რატომ გაძვირდა თხევადი გაზი საქართველოში?

LPG საწვავზე ფასის ზრდას „თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელი დეფიციტით ხსნის. ნიკა ხოფერია „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ რუსეთში ქარხნების გაჩერებამ თხევადი გაზის დეფიციტი შექმნა, რის გამოც რესურსზე ფასმა სამჯერ აიწია.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქართველოში LPG საწვავი მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლიდან შემოდის. ნიკა ხოფერია განმარტავს, რომ ზაფხულის პერიოდში თხევად გაზზე ფასი ყოველთვის იმატებს, რაც ტურისტული სეზონითა და საწვავზე მოთხოვნის მატებით აიხსნება. მისი თქმით, მოთხოვნა რუსეთში ამ დროისთვის 30%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, რუსეთში ძირითადი მომპოვებელი ქარხნები დაიხურა, ნაწილში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ნაწილი კი ომის გამო დაზიანდა და მათზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოპოვების პროცესი გაჩერებულია.
„თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელი საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის ბრალდებასაც გამოეხმაურა. ნიკა შენგელია ფასის მატებას ახალი „კარტელის“ ჩამოყალიბების მცდელობას უკავშირებს. გარიგებას გამორიცხავს ნიკა ხოფერია და აცხადებს, რომ ლარსზე 2-3 დღის შეფერხება ფასის გაზრდას ვერ გამოიწვევდა, რადგან ქვეყანაში თხევადი გაზის შემოტანის დაგვიანება და შეფერხება გამშვებ პუნქტზე ხშირად ფიქსირდება.
ნიკა ხოფერია განმარტავს, რომ „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის“ მიერ მოყვანილი ციფრები არასწორია, რადგან თხევადი გაზი დღეს გაცილებით ძვირია, იმპორტიორებს რესურსის შეძენა რუსეთში გაზრდილი ფასით უწევთ, რაც საბოლოოდ საქართველოში თხევადი გაზის ფასის ზრდას იწვევს. 1 ტონა საწვავის შეძენა იმპორტიორებს რუსეთში 50 ათასი რუბლი უჯდებათ, რაც დაახლოებით 553 დოლარს შეადგენს.
მისი თქმით, საქართველოში თხევად გაზზე ფასის ზრდა 2 თვის წინ დაიწყო, როდესაც ფასი 90 თეთრს შეადგენდა. ახლა მომხმარებელ დაახლოებით 1,80 ლარის გადახდა უწევს.
„თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელი რესურსზე ფასის კლება 20 სექტემბრიდან პროგნოზირებს.
საავტომობილო გაზზე ფასის ზრდას ახალი „კარტელის“ ჩამოყალიბებას უკავშირებს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი. ნიკა შენგელიას მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოჰყავს. ეკონომისტი ფასის მატების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორის არის ნატახტრისა და ლარსის ტირ-პარკებში გაზმზიდების დაყოვნება, რის გამოც ქვეყანაში საავტომობილო გაზის შემოტანა 2-3 დღით დაგვიანდა. ნიკა შენგელია აცხადებს, რომ გაზგასამართ სადგურზე დოზადორები გაუმართავია, რის შედეგადაც გაზგასამართი სადგურები ყოველ 10 ლიტრ ავზში გაშვებულ საწვავზე 2 ლიტრამდე საწვავს იტოვებენ. შენგელია აცხადებს, რომ თხევადი გაზის ბაზარზე არსებული სიტუაცია თავსებადი არააკონკურნტულ გარემოსთან და საკითხით კონკურენციის სააგენტო უნდა დაინტერესდეს, ვინაიდან სახეზეა ახალი „კარტელის“ ჩამოყალიბების ნიშნები.