რატომ არის გადამწყვეტი საქართველოსთვის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ევროინტეგრაცია

“გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთანებამ” გამოაქვეყნა პუბლიკაცია, როლელშიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წყვეტის რისკებზე საუბრობს. მასალაში მოყვანილია ანა დეკალჩუკის მოსაზრება და შეფასებები. დეკალჩუკი კრიტიკული სფეროების კვლევებში გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორია. მისი ყველა საუნივერსიტეტო ხარისხი ევროკავშირის სწავლებას უკავშირდება და წლებია ევროკავშირის, ს და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ურთიერთობებს იკვლევს.
„ევროკავშირისთვის საგარეო პოლიტიკაში საერთო პოზიციიდან საუბარი პრობლემურია, რადგან შედგება 27 წევრი სახელმწიფოსგან, თითოეულ მათგანს ინდივიდუალური საგარეო, ეროვნული პოლიტიკა და პრიორიტეტები აქვს… თუმცა, დაფუძნებისთანავე, კავშირის იდეა საერთაშორისო ასპარეზზე წევრ ქვეყანათა შორის საერთო პოზიციების ქონა იყო. ამიტომ, რიგ საკითხთა გადასაწყვეტად, საჭიროა თითოეული წევრი სახელმწიფოს თანხმობა. მით უფრო არსებულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, შეეძლოს ერთ ხმაში საუბარი. ეს პრაქტიკული განზომილებაცაა. ამიტომ, თუ საქართველო გაწევრიანდება, ევროკავშირი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ერთიანი პოზიციების ქონას ხელს არ შეუშლის. ამიტომ არის ეს პუნქტი ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის“ , – ამბობს დეკალჩუკი და აზუსტებს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან თავისი საგარეო პოლიტიკის დუბლირებას მოითხოვს. დეკალჩუკის აზრით, აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანამ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის პოზიციებს“.
დეკალჩუკი მიიჩნევს, რომ მიერთების მაჩვენებელი, 43%, საკმაოდ დაბალია. დათქმის მიხედვით, ევროკავშირი მოელის, რომ კანდიდატი ქვეყანა უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს მიუერთდება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. “2024 წელს მიღებულია 42 განცხადება, რომელთანაც მიერთებაც კანდიდატ ქვეყანას შეეძლო. მათგან მხოლოდ 19-ს დაუჭირა მხარი საქართველომ, ანუ 50%-ზე ნაკლებს… საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ყველა ქვეყანას შორის, რომელიც ევროკავშირის წევრობას ესწრაფვიან.
დეკალჩუკი ხაზს სუვამს, რომ რა პროგრესიც არ უნდა ვაჩვენოთ სხვა დათქმების შესრულებაში, ეს კონკრეტულ ვალდებულებებს ვერ გადაწონის.
„არის ერთი რამ, რაც მომწონს ევროკავშირში, ის პოლიტიკურთან ერთად ძალიან დეტალური და ტექნიკურია… გაფართოებას და გაწევრიანების გზაზე არსებობს სია და ფასდება თითოეული პუნქტი. მათ შორის, საგარეო პოლიტიკა მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტია. თუ ქვეყანას პროგრესი მხოლოდ ერთი მიმართულებით აქვს, ეს სხვა ვალდებულებების შესრულებაში ვერ დაეხმარება,” – ამბობს ანა დეკალჩუკი
არადა, სწორედ ამ 9 ნაბიჯის შესრულება და კონკრეტული პროგრესის შეფასება იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი კომპონენტი ევროკავშირის წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების გასახსნელად.
“ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა არის ამ 9 ნაბიჯის შესრულება, რაც დაგვაახლოვებს ევროკავშირს და საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ ტრანსფორმაცია… წლის ბოლოს ევროკავშირი ამ საკითხს დაუბრუნდება, შეაფასებენ საქართველოს, იმ შემთხვევაში, თუ გვექნება გარკვეული პროგრესი, ჩვენ წავალთ წინ”, – ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე.
ამ ვითარებაში ჩანს, რომ პროგრესი რთულად მისაღწევი იქნება. მთავრობა საკუთარ სამოქმედო გეგმასაც კი არ მიჰყვება და 9 ნაბიჯიდან პირველი ორი პუნქტის შესასრულებლად ჯერ ქმედითი გადაწყვეტილებები არ მიუღია.
“საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა. მაგრამ თუ მთავრობა იმავე გზას გააგრძელებს, იმის კეთებას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის შედეგებს იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება და გაუქმდება”, – განაცხადა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.
წყარო: “აიფაქტი – გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება”