რატომ დაიწერა „შემრისხველი“ სტატიები ნიკო მარის შესახებ

ზუსტად არავინ იცის, რამდენი ენა იცოდა ან რომელ ენაზე უკეთ მეტყველებდა… მისი დიდი მეგობრის, ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ნიკოს ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს შეუთვისებია კლასიკური და თითქმის ყველა ძირითადი ევროპული ენა… შემდეგ კი სათვალავი აერიათ… ხშირად კითხულობდნენ – ოცი ენა იცის ნიკო მარმა, ოცდახუთი, ოცდაათი თუ მეტიო… ცნობილი ფიზიკოსი, აკადემიკოსი აბრამ იოფე იგონებს: „პრაქტიკული საჭიროებისთვის ნიკო მარმა ერთ დღეში ისწავლა მისთვის მანამდე უცნობი ენა და საღამოს, აბსოლუტური სრულყოფით ესაუბრებოდა მათსავე ენაზე მასთან მოსულ სტუმრებს, რომლებიც გაოცებით შეჰყურებდნენ მეცნიერს, ასე კარგად რომ ფლობდა მათ იშვიათ ენას, – არ კი იცოდნენ, რომ ყველაფერი ეს ერთი დღის ძალისხმევის შედეგი იყო.“
ნიკო მარს ბევრი მომხრეც ჰყავდა და ბევრი მოწინააღმდეგეც. მასზე ბევრი კარგიც დაწერილა და ბევრი – ცუდიც. საქმე შემდეგში გახლდათ. წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ქართული ენათესავება სემიტურ ენებს, ქართველურ ენებს იაფეტური ენები უწოდა და ის დამოუკიდებელ ენათა ოჯახად მიიჩნია, შემდგომში იაფეტურს მიაკუთვნა აფხაზურ-ადიღეური, ჩეჩნური, დაღესტნური, მოგვიანებით – ბასკური, პელაზგური, ეტრუსკული. იაფეტური ეთნიკური ელემენტი უფრო ძველად ცნო, ვიდრე სემიტური და ინდოევროპული. ბოლოს კი იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად, ხოლო ენათა ოჯახის ცნება უარყო.
1923 წლიდან ნიკო მარმა გაწყვიტა კავშირი ენათმეცნიერებასთან, რომელიც ბურჟუაზიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ მეცნიერებად გამოაცხადა და შექმნა „ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება“, რომელსაც, როგორც მარქსისტულ თეორიას, ძალით ახვევდა თავს ენათმეცნიერებას. მოგვიანებით, 1950 წელს, საენათმეცნიერო დისკუსიამ უარყო ამ თეორიის ძირითადი დებულებები, როგორც მეცნიერულად გაუმართლებელი… სწორედ აქ ატყდა დიდი ვნებათა ღელვა, დაიწერა „შემრისხველი“ სტატიები…
ყველაზე კარგად მას ექვთიმე თაყაიშვილი იცნობდა: „მარი ნამდვილი გენიოსი იყო, მაგრამ ამ იაფეტიოლოგიურმა თეორიამ შეჭამა იგი, პირდაპირ შეჭამა! როცა მან გააკეთა მოხსენება, მას გარემოერტყენ ინდოევროპეისტები და ჰკითხეს: თუ ღმერთი გწამთ, აგვიხსენით სად იწყება და სად მთავრდება ეს იაფეტოლოგიური ენებიო? მარმა უპასუხა ძალიან გონებამახვილურად: თქვენ კი მითხარით, სად იწყება წრე? ადონცმა ძალიან კარგად იხუმრა:- სად მიდიხარ ახლა ნიკალაიო, ჰკითხა. – აფრიკაში მივდივარ, გოტენტოტების ენა უნდა ვისწავლოო! – ნუ, სეიჩას ტამ ბუდეტ პუპოკ მირაო – უთხრა ადონცმა… მარი მოვიდა ჩემთან, სტუდენტი რომ იყო და ვითომ რომ მიაკვლია ქართული ენის სემიტურ ენებთან ნათესაობას, და მითხრა: მივედი როზენთან და წავუკითხეო: – შტო ვი, ეტო ერუნდა, მითხრაო; ეს რომ ეგრე ადვილი იყოს, თქვენ ჩამოსვლას კი არ დაუცდიდნენ, მაგას დამტკიცება უნდაო!.. მერე მარი თანდათან ჩამოშორდა და მთლად მიატოვა ეს სემიტური ამბები…“
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

ასევე დაგაინტერესებთ