ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, რომელიც ამჟამად, თურქეთის შემადგენლობაშია, ჭოროხის წყალმა მთლიანად დაფარა კავკასიძეების ულამაზესი ციხე და ეკლესია, შუა საუკუნეების, გამორჩეული ქართული არქიტექტურული ძეგლი.
ის, რომ ართვინის პრივინციაში, იუსუფელის კაშხლის მშენებლობა და წყალსაცავისთვის ჭოროხის და პარხალის წყლის დაგუბება, ტაოში ქართული კულტურის უნიკალურ ძეგლებს საფრთხეს შეუქმნიდა, 2013 წლიდან იყო ცნობილი, როცა თურქეთმა მორიგი გიგანტური ჰესის მშენებლობა დაიწყო.
ფრესკებზე, ჩემი აზრით, მოლაპარაკება შეიძლებოდა და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს რომ არ გააკეთა, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო სანდრო ბაკურაძე, თურქოლოგი
ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლებაში არავის გამოუხატავს ინტერესი, რომ თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ეცადა, რომ ჩასაძირად განწირული ციხე-ეკლესიებიდან, მინიმუმ, მხატვრობის მოხსნა და გადარჩენა მაინც მომხდარიყო.
„ვფიქრობ, მოლაპარაკება იმაზე, რომ ფრესკების და ძველი ქართული წარწერების მოხსნის და გადმოტანის უფლება მოეცათ, შესაძლებელი იყო, ამაზე უარს თურქები არ გვეტყოდნენ“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თურქოლოგმა სანდრო ბაკურაძემ.
მისი თქმით, „სხვა თემაა, რომ ზოგადად, თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი ისეთია, რომ სადაც, იგივე ჰასან ქეიფი დატბორეს, მრავალ ათასწლოვანი წარსულის მიუხედავად, არც ისტორიული, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დატბორვასთან დაკავშირებით, შეცვლიდა მათ აზრს რაიმე სახის მოლაპარაკება. თუმცა, ფრესკებზე, მოლაპარაკება შეიძლებოდა და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს რომ არ გააკეთა, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო“ – მიაჩნია ბაკურაძეს.
მძლავრი საერთაშორისო და საშინაო კრიტიკის შემდეგ, თურქეთში, სამხრეთ ანატოლიაში, მდინარე ტიგროსზე, 2006-2018 წლებში, ილისუს კაშხლის მშენებლობის დროს, თურქეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, დატბორვისთვის განწირულ უძველეს ქალაქ ჰასან ქეიფში უნიკალური ძეგლებისთვის ადგილი შეეცვალა.
2018 წელს, თურქეთის მთავრობას 37 მილიონი ლირა დაუჯდა 1600 ტონიანი, 800 წლის არტუკლუს აბანოს გადაადგილება. ასევე უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს, აუბიდების დინასტიის მმართველობის დროს, მე-13 საუკუნეში, აშენებული კოჩის მეჩეთი და სხვა სიძველეები, თუმცა ტიგროსის დაგუბებამ ჰასან ქეიფში უამრავი უნიკალური ძეგლი და არტეფაქტი მაინც გაანადგურა.
„ხუთპწკრიანი ასომთავრული წარწერაა. უკანასკნელი პწკრის ერთი სიტყვაღა დარჩენილა. წარწერა ხელითაა გადმოღებული. იგი ასე იკითხება: `სახელითა ღმრთისაჲთა მამისა, ძისა და სულისა წმიდისაჲათ, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა მე, მურვან კავკასიძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მე(ო)რედ განსრულებით, სალოცველად სულისა…“ ექვთიმე თაყაიშვილი, 1917 წელს, კავკასიძეების ციხეზე აღმოჩენილ წარწერაზე
ტაოში, იუსუფელის კაშხლის წყალსაცავის დაგუბების გამო, საქართველოს მხრიდან სრული სიჩუმის ფონზე, ჭალის და ახალთას ბაზილიკური ეკლესიები 2023 წლის აპრილში აღმოჩნდა წყლის ქვეშ. კავკასიძეების ციხე კი მთლიანად აგვისტოში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩაიძირა.
ამის მიზეზი ის იყო, რომ მეათე საუკუნის ციხე-კომპლექსი, ჭოროხის მარცხენა ნაპირზე იმდენად მიუდგომელ კლდეზე იყო აშენებული, რომ მასზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე ჭირდა.
1874 წელს, ამ მიზეზით ვერ ავიდა კავკასიძეების ციხეზე ცნობილი მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე. იგივე განმეორდა, 1917 წელსაც, სამხრეთ საქართველოში რიგით მესამე არქეოლოგიური ექსპედიციის დროს, ექსპედიციის ხელმძღვანელმა ექვთიმე თაყაიშვილმა და მხატვარმა დიმიტრი შევარდნაძემ ციხეზე ასვლა ვერ შეძლეს.
ამ ექსპედიციაში, ასევე შედიოდნენ მხატვრები ილია ზდანევიჩი და ლადო გუდიაშვილი, კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, გზამკვლევი ალექსანდრე ციციშვილი და ინჟინერი ანატოლო კალგინი. ექვთივე თაყაიშვილის ცნობით, ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა ციხეზე ასვლა მაინც მოახერხა და იქედან ეკლესიის წარწერების ასლი ჩამოიტანა.
„ხუთპწკრიანი ასომთავრული წარწერაა. უკანასკნელი პწკრის ერთი სიტყვაღა დარჩენილა. წარწერა ხელითაა გადმოღებული. იგი ასე იკითხება:
`სახელითა ღმრთისაჲთა მამისა, ძისა და სულისა წმიდისაჲათ, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა მე, მურვან კავკასიძემან, აღვაშენე ეკლესიაი ესე მე(ო)რედ განსრულებით, სალოცველად სულისა…“ – წერს ექვთიმე თაყაიშვილი.
დიდი ექვთიმე ვარაუდობს, რომ მურვან კავკასიძე კავკასიძეების ციხის მეორედ აღმშენებელი უნდა იყოს, „არა უადრეს მე-15 საუკუნისა“ ცხოვრობდა და ზუბა კავკასიძესთან და მის მეუღლე თინათინთან ერთად მოხსენიებულია ურბნისის სახარების მინაწერში.
ზოგადად, კავკასიძეების შესახებ მწირი ისტორიული ცნობებია. გადმოცემის მიხედვით, ისინი, ტაოში მცხოვრებ ფეოდალურ სახლს ეკუთნოდნენ, პარხლის და სავარაუდოდ, ოთხთა ეკლესიის მფლობელები უნდა ყოფილიყვნენ. ვინაიდან, ციხის ქვევით იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადიოდა – იერუსალიმის „გზის მცველებად“ მოიხსენიებდნენ.
ვინმე პეტრიკ კავკასიძე გურიაში, შემოქმედის ეკლესიის მე-11 საუკუნის წარწერაში, საქართველოს მეფე, ბაგრატ IV-ის პირველ მეუღლე ელენესთან ერთად არის მოხსენიებული. 1535 წელს, როცა იმერეთის მეფემ, ბაგრატ III-მ, სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი დაიბრუნა და ოსმალოების მიერ, წინა საუკუნეში გაუქმებული ერისთავის ინსტიტუტი აღადგინა, ტაოს მმართველად კავკასიძეების გვარის წარმომადგენელი, გიორგი დანიშნა.
კავკასიძეების ეკუთნოდათ და სწორედ ჭოროხთან, ამჟამად წყალში ჩაძირული ციხის ეკლესიაში ინახებოდა მეათე საუკუნეში გადაწერილი, ნუსხურით შესრულებული პარხლის ოთხთავი, რომელიც ოსმალებმა გაანადგურეს. ასევე, იმავე პერიოდის ხელნაწერი – კლარჯული მრავალთავი. ამ მრავალთავში მოგვიანებით დამატებულია მე-16 საუკუნეში მოღვაწე, შუენიერ კავკასიძის მავედრებელი. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ციხეს, რომელსაც ახლა კავკასიძეების სახელით ვიცნობთ, შესაძლოა სხვა სახელი ჰქონოდა.
