ბალდის კანიონის მცველები ამბობენ რომ მათ არ შეხვდათ არც სამინისტრო, არც დაცული ტერიტორიების სააგენტო, არც მარტვილის მერია, ამჯერად ისინი სამეგრელ-ზემო სვანეთის რწმუნებულთან შეხვედრას ითხოვენ. გუბერნატორიც არ ჩანს ჯერჯერობით.
მათი მოთხოვნა უცვლელია, “გაუქმდეს მალულად გაცემული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც ასევე არის კორუფცია და დაუბრუნდეს ხალხს ბალდის კანიონი.”
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია, რომელიც ხშირად აშუქებს ბალდის კანიონის მცველებს, ავრცელებს მათ ისტორიებს, ფოტოებს, წერს:
კედლად კლდეა, ხშირად წვიმს, თავზე ტენტი კი გადაიფარეს, მაგრამ ღუმელი მაინც ვერ ერევა ზამთრის სიცივესა და სუსხს. წუხელ ყინავდა და მაინც 3 ქალი ათენებდა მე-15 ღამეს ბალდისთვის – მასწავლებელი, ექიმი და ახალგაზრდა გოგო, რომელმაც შვებულება აიღო მისი ოდაბადეს დასაცავად, გადასარჩენად.
სამაგიეროდ, ყველა სირთულეს ერევა ქართველი ქალების რწმენა, რომ ითხოვენ და იცავენ სიმართლეს. ყველა დაბრკოლებას ლახავს საკუთარი მიწა-წყლის უანგარო სიყვარული და ამის მომრევი ძალა არ არსებობს. 40 წლით წართმეულ მდინარეს ეს ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს, რამდენი ღამისთევა, როგორი ტანჯვა-წამება და რისი ატანაც არ უნდა დასჭირდეთ.




