საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, რუსთავში მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება აშენდება #12 და #16 პენიტენციური დაწესებულებების გვერდით. მისი განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულება არ აშენდება ჭყონდიდელის ქუჩაზე, სადაც პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის დაწყების გეგმას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
„რაც შეეხება კითხვას რუსთავში იმავე ადგილას ხომ არ ვაპირებთ პენიტენციური დაწესებულების აშენებას, იგულისხმება ჭყონდიდელის ქუჩა, სადაც მოსახლეობას ჰქონდა პროტესტი ადრე გამოხატული, გეტყვით რომ არა. ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება შენდება #12 და #16 პენიტენციური დაწესებულებების გვერდით, ეს ტერიტორია არის შემოფარგლული და იმთავითვე იყო პენიტენციური დაწესებულებისთვის განკუთვნილი. შესაბამისად, რუსთავის მოსახლობას ამ კუთხით არავითარი პრობლემა არ შეექმნება. ჩვენ, პირიქით, როგორც გითხარით, ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.