„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის ხილსა და ბოსტნეულზე გაზრდილი ფასის მიზეზი სეზონურობასთან ერთად კლიმატური პირობებია. როგორც ბეჟიტაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, თურქეთში არსებული ყინვის გამო, მოსავლის რაოდენობა შემცირდა, რამაც იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვია.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, მისივე განმარტებით, არასახარბიელო ამინდის გამო მოსავლის დიდი ნაწილი დაზიანდა აღმოსავლეთ საქართველოშიც.
„ჩვენს ხილსა და ბოსტნეულის მოხმარებაში, იმპორტს დიდი წილი უკავია. ეს გამოწვეულია წლების განმავლობაში არსებული არასწორი სახელმწიფო პოლიტიკით, რამაც დარგში ინვესტიციების სიმცირე გამოიწვია. ქვეყანა 70-80%-ით იმპორტდამოკიდებულია. მაჩვენებელი სეზონების მიხედვით იცვლება, თუმცა იმის გამო, რომ შესაბამისი შესანახი სამაცივრე ინფრასტრუქტურა არ გაქვს, ადგილზე წარმოებული პროდუქცია მალე ფუჭდება.
დღეს არსებული მაღალი ფასების მიზეზი სეზონურობასთან ერთად ინფლაციური პროცესებია, ასევე ის რომ კლიმატური პირობების გამო მეზობელ თურქეთში მოსავლის ნაკლებობაა. იცით, რომ თურქეთია მთავარი ბაზარი, ჩვენთვის ყველაზე იაფი და ახლო ბაზარია, ამიტომ აგროპროდუქტის დიდი წილი ამ ქვეყნიდან შემოდის. კლიმატური პირობები არ იყო სახარბიელო არც ჩვენთან, საგაზაფხულო ყინვები იყო შიდა ქართლში და კახეთში. ჯერ იმის თქმა, რომ მოსავალი სრულად განადგურდა არ შეგვიძლია, თუმცა საკმაოდ დიდი ზარალია. ვიმედოვნებთ, რომ ფერმერები სათანადო ზომებს მიიღებენ, რომ რაოდენობა და ხარისხი კარგი გვქონდეს. თუ ასე მოხდა ფასები დაიწევს და ისედაც ღია გრუნტის მოსავალი რომ შემოვა, ალბათ 1 თვეში ფასების ეს პოლიტიკა შემცირების მხრივ შეიცვლება“, – განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
bm.ge
