“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმოიხილავს პოლიტიკური პარტია “ახალის” წევრის, საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმეს. ორგანიზაციის შეფასებით, სხვიტარიძისთვის წარდგენილი ბრალდება გამოგონილია. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ის დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, პროკურატურა მას ედავება რომ 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო “მერიოტის” მიმდებარედ, თავს დაესხა პოლიციელს – მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი.
საბა სხვიტარიძე ბრალს არ აღიარებს. დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აღწერს სხვიტარიძის საქმეში არსებულ გარემოებებს, რომლებიც, მათი შეფასებით ურთიერთგამომრიცხავია, რაც აჩენს კითხვებს ბრალდების სისწორეზე.
ორგანიზაციის ინფორმაციით 4 დეკემბერს, სხვიტარიძის დაკავების დღეს, ორი სხვადასხვა პოლიციელის მიერ ორი სხვადასხვა დოკუმენტია შედგენილი:
· სალომე ედიშერაშვილის მიერ შედგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი;
· ალექსანდრევ გაჩეჩილაძის მიერ შედგენილი პატაკი და გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, “კონფიდენციალური ინფორმაციით” მირიან ქავთარაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი “ჩადენილი უნდა ჰქონდეს” საბა სხვიტარიძეს.
5 დეკემბერს მოწმის სახით გამოიკითხა ორი პოლიციელი – ლუკა ჯინჭარაძე და მიხეილ წიკლაური, რომლებმაც ერთმანეთის იდენტური ჩვენებები მისცეს:
“ორივემ განაცხადა, რომ 4 დეკემბერს საღამოს საათებში იმყოფებოდა თბილისში, სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ორივემ განაცხადა, რომ “საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ”, თუმცა, სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ “აგრესიულები”, “ყვიროდნენ და იგინებოდნენ” პოლიციელების მისამართით. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი “წესრიგის დამცველები” მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისაკენ, მაგრამ ამაზე, მათი თქმით, აქციის მონაწილეები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ. როგორც ორივე “მოწმემ” განაცხადა, მათ დაინახეს, რომ „უეცრად აქციის მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი, რომელიც იყო დაახლოებით 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, მუქი ფერის წვერით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, მიუახლოვდა ჩვენს თანამშრომელს მირიან ქავთარაძეს და თავის არეში ორჯერ ძლიერად ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რა დროსაც მირიან ქავთარაძეს თავიდან წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ ხსენებული პირი სწრაფად “შეერია აქციის მონაწილეებს და მიიმალა”. ეს ფრაზა, ისევე, როგორც დანარჩენი ყველაფერი ამ ორი სხვადასხვა მოწმის გამოკითხვის ოქმში, სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი ერთი ოქმიდან მეორეში”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გამოკითხვის დროს, იდენტური ფრაზები გაიმეორა კიდევ ერთმა პოლიციელმა, მიხეილ სუჯაშვილმა და დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა, მირიან ქავთარაძემ.
საქმეში დევს “კავკასიის მედიცინის ცენტრის” ექიმის ჩვენება და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, მირიან ქავთარაძის მიერ მიღებული დაზიანება “მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით”.
საქმეში დევს პროკურატურის მიერ მოპოვებული კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაზარალებული პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს არა სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიიდან, არამედ თავისუფლების მოედნიდან. ამავე დოკუმენტის მიხედვით, კლინიკაში მიყვანილმა პოლიციელმა განაცხადა, რომ “თავის არეში მოხვდა აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი”, და არა ხელკეტი, თანაც ორჯერ, როგორც ეს თქვა უკვე გამოკითხვის დროს და რაც სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს მისმა კოლეგებმა.
თავად საბა სხვიტარიძის ინფორმაციით, დაკავების დღეს ის სწორედ თავისუფლების მოედანზე იყო, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი და დაცვის მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, დაპირისპირება სასტუმროს ირგვლივ ე.წ. ტიტუშკების – მუქი ფერის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ, პირბადეებით სახედაფარულ პირების გამოჩენამ გამოიწვია, რომლებიც აგინებდნენ იქ შეკრებილ მოქალაქეებს. განსაკუთრებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სასტუმროში შეხვედრა ჰქონდათ.
“სწორედ ამ “ტიტუშკებს” შორის იყო ე.წ. “დაზარალებული” მირიან ქავთარაძეც, რომელიც გამოირჩა იმით, რომ ხელი დაარტყა იქვე მყოფ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ცდილობდა ნიღაბი და კაპიუშონი ჩამოეხსნა მირიან ქავთარაძისათვის. ამ დროს გაისმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან შეძახილი – “ქალს ხელს როგორ ურტყამო”. ამას მოჰყვა დაპირისპირება ორ ჯგუფს – ოპოზიციის წარმომადგენლებსა და “ტიტუშკებს” შორის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არც ქავთარაძეს და არც რომელიმე სხვა “ტიტუშკას” არ ეცვა პოლიციელის ფორმა და არც რაიმე განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდა ტანსაცმელზე, რომელიც გარეშე პირს, მათ შორის, საბა სხვიტარიძეს მიანიშნებდა, რომ საქმე “პოლიციელთან” ჰქონდა”, – წერია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.
ვიდეომტკიცებულებები
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმეში დევს ვიდეო, რომელიც გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის მტკიცებით, ასახავს საბა სხვიტარიძის თავდასხმას მირიან ქავთარაძეზე სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა, ამ ვიდეოს ნამდვილობა არაფრით დასტურდება. მათ შორის, არც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზით. ასეთი ექსპერტიზა პროკურატურას საერთოდ არ ჩაუტარებია.
ამის საპირისპიროდ, დაცვის მხარის მტკიცებულებებს შორისაა ტელეკომპანიების მიერ გადაღებული ვიდეომასალები, სადაც ჩანს, რომ სხვიტარიძეც და ქავთარაძეც იმ დღეს სწორედ თავისუფლების მოედანზე იყვნენ და არა რუსთაველის გამზირზე.
“ტელეარხების მიერ გადაცემულ ვიდეომასალაში ასევე კარგად ჩანს, თუ როგორ გადახადა კაპიუშონი მირიან ქავთარაძეს ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ქავთარაძემ სახეში ან მხარში დარტყმით უპასუხა. ასევე კარგად ჩანს ისიც, რომ სწორედ ქავთარაძის ამ ძალადობრივ ქმედებას მოჰყვა შედეგად ჯგუფური დაპირისპირება ოპოზიციის წარმომადგენლებსა და „ტიტუშკებს“ შორის, რომელიც, ვიდეოჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთმანეთზე ჩვეულებრივი ჩხუბის დროს ხელით შეხებას და ორმხრივ ჯიკაობას არ გასცდენია. ამ ჯგუფურ დაპირისპირებაში ძნელია იმის გარკვევა, ვის რა როლი მიუძღოდა და ვინ ვის დაარტყა ხელი. ასევე ბუნდოვანია კონკრეტულად საბა სხვიტარიძის როლიც. ამასთანავე, რაიმე ხელკეტის გამოყენების ფაქტი ამ ვიდეომასალაში არ ჩანს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საქმის სხვა გარემოებები და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დეტალური ანალიზი საბა სხვიტარიძის საქმეზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. 6 დეკემბერს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 28 იანვარს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე განიხილეს პატიმრობის სხვა, უფრო მსუბუქი ფორმით შეცვლის საკითხი. თუმცა, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.