რატომ არ დაესწრო დსთ-ის სამიტს – minval.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის არმონაწილეობა დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა არაფორმალურ სამიტში მხოლოდ სამუშაო გრაფიკით განპირობებული პროტოკოლური გადაწყვეტილება არ არის – წერს აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედია minval.az. გამოცემის შეფასებით. გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი უკავშირდება უფრო ღრმა პოლიტიკურ პროცესებს და ს მხრიდან AZAL-ის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე პასუხისმგებლობის არღებას.
“აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის არყოფნა დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა არაფორმალურ სამიტზე, ერთი შეხედვით, შეიძლება აღქმულ იქნას როგორც სამუშაო გრაფიკით განპირობებული გადაწყვეტილება”, თუმცა, როგორც minval.az წერს, “რეალურად საქმე ბევრად უფრო ღრმა პროცესს ეხება, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების, ნდობისა და პასუხისმგებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს უკავშირდება”.
გამოცემის შეფასებით, პოლიტიკა იშვიათად პატიობს დაუმთავრებელ კრიზისებს – AZAL-ის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ ტრაგედია არ ყოფილა და იგი იქცა ინსტიტუციურ გამოწვევად, სახელმწიფოთა უნარის ტესტად, იმოქმედონ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად: აღიარონ პასუხისმგებლობა, მოიხადონ ბოდიში, უზრუნველყონ კომპენსაცია და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მისცენ.
minval.az იხსენებს, რომ სწორედ ასეთი მოქმედებების ალგორითმი გაახმოვანა საჯაროდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დუშანბეში, თუმცა, გამოცემის შეფასებით, ეს განცხადებები პრაქტიკაში არ აისახა.
“მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის მონაწილეობა ოფიციალურად იქნა აღიარებული, თითქმის ორნახევარი თვე გავიდა, თუმცა პასუხისმგებლობის მინიმალური სტანდარტებიც კი, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია, არ შესრულებულა: გამოძიება ჭიანურდება, კომპენსაციები არ გადახდილა, დამნაშავე პირები არ დასახელებულა და არ დასჯილა”.
ამ კონტექსტში, როგორც გამოცემა წერს, ილჰამ ალიევის არმონაწილეობა სამიტში არ წარმოადგენს ემოციური დიპლომატიის ჟესტს ან დემონსტრაციული ზეწოლის მცდელობას. minval.az-ის შეფასებით, ეს არის რაციონალური პოლიტიკური სიგნალი: მრავალმხრივ ფორმატში მონაწილეობა შეუძლებელია, თუ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ძირითადი კრიზისი გადაუჭრელია.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემა თავად დსთ, როგორც სტრუქტურა, არ არის. აზერბაიჯანი, minval.az-ის თანახმად, თანმდევრულად აჩვენებდა მზადყოფნას ამ ფორმატში აქტიური მონაწილეობისთვის, მათ შორის დუშანბეში გამართულ სამიტზეც. ბოლო წლებში ბაქომ ასევე ჩამოაყალიბა სტაბილური და პრაგმატული ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სომხეთთან და ბელარუსთან.
როგორც minval.az წერს, გამონაკლისად რჩება რუსეთთან ურთიერთობები, სადაც აშკარაა შეუსაბამობა დაპირებებსა და რეალურ ქმედებებს შორის, რაც “ნდობის ეროზიას” იწვევს.
ამავე კონტექსტში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ილჰამ ალიევმა 21 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გამართულ ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან აზერბაიჯანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის. რაც შეეხება დსთ-ის სახელმწიფო მეთაურთა არაფორმალურ სამიტს, ოფიციალიური ცნობით, ალიევმა მასში მონაწილეობა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ შეძლო.
minval.az ასკვნის, რომ ილჰამ ალიევის არმონაწილეობა დსთ-ის სამიტში დიპლომატიური პაუზა კი არა, არამედ ინსტიტუციური გზავნილია. გამოცემის შეფასებით, თანამედროვე საერთაშორისო წესრიგში ნახევრად მიღებული ზომები აღარ მუშაობს და შეუსრულებელი დაპირებები პოლიტიკურ ურთიერთობებში სერიოზულ კრიზისებს ქმნის.
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დამძიმდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი, ბორტზე 67 მგზავრით, ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოსკენ მიფრინავდა. 2025 წლის პირველ ივლისს აზერბაიჯანულმა მედიამ გამოაქვეყნა რუსი საჰაერო თავდაცვის კაპიტნის განმარტებითი წერილი, სადაც აღიარებდა AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანებას. იმის მიუხედავად, რომ პუტინმა ალიევს მალევე ბოდიში მოუხადა რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, ალიევი რუსული მხარისგან დანაშაულის აღიარებას და კომპენსაციების გადახდას მოითხოვდა. ურთიერთობების გაუარესების ახალ ტალღას წარმოადგენდა ეთნიკური ნიშნით დაკავებები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში. https://netgazeti.ge/news/787719/