რატომ არის ესპანური ბიზნესისთვის საქართველო საინტერესო? – ვასილ ბაბლუანის მოსაზრება

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში „ესპანურ-ქართული ბიზნეს-ალიანსი“ დაფუძნდა. მისი მიზანია ესპანური და ლათინურ ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოს როგორც ბიზნეს-ჰაბის გაცნობა. ორგანიზაცია ესპანურ მხარეს კავკასიის რეგიონსა და მცირე აზიაში შესაძლო ეკონომიკურ პარტნიორობაზე ინფორმირებას სთავაზობს.
ალიანსის პირველი საჯარო პრეზენტაცია მადრიდში უკვე გაიმართა. ორგანიზაციის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ვასილ ბაბლუანის განცხადებით, შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდა. როგორც მან აღნიშნა BMGtv-ის „საქმიან დილაში“, პრეზენტაციამ ესპანურ ბიზნესწრეებში საქართველოსა და რეგიონის მიმართ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია.
“დავინახეთ, რომ რაღაც უფრო მარტივი იყო საჭირო, იმისთვის რომ კომუნიკაცია შემდგარიყო, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. შეიქმნა ბიზნეს-ალიანსი; ბოლო ორი წელიწადია, დიდ სამუშაოებს ვატარებთ საერთაშორისო ბიზნეს ექსპერტებთან, თუ რა ტიპის პლატფორმა უნდა ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად მარტივი და მოქნილი ყოფილიყო ეს ყველაფერი. ალიანსის წარმომადგენლობა მადრიდშია და მმართველ საბჭოში არიან ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები. თუ დღემდე საქართველოდან ვმუშაობდით და ვეპატიჟებოდით ინვესტორებს, დღეს პირველი პრეცედენტია, რომ ევროპის დიდ დედაქალაქში, მადრიდში არსებობს ძალიან დიდი ალიანსი, რომელიც საქართველოში ეპატიჟება ბიზნესს. არ გვიწევს ლათინურ ქვეყნებში ჩასვლა და ვიღაცების დარწმუნება. ისინი უკვე არიან მადრიდში და ხედავენ, რომ მადრიდიდან საქართველოს გავლით მცირე აზიის რეგიონში კომუნიკაცია მარტივია. პრეზენტაციის შემდეგ ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღეთ, ყველა დაინტერესებულია. უკვე დავაანონსეთ, რომ შემოდგომაზე საქართველოში მასშტაბური ბიზნესფორუმი გაიმართება, ჯერ არც ვიცი, ამხელა ფორუმი თუ ჩატარებულა აქამდე საქართველოში”, – ამბობს ვასილ ბაბლუანი.