რატი ამაღლობელი – მოდი და თავად ეს მომავალი რჩეული ფერით გააფერადე

26 ოქტომბრის სიმღერა
თითქოს რკინას წვრთნი, ფოლადს ფერავდე –
ეს ხმა აღიძრა, მოდის შენამდე,
ამბობს – სიშავე და სინაცრისფრე
მოდი და ხელით გააფერადე,
რომ მომავალზე გულით შენ ამდენს
აღარ შფოთავდე, თრთოდე, ღელავდე –
მოდი და თავად ეს მომავალი
რჩეული ფერით გააფერადე.
ხმა ხმას შეეწყოს ყველა ბგერამდე,
გამრავლდეს, გახდეს მჟღერად-მღერადი,
შენი ხმა მიე მრავალჟამიერს
და საქართველო გააფერადე.