რატი ბრეგაძე – საერთაშორისო სასამართლოებში ყველა გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული

საერთაშორისო სასამართლოებში ყველა გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.
„ამ მხრივ, ბევრი რამ გვაქვს საამაყო არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3 300-მდე საქმიდან აბსოლუტურად ყველა საქმე დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ყველა ეს გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული. 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24,000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე ს წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (რომელიც, სხვებს შორის, მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს) 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა ომის დროს, სამართლებრივად ბოლომდე იყოს დაცული”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით შემუშავდა და პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს.
„შეიქმნა ელექტრონული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ჰარმონიზაციის პროცესის მართვა, სრული ინფორმაციის თავმოყრა და სამართლებრივი დაახლოების პროგრესის გაზომვა. წლის ბოლომდე გამოიცემა ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლისთვის იქნება განკუთვნილი. საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა ევროკავშირის სამართალში სასწავლო კურსი, რომელიც არაერთი უწყების წარმომადგენლებმა გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“,- განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, რატი ბრეგაძის თქმით, სამართლებრივი ექსპერტიზის გზით დავების პრევენცია იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. „მიმდინარე წელს იუსტიციის სამინისტრომ სამართლებრივი ექსპერტიზა ჩაუტარა საქართველოს მთავრობის მიერ დადებულ 400-მდე ხელშეკრულებას, რომლებიდანაც სამართლებრივი დავა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ