თბილისის საქალაქო სასამართლოში თედო აბრამოვის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
22 წლის აბრამოვს პროკურატურა 4,4 გრამი კლუბური ნარკოტიკის, მდმა-ს ფლობას ედავება, რაც, პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბრამოვს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. ის დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური. თუმცა, უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა უწყებამ მომხდარიდან 2 თვის განმავლობაში.
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აბრამოვის დაკავებიდან 2 თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი პროკურატურას არ წარუდგენია ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულებები. არადა, სწორედ ნეიტრალური მტკიცებულებებია ის, რაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სანდოობა ადასტურებს.
“ბრალდების მხარეს არ ჰყავს არანაირი ნეიტრალური მოწმე, როგორც ფიზიკური, ასევე არ აქვს ნეიტრალური მტკიცებულება – ფოტო გადაღება. თეოდორე აბრამოვი დაკავებულია უკანონოდ, ისევე, როგორც მისი ჩხრეკა ჩატარებულია უკანონოდ. ასევე, მისი უფლებები შეილახა მას შემდეგ, რაც იგი გადაიყვანეს საგამოძიებო ორგანოში. იყო მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა”, – განაცხადა სხდომის შემდეგ აბრამოვის ადვოკატმა, ინგა ჯაბანაშვილმა.
იმას, რომ საქმეში ამ დრომდე არ დევს ნეიტრალური მტკიცებულებები, ადასტურებს პროკურორ ნუგზარ ჭიტაძეც. მან განმარტა, რომ დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხი დაერთვება საქმის მასალებს.
“მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდება ნარკოტიკთან შემხებლობის ფაქტი თევდორე აბრამოვის მხრიდან. რაც შეეხება ვიდეოს არგადაღების ფაქტს – დაიკითხებიან პოლიციის თანაშრმლები, რომლებიც განმარტავენ, თუ რატომ ვერ მოხდა გადაღება საგამოძიებო მომქედებების დროს. ეს მითითებულია საგამოძიებო მოქმედების ოქმშიც. საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა სამი პოლიციის თანამშრომელი – გამომძიებელი და ორი ოპერატიული თანამშრომელი. მითითებულია, რომ თეოდორე აბრამოვი წევდა წინააღმდეგობას და ფიზიკურად, მათ ვერ შეძლეს ტექნიკური საშუალებას გამოყენება, რომ აესახათ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება”, – განაცხადა ნუგზარ ჭიტაძემ.
ნეიტრალურ მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს ნეიტრალური მოწმეც, თუმცა აბრამოვის ჩხრეკას არავის დასწრებია თავად პოლიციელების გარდა. გამომდინარე იქიდან, რომ აბრამოვი დააკავეს ქუჩაში, დღის საათებში, გაჩნდა კითხვა, რატომ არ შეიძლებოდა მოწმე ყოფილიყო რიგითი გამვლელი. ნუგზარ ჭიტაძემ განმარტა, რომ “არავინ არ არის ვალდებული და ვერავის ვერ დაავალდებულებ, დაესწროს კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებას”.
აღსანიშნავია, რომ ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის გარდა, გამოძიებას ჯერ არც ნარკოტიკული საშუალების ფლობის მოტივი დაუდგენია. პროკურატურამ არაფერს ამბობს იმაზე, აღნიშნული ნივთიერება აბრამოვს პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა, თუ გასაღებას აპირებდა.
დაცვის მხარე აბრამოვის დაკავებას უკავშირეს მის აქტიურ მონაწილეობას პროევროპულ საპროტესტო აქციებში. პროკურორი კი ამტკიცებს, რომ “არანაირი შემხებლობა და კავშირი ნარკოტიკულ დანაშაულთან და აქციაში მონაწილეობასთან არ არსებობს”.
ადვოკატის ინფორმაციით, აბრამოვი დააკავეს საკუთარ სახლთან, მაშინ, როცა აქციაზე მიდიოდა და მას თან ჰქონდა ნივთები, რომლებიც აქციაზე მიჰქონდა. მათ შორის, საქართველოს დროშა. მათივე თქმით, პოლიციამ ეს ნივთები გააქრო, რადგან ისინი არც ჩხრეკის ოქმშია მითითებული და არც დალუქულია.
“ბრალდების მხარეს ყველანაირი მტკიცებულება გადამალული აქვს, რაც აქციასთან აკავშირებს […] სახლიდან იყონ ახალი გამოსული და მიდიოდა აქციაზე და ეს ნივთები, რაც უნდა ასახულიყო პირადი ჩხრეკის ოქმში არსად არ ჩანს, იმიტომ, რომ ყველაფერი ამოღებულია”, – ამბობს ინგა ჯაბანაშვილი.
პროკურორი კი ამტკიცებს, რომ ყველა ნივთი, რომელიც აბრამოვის ჩხრეკისას ამოიღეს, დალუქულია. ის ასახელებს ნარკოტიკსა და მობილურ ტელეფონს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კი იმოწმებს თავად აბრამოვის ხელმოწერას ჩხრეკის ოქმზე.
ჟუნრალისტებმა მას ჰკითხეს აბრამოვის ჩხრეკის მოტივებზე. პროკურორის თქმით, შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება კი “გადაუდებელი აუცილებლობა” იყო იმიტომ, რომ არსებობდა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალების დამალვის რისკი.
