რატომ არის საქართველოში ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნა

საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა დაბალია. „ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი განმარტავს, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, რის გამოც მომხმარებლები ელექტრო ავტომობილების შეძენისგან თავს იკავებენ. მისივე თქმით, საჭიროა დამტენი აპარატების მასიური განთავსება, რათა მომხმარებელი წახალისდეს და უპირატესობა ელექტრომობილს მიანიჭოს.
,,ჩვენ ვამბობთ ყველგან, სადაც შეიძლება, რომ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა ელექტრო ავტომობილებისთვის. თითო დამტენი უნდა იყოს განთავსებული ყველა საპარკინგე სივრცეში. ამ შემთხვევაში იქნებოდა ელექტრომობილებზე უფრო დიდი ინტერესი მომხმარებლის მხრიდან. უფრო სწრაფად გადაეწყობოდა ჩვენი ავტოპარკი ელექტრომობილებზე.’’- აცხადებს ლაშა დარბაისელი.
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა, ფასი არის მეორე მიზეზი, რის გამოც ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნა ნარჩუნდება. „ავტო იმპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ბევრს აქვს სურვილი შეიძინოს ელექტრომობილი, თუმცა სათანადო ფინანსური რესურსი არ ქონის გამო თავს იკავებს.
,,აქ არის სხვა საკითხიც. თუნდაც ის ფასი, რაც მომხმარებელს ელექტრომობილის შესაძენად სჭირდება. ყველას არ აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ მაღალი თანხა გადაიხადოს და მაგალითად ტესლა შეიძინოს. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ვერ უთანაბრდება ამერიკის ეკონომიკას. ერთ-ერთი მიზეზი არის ფასი, მაგრამ ინფრასტრუქტურის განვითარება დაეხმარებოდა მომხმარებელს ამ ავტომობილების შეძენაში.’’- აცხადებს ლაშა დარბაისელი.