ათწლეულების მანძილზე სამომხმარებლო პროდუქტების მარკეტერები შეფუთვებში მკვეთრ ფერებს, დიდ ტექსტებს, დატვირთულ ვიზუალსა და ილუსტრაციებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ასე კი იმიტომ იქცეოდნენ, რომ გადავსებულ თაროებზე მათი პროდუქტი გამორჩეული ყოფილიყო. თუმცა 1960-იანი წლებიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, შეფუთვიდან ყველა არასაჭირო ელემენტი გაქრა და მინიმალისტური ხელოვნების ნიმუშად მოგვევლინა.
და რა იმალება ამ ელეგანტური ცვლილების მიღმა? ამ საკითხზე კვლევა მარკეტინგის პროფესორებმა ლან ანჰ ნუ ტონმა, როსანა სმიტმა და ჯულიო სევილამ ჩაატარეს. გაიგეს, რეალურად ურჩევნიათ თუ არა მყიდველებს ეს შეფუთვა და თუ ასეა, რატომ.
როცა ნაკლები უკეთესია
უპირველესად გაარკვიეს, რამდენად ჰქონდათ სურვილი მყიდველებს, უფრო მეტი ფული გადაეხადათ მინიმალისტურ შეფუთვებში, იქნებოდა ეს შამპუნი, დეოდორანტი თუ მარცვლეული — აღმოჩნდა, რომ ზოგადად, მინიმალისტური შეფუთვის მქონე პროდუქტებს უფრო მაღალი ფასები აქვს, რაც, მკვლევრების თქმით, უკვე იმაზე მიუთითებს, რომ მყიდველები ამ შეფუთვაში უფრო მეტსაც იხდიან.
შემდგომ კი ექსპერიმენტში სტუდენტები ჩართეს, ჰკითხეს, რამდენის გადახდას ისურვებდნენ განსხვავებული შეფუთვის მქონე პროდუქტებში. როგორც აღმოჩნდა, მარტივი შეფუთვის მქონე პროდუქტები მათ ერთ სიგნალს უგზავნიდა: პაკეტის სიმარტივე მონაწილეებს აფიქრებინებდა, რომ იგი ნაკლებად შეიცავდა დამატებით კონსერვანტებს, ხელოვნურ ფერებსა თუ არომატებს. შესაბამისად, სუფთა პროდუქტებისთვის მეტი თანხის გადახდაზეც თანახმა იყვნენ, მიუხედავად იმისა, მარტივი შეფუთვის მქონე პროდუქტი რეალურად შეიცავდა თუ არა ნაკლებ ინგრედიენტს.
როცა ნაკლები ნაკლებია
ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სულ არ გამორიცხავს ფაქტს, რომ მინიმალისტური შეფუთვა ყოველთვის ეფექტური არ იქნება… ისეთი „ბრენდებისთვის“, რომლებსაც არც სახელი აქვს, არც ლოგო და, როგორც წესი, დაბალ ფასად იყიდება, ეს არ მუშაობს. აქ უკვე სიმარტივე იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელი ნაკლებ ინვესტიციას დებს პროდუქტის ხარისხში და არა იმას, რომ ნაკლები ქიმიური დანამატები აქვს…
როგორც აღმოჩნდა, მყიდველების სურვილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ჯანსაღი პროდუქტები სურთ, უფრო მეტს იხდიან მარტივი შეფუთვის მქონე პროდუქტებში. ხოლო, როცა არაჯანსაღ საკვებს მოისურვებენ, არც გადატვირთულ შეფუთვაზე აქვთ პრობლემა, რაც ბევრ ინგრედიენტსა და დაბალ ხარისხზე მიუთითებს.
გამოდის, როცა საქმე მინიმალისტურ შეფუთვას ეხება, ზოგჯერ ნაკლები უკეთესია, ზოგჯერ კი, პირიქით…