რატი იონათამიშვილი – იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი საკვანძო უწყება, რომელიც ყოველდღიურად ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს ემსახურება

იუსტიციის სამინისტრო ეს არის ერთ-ერთი საკვანძო უწყება სახელმწიფო უწყებებს შორის, რომელიც ყოველდღიურად ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს ემსახურება და ათიათასი მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი ამ სამინისტროს მუშაობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმინეს.
„ერთი მხრივ, სერვისების მიმართულება მსურს გამოვყო, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა კანონშემოქმედებითი მუშაობა, რომელსაც სამინისტრო ეწევა და, შესაბამისად, კანონიდან კანონამდე უმჯობესდება ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებზე იცავს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ღირსებას”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ყველამ იხილა თუ როგორ იწონებდნენ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თავს იმით, რომ თვეების მანძილზე საქართველოს მიმართ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდნენ.
„ისინი [ნაციონალური მოძრაობა] არიან ადამიანები, რომლებსაც პასუხების მოსმენაც კი არ შეუძლიათ, მარტო ბრალდების კორიანტელს დააყენებენ, დეზინფორმაციულ კამპანიას გააგრძელებენ და შემდეგ შარშანდელი თოვლივით იკარგებიან და ეს სიმბოლურია, ვინაიდან, ისევე გაქრებიან ქართული პოლიტიკიდან. ამდენ სიცრუეს და დეზინფორმაციას ამ ადამიანებს, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩეველი არ აპატიებს. ეს ჩანს, თუნდაც, ბოლო სოციალური კვლევებიდან, სადაც ნახევრდება „ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა. სინამდვილეში, როდესაც ისინი უტიფრობასა და ამორალურობაზე საუბრობენ, ყველაზე დიდი ამორალურობა არის, როდესაც შენ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებ დეზინფორმაციის კამპანიას, ამაში ხარჯავ მილიონობით დოლარს და დღეს ამას ამაყად და უტიფრად იწონებ, თითქოს, ამით, რაღაც კარგი გააკეთე. ცხადია, სწორედ, ასეთ ქმედებებზე ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს მათ ჩვენი საზოგადოება”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.