ირანი „არ დაუშვებს“ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას თავის საზღვართან, როგორც ეს გათვალისწინებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით. ამის შესახებ შაბათს განაცხადა სააგენტო „ტასნიმთან“ ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აკბარ ველაიათიმ.
დერეფანი, რომელსაც ეწოდება „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, თეთრ სახლში ხელმოწერილი შეთანხმების ძირითადი ელემენტია. ის აზერბაიჯანს თავის ნახიჩევანის ანკლავთან დააკავშირებს. მიღწეული შეთანხმებების თანახმად, აშშ იღებს ამ სატრანსპორტო არტერიის განვითარების უფლებას.
ველაიათის თქმით, პროექტის განხორციელება „შეუძლებელია და არ შედგება“ და ეს ტერიტორია „ტრამპის დაქირავებული მეომრების სასაფლაოდ გადაიქცევა“. მისი თქმით, ასეთი დერეფანი საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას. „ირანი ამტკიცებს, რომ ის იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების შესაბამისად, რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთიც სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ დერეფანს“, თქვა ველაიათიმ.
თეირანი მრავალი წელია ეწინააღმდეგება ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შექმნას, რადგან შიშობს, რომ ეს ირანს მოსწყვეტს სომხეთსა და კავკასიის დანარჩენ ნაწილს და ასევე მის საზღვრებზე უცხოური სამხედრო ყოფნის გაჩენას გამოიწვევს. „ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ ჩვენი ინტერესები მაქსიმალური ძალისმიერი მეთოდებით“, თქვა ველაიათიმ და გაიხსენა ჩატარებული სამხედრო წვრთნების სერია.
ტრამპმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტსა“ და მშვიდობის დამყარებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მან ვაშინგტონში შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ „სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერების ვაშინგტონში ამერიკული მხარის შუამავლობით შეხვედრა დადებით შეფასებას იმსახურებს“. „სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ვარიანტია რეგიონის ქვეყნების მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებების პოვნა და შემდგომი განხორციელება მათი უშუალო მეზობლების – რუსეთის, ირანის, თურქეთის – მხარდაჭერით“, ასევე აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დასრულებას“, თუმცა გამოთქვა „შეშფოთება ნებისმიერი უცხოური ჩარევის ნეგატიური შედეგების გამო, განსაკუთრებით საერთო საზღვრებთან“. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯები „შეარყევს უსაფრთხოებას და მდგრად სტაბილურობას“.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზის ხაზის, ნავთობისა და გაზის მილსადენების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო სისტემების შექმნას სომხეთის ტერიტორიის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს ყოფს. ბაქოსა და ერევნის მიერ ამ სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმების შეუძლებლობა ერთადერთი სერიოზული დაბრკოლება იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გზაზე.
radiotavisupleba.ge
