რატი ბრეგაძე – საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად – გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას!

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
„პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებასა და ითხოვდა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის ოდენობის კომპენსაციას. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც, საკუთარი მიზეზით, ვერ მოიძია საკუთარი სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა, პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით, მ ანაკლიის პორტის მშენებლობას თავად შეუშალა ხელი და სახელმწიფოს ფაქტობრივად, 4 წელი დააკარგვინა.
„ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება. ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მათთვის სამართალი, ზოგადად, არის სამწუხარო მოვლენა. მე მგონი, ყველა დარწმუნდა, მრავალ საერთაშორისო დავაში, იმის შესახებ, რომ სიმართლე არის ქართული სახელმწიფოს მხარეს.
სახელმწიფო ყველანაირად უწყობდა ხელს [ხაზარაძეს] ვალდებულებების შესრულებაში, თუმცა თავად არ ასრულებდა ამ ვალდებულებებს. შესაბამისად, თუკი მას პრეტენზია აქვს ვინმესთან, პორტის არ ან ვერ აშენებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს,“ – განაცხადა მინისტრმა.
მანამდე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას დაუშვებს.
„ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა მილიარდ-ნახევარი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%, ანუ მეოთხედი და საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია. გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, მოსთხოვო სრულიად უსამართლოდ, შენს საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა. დასკვნის სახით კი ვიტყვი, რომ წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას, ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას,“ – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ “სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა”.
შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წლის 29 ივლისს შეიტანეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით შეიტანეს. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვდნენ და ასევე, კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგის ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც მათი მოთხოვნით, 1 მილიარდ დოლარს სცილდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ