აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა გავლენიანმა წევრმა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
როგორც გამოცემა The New York Times აღნიშნავს, ჰარისისთვის მხარდაჭერა ამ დრომდე არ გამოუცხადებია დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფიგურას, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელმაც ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ პლატფორმა Medium-ზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ბაიდენის ნაბიჯი შეაქო, თუმცა, კამალა ჰარისი საერთოდ არ უხსენებია.
“მომდევნო დღეებში ჩვენ ვიმოგზაურებთ უცნობ წყლებში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები შეძლებენ, შექმნან პროცესი, საიდანაც გამოვა ღირსეული კანდიდატი”. – წერს ობამა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ობამა მსგავსად მოიქცა ოთხი წლის წინაც, როდესაც ბაიდენის კანდიდატურას მხარი მხოლოდ მას შემდეგ დაუჭირა, რაც დემოკრატიული პარტიის პრაიმერსს სენატორი ბერნი სანდერსი გამოეთიშა.
The New York Times ობამასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ობამა ამ პროცესში საკუთარ როლს კანდიდატის არჩევის შემდეგ, ამ კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებაში ხედავს.