“უკრაინის ატომური ენერგეტიკას შესაძლოა ამერიკა დაეუფლოს
გუშინ გაირკვა, რომ ტრამპმა უკრაინის მინერალური რესურსების შემდეგ, ამჯერად უკრაინის ატომურ ენერგეტიკას დაადგა თვალი. ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრების შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის მიერ უკრაინის ატომური სადგურების ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის“.
მოგვიანებით, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა მართოს უკრაინის ატომური სადგურები მშვიდობის დამყარებისა და საომარი მოქმედებების დასასრულებლად.
სულ უკრაინაში მოქმედებს 4 ატომური ელექტროსადგური (აეს). მათზე მოდის უკრაინაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი. აეს-ების წილი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა ოკუპირებული დონბასიდან უკრაინას ქვანახშირის მიწოდება შეუწყვიტა. 2022 წლის იანვრიდან უკრაინის ისტორიაში პირველად ამუშავდა 15-ივე ატომური რეაქტორი. მათი საერთო სიმძლავრე 13 ათასი მეგავატია. ზაპოროჟიეს ატომური სადგური, რომელიც უდიდესია ევროპაში, ამჟამად რუსების მიერაა ოკუპირებული.
რამდენიმე დღის წინ, ტრამპი-პუტინის საუბრის წინ, სწორედ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე გააკეთა აქცენტი ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა. „არის რეგიონები, რომლებზეც, რუსები ფოკუსირებული არიან, არის ბირთვული რეაქტორი, რომელიც უკრაინას საკმაოდ დიდი მოცულობის ელექტროენერგიას აწვდის. ეს უნდა მოგვარდეს“ – განაცხადა უიტკოფმა.
პარალელურად უკრაინამ ოფიციალურად განაცხადა, რომ აპირებს დაიბრუნოს კონტროლი ევროპის უმსხვილეს ატომურ სადგურზე და არ დაუშვებს ამ სადგურის რუსეთის ენერგეტიული სისტემაში ჩართვას.
2021 წელს უკრაინის „ენერგოატომმა“ კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ Westinghouse-თან. შეთანხმება უკრაინაში 5 ბირთვული ენერგობლოკის მშენებლობას ოთვალისწინებს. საუბარია АР1000 ტიპის რეაქტორებზე, რომელთა სიმძლავრე 1100 მეგავატია. ეს ენერგობლოკი განეკუთვნება სრულიად ახალ, მე-3+ თაობის რეაქტორებს. პირველი АР1000 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. დღეისათვის ეს რეაქტორი მსოფლიოში სულ 6 ერთეულია აგებული – 4 ჩინეთში, 2 ამერიკაში. ახალი ტექნოლოგიის წყალობით, АР1000-ის უსაფრთხოება თვისობრივად გაიზარდა. ახალი ტექნოლოგია ასევე რამჯენჯერმე ამცირებს მშენებლობის ხარჯებსა და ვადებს.
გარდა ამისა, უკრაინამ 2023 წელს შეთანხმება დადო კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიასთან. Holtec-თან გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებს 20 მცირე რეაქტორის მშენებლობას. საუბარია სრულიად ახალი თაობის მცირე მოდულურ რეაქტორებზე SMR-160. 160-მეგავატიანი მიწისქვეშა რეაქტორები თვითდაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს.
ამ კონტრაქტებიდან ჩანს, რომ ამერიკული ატომური ტექნოლოგიების და პროფილური კომპანიების შესვლა უკრაინაში ისედაც გადაწყვეტილი იყო. ამ ფონზე ტრამპის ინიციატივა ლოგიკურია, მით უმეტეს, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტებია და მათ განხორციელებას ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურანლისტი რატი მელაძე.