეს მასშტაბური მოვლენაა საქართველოს ეკონომიკისთვის. ეჭვი, რა თქმა უნდა, არის, რომ ჩვეულებრივად ხდებოდა ფულის გათეთრება და უცხოური ვალუტა დიდი რაოდენობით შემოდიოდა საქართველოში. ამან, ცხადია, კურსის სტაბილურობაზე მოახდინა გავლენა.
· თუ გათეთრდა ფული, ეს აისახებოდა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე?
ვალუტის გათეთრება ნიშნავს იმას, რომ ნაწილი ეკონომიკაში აისახება. იგივე იმ 600 მილიონი დოლარიდან თუ რაღაცა დარჩა საქართველოში [მაგალითად, უძრავი ქონება შეისყიდეს], კაპიტალის ცვლილება გიჩვენებთ, რომ ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო არის. თუ ეს ფული დარჩა საქართველოში და ამ ფულით აქტივები შეისყიდეს – ანუ გათეთრდა, მაშინ ის ეკონომიკურ ზრდაზე, ცხადია, მოახდენდა გავლენას.
დღეს უკვე შენელებულია საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი და ეს საბიუჯეტო შემოსავლების მონაცემებზეც აისახა. ბიუჯეტს შესრულება უჭირს და მომავალი წლის ბიუჯეტიც პესიმისტურად არის დაგეგმილი. ამბობენ, რომ 5%-ით გაიზრდება, მაგალითად, შემოსავლები ნომინალში. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მათ მიერ გაცხადებული პროგნოზი – რეალური ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ შეგვიძლია დავაყენოთ. ანუ პესიმისტურად უყურებენ მომავალს.
ყველაფერი დროებითი ფაქტორები იყო და ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ უფრო მეტად ვშორდებით დასავლეთს. დღეს საქართველოს ექსპორტის უდიდესი ნაწილი ისევ ევროპის ქვეყნებზე მოდის.
მოკლევადიან ფაქტორებს თუ გამოვრიცხავთ და შევხედავთ ჩვენს მომავალს გრძელვადიან პერიოდში, ვხედავთ რუსეთთან დამოკიდებულების ზრდას, ევროპასთან გაუცხოებას, ევროპულ ტექნოლოგიებზე წვდომის გაუცხოებას, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. ამ პერსპექტივიდან ნიშნავს, რომ ჩვენი გრძელვადიანი ფაქტორები, რაც პასუხისმგებელია ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე – თანდათანობით ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმებას და გაუარესებას გამოიწვევს.
მაგალითად, აი, ხელშეკრულება გვითავდება ბუნებრივ აირზე. „ბრითიშ პეტროლიუმთან“ გვაქვს სალაპარაკო და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, არ ვიცით, როგორ განვითარდება პროცესი? ალტერნატივა არის „გაზპრომი“, რომელიც დიდი სიამოვნებით მოგაწვდით გაზს. თუ ენერგომატარებლები გაძვირდა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა – ეს ეკონომიკას ნამდვილად არ წაადგება.
ამდენად, ვერ ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია შეინარჩუნოს კარგი ეკონომიკა გრძელვადიან პერიოდში, მით უმეტეს, იმ ფონზე, რასაც აკეთებს – იზოლაცია ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ჩვენს ეკონომიკას. დროებითი ფაქტორები ყოველთვის წარმავალია და ჩვენ ვდგებით იმასთან პირისპირ, თუ რის თავი გვაქვს, რა არის ჩვენი პოტენციალი.
ჩვენ უნდა ვიყოთ კვლავ ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანა: გავყიდოთ ფერადი ლითონები, ღვინო და ხილი საზღვარგარეთ, თუ შეგვიძლია, მაგალითად, განათლების ექსპორტი განვახორციელოთ ან მაღალ ტექნოლოგიებში შევიჭრათ და რაღაც ახალი პროდუქტი მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რამაც უნდა გაზარდოს ჩვენი ცხოვრების დონე?
batumelebi.netgazeti.ge




