რატომ ეუბნება სახელმწიფო ციხის ექიმებს მედიკამენტებზე უარს? – სკანდალური ინტერვიუ და ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში საუბარია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობასა და არაფორმალური მმართველობაზე, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფის და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემოზე.
პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკურ გარემოზე ბევრი წერილი გამოქვეყნებულა ალიაში, ისევე, როგორც სამედიცინო სერვისის პრობლემაზე. არაერთი პატიმარი თუ ადვოკატი გვესაუბრება მედიკამენტების არქონაზე, ან მათ უსარგებლობაზე.
2020 წელს, “ალიაში” დაიბეჭდა ციხის ყოფილი ექიმების ინტერვიუები – რა მდგომარეობაა სინამდვილეში გლდანის ციხეში?
„ალიას“ პენიტენციურ სისტემაში არსებულ სკანდალურ ფაქტებს უყვება არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ დამფუძნებელი, თამარ იოვაშვილი:
–ეს ადამიანები, პატიმრები სასჯელს იხდიან დანაშაულისთვის და აქვთ იმის უფლება, ადამიანურ პირობებში მოიხადონ სასჯელი.
მაგალითად, ერთ ასთმიან პატიმარს, ალერგია ჰქონდა საბანზე. თუ დაიხურავდა, ცუდად ხდებოდა, თუ არადა, იყინებოდა. ვცდილობდი, მისთვის როგორმე გამოგვეყო ანტიალერგიული საბანი და ბალიში. არც ოჯახს აძლევდნენ შემოტანის საშუალებას და ციხის ადმინისტრაციაც ამბობდა, რომ არ სჭირდებოდა პატიმარს ეს ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ღიად აფიქსირებდა, რომ პატიმრის მდგომარეობა რთულდებოდა საბნის გამო. ძალიან დიდი კამათი მოგვივიდა მაშინ და უამრავი დღე დამჭირდა, რომ ამ პატიმარს დავხმარებოდი. მერე რასაკვირველია, პატიმრები ბრაზობენ ჩვენზე, ბადრაგებზე, ექიმებზე, სოციალურ სამსახურზე – როგორ წარმოიდგენს პატიმარი, რომ შენ მიიტანე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უფროსამდე და ციხის უფროსი, უარს ამბობს ერთ ცალ ანტიალერგიულ საბანზე? ან როგორ წარმოიდგენს რომ მართლაც პრობლემაა მედიკამენტის? – ჰგონია, რომ შენ არ აწოდებ მედიკამენტს.
-მედიკამენტების პრობლემაც იყო?
-კი, ძალიან ხშირად. შეიძლებოდა ყოფილიყო ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ თითქმის არასოდეს იყოს სპეფიციკური მედიკამენტები, ონკოლოგიური პატიმრებისთვის, მაგალითად. გამოწერდა ექიმი წამალს, ითხოვდა – მოდიოდა უარი, რატომ? პენიტენციურ სისტემას ჯერ არ აქვს ეს მედიკამენტი შესყიდულიო, პასუხობდნენ. როგორც იქნებოდა შეისყიდდნენ და ხშირ შემთხვევაში მოდიოდა არა ის წამალი, რასაც ექიმი გამოწერდა, არამედ მისი შემცვლელი – მერე ეს სხვა მედიკამენტი, თუ პატიმრის მდგომარეობაზე არ მოქმედებდა კარგად – პატიმარი ბრაზდებოდა რასაკვირველია, ისევე, როგორც ბრაზდებოდა იმაზეც, რომ წამლის მიწოდებას ვუგვიანებდით. არც ოჯახს აძლევენ თან მედიკამენტის შემოტანის უფლებას – მე იქ ვმუშაობდი და იცოდნენ, რომ შაქრიანი დიაბეტი მქონდა და იმ წამლის შეტანის უფლება არ მქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა დამელია დღეში სამჯერ.
-უამრავი წერილი მოგვდიოდა რედაქციაში და სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეჩერდა, ისევე როგორც, ბოლო პერიოდში მედიასაც კი აღარ პასუხობს. გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ კავშირშია ეს ორი მოვლენა – და იმ წერილებში, პატიმრები წუხდნენ იმაზეც, რომ არ ვარგა ვენტილაციის სისტემა.
-კი, მაგასაც გიდასტურებთ, არათუ საკნებში, ჩვენს ოთახებში არ ვარგოდა ვენტილაციის სისტემა.
-კვებაზე გვწერდნენ კიდევ… ამბობდნენ, რომ შემცირდა…
-მხოლოდ იმ პაციენტებს კვებავენ შედარებით ნორმალურად, რომელზედაც ექიმი წერს, რომ ჯანმრთელობიდან გამომდინარე სჭირდება გაძლიერებული კვება – მხოლოდ ასეთ პაციენტებს აწვდიდნენ ზოგჯერ მაინც ხილსა და ხორცს, დანარჩენები უმეტესად კომბოსტოსა და ლობიოზე გადაჰყავთ.
პატიმრების უმეტესობას ოჯახები არჩენს, მინიმუმ კვირაში ასი ლარი მაინც უნდა ჩაურიცხოს ოჯახმა, რომ ციხეში პატიმარმა კვება შეძლოს ნორმალურად და არ დაგიავადმყოფდეს უჭმელობით. როგორია საქართველოს მაცხოვრებლითვის თვეში 400 ლარის გადახდა? ამას დამატებული, მისვლაც ხომ სჭირდებათ, გზის ფულის გადახდა, რომ მიხვალ, შენც ხომ რამე უნდა შეუგზავნო. კიდევ კარგი, ის ოჯახები, რომლებსაც მეტი საშუალება აქვთ, იმდენს აგზავნიან, რომ მათი პატიმრები ინახავენ გაჭირვებული ოჯახების პატიმრებს და არა სახელმწიფო – მეტწილად ასეა.
-საუბრობენ, რომ სამაგიეროდ, ციხეში ცემა აღარ ხდება…
-არა, ცემის ფაქტები არ მინახავს, მაგრამ ადამიანის დასამცირებლად და ადამიანისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად სხვა გზებიც არსებობს – მაგალითად, მდგომარეობა საერთო აბანოში, რომელსაც, პირდაპირი გაგებით სოკოები ჰქონდა მოდებული, მდგომარეობა შშმ პირებისთვის, რომლებისთვისაც, არანაირი პირობა არაა შექმნილი სააბაზანოში და იძულებულნი არიან, ყოველთვის სხვას სთხოვონ დახმარება. იყო ერთი პატიმარი, რომელსაც გაჩერებული ჰქონდა მარჯვენა ხელი… ერთი მოკრძალებული თხოვნა ჰქონდა, პური შეეგზავნათ დაჭრილ მდგომარეობაში, რადგან ვერც ტეხდა მხოლოდ მარცხენა ხელით და ვერც ჭრიდა – უარი უთხრეს – დღემდე უცნობია მოტივი, რის საფუძველზე არ შეიძლებოდა დაჭრილი პურის შეგზავნა… ასეთი წვრილმანებია უამრავი…
-რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ პენიტენციური სისტემიდან თანამშრომლები ისევ გაათავისუფლეს მასობრივად.
-კი, უამრავი ადამიანი გაუშვეს ახლა ამ პანდემიის დროს. მე-8 და მე-18 დაწესებულებებიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს, ექთნები, ექიმები, მათ შორის, ექიმი, რომელიც სიგელებითაა დაჯილდოებული კახიშვილის პერიოდში. გააუქმეს ქირურგიის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება – პალიტიური პატიმრები, პარალიზებული ადამიანები – სად უნდა გადაიყვანონ ახლა? ვინ მიხედავს? ეს ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაც კახიშვილის შექმნილია, მოვიდა წულუკიანი და ყველაფერი დაანგრია. ამ განყოფილებაში ეხმარებოდნენ პატიმრებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება და მაშინაც კი, თუ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, მათ მოვლას მინიმუმ 1 ადამიანი სჭირდება. სად უშვებენ ამ პატიმრებს? ინფექციურში დატოვეს ერთი ექიმი. ფსიქიატრიულში ამ მომენტისათვის არის 60 პაციენტი და დატოვეს მხოლოდ 2 ექიმი. თერაპიულ განყოფილებაში – 1 ექიმი. გაათავისუფლეს კარდიოლოგი, ისედაც ვერ აუდიოდა კარდიოლოგი პაციენტებს და ახლა საერთოდ გაუშვეს. ქირურგები გაათავისუფლეს. ისედაც მცირე იყო სამედიცინო პერსონალი და რთული იყო ამდენი პატიმრის მოვლა. სხვა დაწესებულებეში კი, სადაც არ არის ციხის საავადმყოფო, საერთოდ რა ხდება ვერ ავღწერ, ზოგჯერ 2 დღე ითმენს პატიმარი ტკივილს, სანამ ექიმი მივა.
არ ვიცი, როგორ აპირებენ პატიმრებს დროულად დაეხმარნონ და გადაარჩინონ, საერთოდ არ აპირებენ და სულ ერთია რამდენი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება?

სხვა გზა არ დაგვიტოვეს, გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ხდება სამედიცინო კუთხით ციხეებში და ამის დამალვას ცდილობენ – გამოუშვეს პროფესიონალი და გონიერი კადრები და დაიტოვებენ იმას, ვინც სიტყვასაც არ შეუბრუნებს არავის – შესაბამისად, ამბის გამომტანიც არავინ იქნება.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც სამსახურიდან გამომიშვეს, ემიგრაციაში ვარ, აქ დამიდგინდა ლატენტური ტუბერკულოზი – ვადაც დაადგინეს და ამ ვადების მიხედვით, ჩემი ინფიცირება მოხდა ციხეში მუშაობისას. საგულისხმო ისაა, რომ მე მართლაც მიწევდა ტუბერკულოზიან პატიმრებთან ურთიერთობა, ადმინისტრაციის მოთხოვნით. მართალია, მე მათ ვთხოვე, რომ დიაბეტის გამო, ვარ რისკ-ჯგუფში და იქნებ, არ გადავეყვანე ტუბერკულოზის განყოფილებაში, მაგრამ, არ გაითვალისწინეს.
აქ მეუბნებიან ახლა, რომ როცა ასეთი სპეფიციკური სამსახური გაქვს, პრევენციის ვაქცინაა აუცილებელი, რომელიც ნამდვილად არ ჩამტარებია. მინდა გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში, ტუბერკულოზით დაავადდა ციხის ერთი-ერთი ყოფილი მთავარი ექიმიც და რამდენიმე ექიმიც.
ცხადია, ხომ, რომ პენიტენციური სისტემა არ ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და მათ ოჯახებზეც კი, არათუ პატიმრებზე.
ეს პრობლება დიდი ხანია იდგა და დგას, მაგრამ, ის რაც ახლა მოხდა, პანდემიისას, ვიცე-პრემიერმა არ გაითვალისწინა პრემიერის თხოვნა და თანამშრომლები დატოვა ერთადერთი შემოსავლის გარეშე – ყოველგვარ საზღვრებს სცდება. ეს ან გამიზნული საბოტაჟია სახელმწიფოს წინააღმდეგ, ან, სამედიცინო კუთხით, რაღაც არის ციხეში ისეთი, რაც პროფესიონალი ექიმების თვალმა არ უნდა ნახოს!