გიორგი კანდელაკის სტატია: 27 იანვარი ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არაფრისმთქმელი თარიღია. მიუხედავად ამისა, თუ შეიძლება, ერთი რომელიმე თარიღი განასახიერებდეს იოსებ სტალინის მიერ საქართველოსთვის მოპარულ მე-20 საკუნეს, ეს სწორედ დღევანდელი დღეა.
რატომაა ეს თარიღი 26 მაისზე არანაკლები მნიშვნელობის? 101 წლის წინ, პარიზში, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დე-იურედ აღიარეს.
საფრანგეთის ახლადარჩეული პრემიერმინისტრის, შემდგომში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის და ერთიანი ევროპის იდეის ერთერთი ავტორის, არისტიდ ბრიანის 27 იანვრით დათარიღებული დეპეშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევგენი გეგეჭკორს, სწორედ ამის შესახებ ამცნობს.
არისტიდ ბრიანი – საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 11-ჯერ: 1909–1911, 1913, 1915–1917, 1921–1922, 1925–1926 და 1929 წლებში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი 1911–1913, 1919–1921 და 1926–1929 წლებში.
საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკა, რომელსაც უკვე მოესწრო დემოკრატიული და მრავალპარტიული საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, ოთხი ომის წარმატებით გადახდა, ბოლშევიკების მიერ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობის ყველა მცდელობის ნეიტრალიზება და მათი ყველა ქსელის განადგურება, იქცა საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად. ერთა ლიგაში გაწევრიანება – იმ დროს პატარა ქვეყნებისთვის უსაფრთხოების კოლექტიური უზრუნველყოფის უალტერნატივო გზა – და გარკვეული პერიოდით მაინც სამშვიდობოს გასვლა მხოლოდ დროის საკითხად მოჩანდა.
რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე სახელმწიფოების შექმნის მრავალი მცდელობას ჰქონდა ადგილი. ბევრი მათგანი, მაგალითად, ყუბანის კაზაკთა რესპუბლიკა, ბელარუსის სახალხო რესპუბლიკა და უკრაინაც კი, ბედის უკუღმართობით თუ რუსეთის სამოქალაქო ომის ქარტეხილების გამო მალე განადგურდა. დე-იურე, ანუ სრულფასოვანი საერთაშორისო აღიარება მხოლოდ ექვსმა ქვეყანამ – ფინეთმა, პოლონეთმა, ბალტიის სამმა რესპუბლიკამ და საქართველომ მიიღო.
სრულფასოვანი საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი ბალტიის ქვეყნების თავისუფალ სამყაროში დაბრუნების მნიშვნელოვანი ისტორიული ლეგიტიმაციის წყარო იყო და არის როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ასევე ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო პოლიტიკაში.
საკუთარ დე-იურე აღიარებას სამივე რესპუბლიკა ფართოდ აღნიშნავს, აწყობს ღონისძიებებს სახლშიც და საზღვარგარეთაც.
ქართველების კოლექტიურ თვითშეგნებაში წინა პლანზე მითოლოგიზებული შუასაუკუნეებია და მე-20 საუკუნე, ეპოქა, რომელმაც ჩვენს თანამედროვე ყოფაზე უშუალო და დრამატული გავლენა მოახდინა, არანაირად არ ფიგურირებს. 27 იანვარიც არანაირად არ აღინიშნება.
რუსული პროპაგანდის გამაოგნებელი გამარჯვებაა, რომ საქართველოს შემდგარი და საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული რესპუბლიკის დამსამარებელი იოსებ სტალინი ქართული პატრიოტიზმის მნიშვნელოვან სიმბოლოდ იქცა. CRRC-ის 2015 წლის კვლევიდან ირკვევა, რომ ნახევარზე მეტი სტალინს დადებით კონტექსტში განიხილავს, 2012 წლის შემდეგ კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტალინის 10 ახალი ძეგლი დაიდგა.
საბჭოთა პროპაგანდის მიერ ათწლეულების განმავლობაში ამოძირკვული დემოკრატიული საქართველოს მიღწევებისა და სიმბოლოების გაცოცხლების და გადააზრების გარეშე საბჭოთა პერიოდის კოლოსალური დანაკარგის გააზრება შეუძლებელია. მე-20 საუკუნეში საქართველოს თავს გადამხდარი ამბის მასშტაბის გააზრების გარეშე კი, იმ ბრძოლის სრულფასოვანი აღქმაც, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ნაკლული იქნება.