რატომ არ დაესწრნენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი “ოცნების” პროგრამის წარდგენას

„ქართული ოცნების“ წევრები ვერ ასახელებენ მიზეზს, თუ რატომ არ ესწრებოდნენ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და თავმჯდომარე საარჩევნო პროგრამის წარდგენას.
საარჩევნო პროგრამა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გუშინ, 7 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში წარადგინა, თუმცა ღონისძიებას არ დასწრებია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი და საპატიო თავმჯდომარეა. ბიძინა ივანიშვილის გარდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას არ დასწრებია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც საპარლამენტო სიის მესამე ნომერია.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილიც და სხვა ლიდერებიც ისეთ ღონისძიებებზე არიან ხოლმე წარმოდგენილი, სადაც „ამის აუცილებელი საჭიროება და შესაძლებლობაა“.
„ფორმატი განისაზღვრა იმდაგვარად, როგორიც ვიხილეთ. ამ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყვნენ პარტიის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები. როდესაც ეს ფორმატი შესაძლებლობას იძლევა, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც და სხვა ლიდერებიც, ყველა სრულფასოვნად არიან ხოლმე წარმოდგენილები. დღევანდელი პრეზენტაცია გადაწყდა იმ ფორმატით, რა ფორმატითაც გადაწყდა. სადაც ამის აუცილებელი საჭიროება და შესაძლებლობა არის, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც და სხვებიც სრულად არიან წარმოდგენილები“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
რატომ არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროგრამის წარდგენას, ჟურნალისტებმა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიასაც კითხეს.
„მე ვერ გეტყვით რატომ არ იყო ბატონი ბიძინა ღონისძიებაზე. მე როგორ უნდა გითხრათ?“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი კი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი ძლიერი და ერთიანია და საარჩევნო პერიოდში ყველას თავისი აქტიურობის დღის წესრიგი აქვს.
„ეს იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის და აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე სწორედ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ამის პრეზენტაცია. სხვა ბევრი ლიდერიც არ ესწრებოდა, რადგან სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებული. საარჩევნო პერიოდია, ყველა თავისი აქტიურობის დღის წესრიგი გააჩნია…
კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს დაინახავდით ამ პროგრამის რეალისტურ სახეს და არა იმას თუ, რომელი პერსონა ესწრებოდა თუ არ ესწრებოდა. გუნდი რომ ძლიერი და ერთიანია, ეს ყველაფერში“, – განუცხადა „ტვ პირველს“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი გასულ კვირას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნასაც არ დასწრებიან, პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით. ივანიშვილიც და ღარიბაშვილიც მანამდე წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დადიოდნენ რეგიონებში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც