რატი ბრეგაძე – წინასაარჩევნო პროცესების არასწორად წარმართვა, სიტუაციის არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის

საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების არასწორად წარმართვა, სიტუაციის არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა, ვფიქრობ, რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის – ოპოზიცია არ არის მოტივირებული, საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდეს , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, „ოპოზიციას საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შექმნა სურს“.
„სუს-ის განცხადება, ვფიქრობ, საკმაოდ ამომწურავი და სრულყოფილი იყო.
რაც შეეხება, ვის ინტერესებში შედის საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების არასწორად წარმართვა, სიტუაციის არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა, ვფიქრობ, ეს ყველასათვის ცხადია და ეს, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობაა“. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაავრცელონ პროპაგანდა, თითქოსდა საარჩევნო პროცესები დარღვევებით მიმდინარეობს და ა.შ., მაგრამ ყველა სახის გამოკითხვა, მათ შორის ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან წინასაარჩევნო შეფასება ცხადყოფს იმ სურათს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი ნამდვილად მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობს.
ასევე, აუცილებლად ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ოპოზიცია ნამდვილად არ არის მოტივირებული, საქართველოში არჩევნები საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდეს. ამაზე მეტყველებს, თუნდაც ის ნათელი ფაქტი, რომ დღეს ჩვენ გვქონდა თავისუფალი და სამართლიანი უწყებათაშორისი კომისიის რიგით მერვე სხდომა, რომლის არცერთ სხდომაში მონაწილეობა ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია, ეს სამწუხაროა. თუ კი ოპოზიცია საქართველოში დაინტერესებულია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით, ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით შეუძლიათ მობრძანდნენ, [მოიტანონ] ინფორმაცია და ასევე, მოისმინონ სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლების შესაბამისი განმარტება. მათ შორის, ჩვენს უცხოელ დამკვირვებლებთან საუბარშიც აღვნიშნე, რომ ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს, არც ერთ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ვგულისხმობ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენზე იქნებიან. ოპოზიციას საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შექმნა უნდა და მთელ ამ რესურსს მიმართავენ, მხოლოდ და მხოლოდ, ამ საქმიანობაზე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებში მარცხდებიან და შესაბამისად, არეულობის მუხტის შექმნა სურთ“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, სუს-ს ინფორმაციით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.
სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.

ასევე დაგაინტერესებთ