რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე ში?
მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ის კვლევაა, რომლის შედეგი დამოკიდებულია როგორც ხარისხიან აპარატურაზე, ასევე პროფესიონალ სპეციალისტზე, რადგან, რაც უნდა ზუსტიც უნდა იყოს გამოსახულება, ექიმმა თუ შესაბამისად არ შეაფასა, დიაგნოზის დადგენა გართულდება.
რა შემთხვევებში გამოიყენება და რა პრობლემისას არის „ოქროს კვლევა“, როგორ ტარდება და რამდენად უსაფრთხოა, „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, რადიოლოგი ნათია კბილაშვილი უპასუხებს. იგი საქართველოს, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის წევრია და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ნათია კბილაშვილი გვიყვება, რომ რადიოლოგია არ ყოფილა მისთვის შემთხვევითი არჩევანი:
„ეს არის ის სფერო, სადაც შესაძ;ლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების, ანალიტიკური აზროვნების და პაციენტებზე ზრუნვის უნიკალურად შერწყმა. ყოველთვის მიზიდავდა დიაგნოსტიკის სიღრმეში ჩასვლა, დაავადების ზუსტი მიზეზის პოვნა. ეს პროფესია დიდ სიზუსტეს, ყურადღებას და მუდმივ პროფესიულ განვითარებას მოითხოვს, ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან ღირებულია“, – ამბობს იგი.
– რა არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ტექნიკურად როგორ ტარდება?
– მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია, არაინვუზიური, რადიოლოგიური კვლევის ყველაზე ინფორმატიული მეთოდია, რომელიც მაგნიტური ველისა და ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით ორგანოების დეტალურ, სტრუქტურულ გამოსახულებას იძლევა. აპარატი გამოსახულების მისაღებად იყენებს წყალბადის ატომებს, უფრო სწორად, მათ ბირთვში არსებულ პროტონებს. სწორედ წყალბადის ატომებისაგან ინფორმაციის მიღებაზეა დამოკიდებლი კვლევა. მაგნიტურ ველში მოხვედრესის, ადამიანის სხეულში არსებული ყველა წყალბადის ატომი თავსდება მაგნიტური ველის პარალელურად. მუშაობის პროცესში, აპარატი გზავნის ელექტრომაგნიტურ სიგნალს, რომლის ზემოქმედებითაც წყალბადის ატომები აღიგზნება და სიგნალს აგენერირებს. მიღებული ინფორმაციის კომპიუტერული, მთემატიკური დამუშავების შედეგად, მიიღება გამოსახულება.
– პაციენტისგან წინასწარ მომზადებას საჭიროებს კვლევა?
– მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს, გარდა იმ პირებისა, რომელთაც სხეულში ჩანერგილი აქვთ პეისმეიკერი. ასეთ შემთხვევაში, პაციენტი უკავშირდება თავის მკურნალ ექიმს, პეისმეიკერი უნდა გადაირთოს მაგნიტი–რეზონანსულ რეჟიმზე და მხოლოდ შემდეგ ტარდება კვლევა.
– არსებობს რამე აკრძალვა, რის ჯგუფები, ვისთვისაც არ შეიძლება ამ კვლევის ჩატარება? ან ასაკობრივი შეზღუდვა ხომ არ არსებობს?
– რაც შეეხება აკრძალვას – ერთადერთ შემთხვევაში არ შეიძლება მაგნიტო–რეზონანსული კვლევის ჩატარება, ეს ეხება მხოლოდ იმ პირს, ვისაც სხეულში აქვს მაგნიტთან შეუთავსებელი უცხო სხეულები. სხვა, რამე სახის რისკ–ჯგუფები არ არსებობს.
გამომდინარე იქედან რომ სრულიად უსაფრთხო კვლევაა, ტარდება ნებისმიერი დაავადებისას, არც ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. ამ კვლევისას არ გამოიყენება მაიონიზირებელი გამოსხივება, სწორედ ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, მათ შორის, ჩვილებშიც კი.
– რატომ არის ეს კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში? – იმიტომ რომ სხვებთან შედარებით მეტად ზუსტია? – ეს არის მისი მთავარი „ფიშკა“?
– მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია თანამედროვე რადიოლოგიური კვლევებიდან ყველაზე ინფორმატიული მეთოდია. მისი საშუალებით შესაძლებელია დაავადება აღმოვაჩინოთ განვითარების ადრეულ ეტაპზე, სანამ ის კლინიკურად და სიმპტომურად იქნება გამოვლენილი. იგი ექიმს აძლევს საშულებას, დაავადება იქნეს გამოვლენილი დროულად, რაც თავისთავად ნიშნავს, დროულ მკურნალობას, სწორ მონიტორინგს და გადარჩენილ სიცოცხლეს. მისი საშუალებით შესაძლებელია ძალიან მცირე პათოლოგიური კერის აღმოჩენა და ამასთან, არა მხოლოდ დაავადების ლოკალიზაციის დადგენა, არამედ დაავადების ხასიათის დადგენა, სტრუქტურის განსაზღვრა, შორეული, თუ ადგილობრივი გავრცელების დეტალური შეფასება.
– რა დროს არის რეკომენდებული მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება?
– როგორც უკვე ვთქვი, მაგნიტო–რზონანსული კვლევის შესაძლებლობები ძალიან დიდია, ამიტომ ფართოა მისი გამოყენების არეალი. მგონი არ არსებობს მედიცინაში დარგი, სადაც ეს კვლევა არ გამოიყენება აქტიურად. მაგალითად:
· ნევროლოგიაში, მნიშვნელოვანია თავისა და ზურგის ტვინის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, გვეხმარება არამარტო მათ სტრუქტურულ შეფასებაში, არამედ, მისი დახმარებით შესაძლებელია შევაფასოთ ქსოვილების ქიმიური შესაძლებლობა.
· ფართოდ გამოიყენება ანგიოქირურგიაში, მისი საშუალებით, საკონტრასტო ნივთიერების გარეშე, შეგვიძლია შევაფასოთ სისხლძარღვები – არტერიები, ვენები და დროულად იქნეს დიაგნოსტირებული ანევრიზები.
· ფართოდ გამოიყენება გინეკოლოგიურ და უროლოგიურ პრაქტიკაში, რადგან მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს დეტალურად, სტრუქტურულად შეფასდეს მუცლის ღრუსა და მენჯის ორგანოები.
· მაგნიტო რეზონანსული კვლევით შესაძლებელია სანაღვლე სადინრები გამოვსახოთ მთელ სიგრძეზე და თუ არის პრობლემა, დავადგინოთ ამ ბლოკის ლოკალიზაცია და ხასიათი.
· დიდია ამ კვლევის როლი კარდიოლოგიაში, გვეხმარება არამარტო გულის სტრუქტურულ შეფასებაში, არამედ. შესაძლებელია, მისი საშუალებით შევაფასოთ მისი ფუნქციური მდგომარეობაც.
· გამოიყენება ძვალ–სახსროვანი სისტემების დაავადებების დიაგნოსტირებისთვის. დეტალურად აფასებს მყესებისა და კუნთოვან ქსოვილებს.
· უდიდესია მისი როლი ონკოლოგიაში, გამომდინარე იქედან, შეუძლია მცირე ზომის კერის აღმოჩენა. მისი ხასიათის შესწავლა, ადგილობრივი და შორეული გავრცელების შეფასება. მისი ამ თვისებების გამო გამოიყენევა პროფილქტიკური, სკრინინგ კვლევებისთვის.
· ოქროს სტანდარტია ხერხემლის და დისკის თიაქრების კვლევისას.