რატომ არ გაითვალისწინა არბიტრაჟმა საქართველოს მოთხოვნა – Inter Rao-ს დავის ისტორია

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან – Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 21 აგვისტოს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრმა (ICSID) საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა Inter Rao-ს საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც საქართველოს კომპანიის მიმართ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპელაციის გზით ამ განაჩენის ანულირებას მიაღწევდა, თუმცა როგორც ირკვევა არბიტრაჟმა მთავრობის პოზიცია კიდევ ერთხელ არ გაიზიარა და ძალაში დატოვა პირვანდელი განაჩენი. მეტიც, თუკი 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა, ამჟამად მისი ღირებულება გაზრდილია და უკვე 94 მილიონ დოლარსაც აღემატება, რადგანაც თავდაპირველად მიღებულ განაჩენში ეწერა რომ იქამდე, სანამ საქართველო განაჩენის აღსრულებას არ მოახდენდა, დავით დაკისრებულ კომპენსაციას ანუ 76 მილიონ დოლარს ზემოდან პროცენტის სახით SOFR+2% დაერიცხებოდა. რაც 2022; 2023; 2024 და 2025 წლების ჯამით დამატებით 18 მილიონ დოლარს აღწევს.