რატი ამაღლობელი: აჩო შხელდიდან პირდაპირ ელვის ნათელში შევიდა, არამარტო მთებისა და მწვერვალების, არამედ ცისა და ღრუბლების, ჭექა-ქუხილის კარიბჭეები შეაღო და მარადიულ სინათლეს შეუერთდა

პოეტი რატი ამაღლობელი დაღუპულ ალპინისტზე – არჩილ ბადრიაშვილზე სოციალურ ქსელში წერს:

“აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით უყვარდა ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებელი”. როცა პატარა აჩოს ვკითხე, თუ ვინ იყო ამ ნაწარმოებში მისი საყვარელი გმირი, მახსოვს პასუხმა მოულოდნელობისაგან გამაოგნა. ველოდი “მანათობელი” გმირების დასახელებას, მაგალითად, არაგორნის, ლეგოლასის, ფროდო ბეგინსის, ან თუნდაც ჩემთვის საყვარელი გენდალფის. მან კი მითხრა, რომ უყვარს სემუეიზ გემჯი, გმირი, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მის გარეშე არაფერი გამოვა, ვერავინ მიაღწევს საწადელ მიზანს, ვერც ფროდო დაძლევს ოროდრიუნს, ბედისწერის მთას და მის ვულკანურ ლავაში ვერ გაანადგურებს ძალაუფლების ერთიან ბეჭედს.

სემუეიზ გემჯის უანგარობა, მეგობრისთვის თავდედება და სუფთა გული აჩოს ცხოვრების წესად იქვა.

ჩვენ ხომ საუკეთესო შემთხვევაში ჩვენი ბავშვობის ლიტერატურულ გმირებს ვემგვანებით.

აჩოც ნამდვილი გმირი გახდა, ტოლკინის მომაჯადოებელი და ზღაპრული სამყაროს გმირი. მან ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა, საკუთარ თავზე იმარჯვებს, მთებში კი არა, საკუთარ შინაგანში მოგზაურობს. მისთვის მთა მამის სამყარო იყო, მუდმივი რეფლექსიის უნარი კი დედის ალღო და ნიჭი.

ახლა მარტო ნინოზე, ზურაზე და რუსკაზე ვფიქრობ, აჩოს თბილ და მყუდრო ოჯახზე, გამორჩეულ და ძვირფას ადამიანებზე, რომლებმაც აჩოს მიცეს ძალა და სიყვარული ყოფილიყო და შეძლებოდა ის, რაც მან 34 წლის ასაკში მოასწრო – გამხდარიყო მსოფლიში სახელგანთქმული ალპინისტი, ოქროს წერაყინის მფლობელი, მსოფლიოს მრავალი გაუვალი მწვერვალისა და მარშრუტის აღმომჩენი და პირველგამვლელი.

საჭურველის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა, აჩო შხელდიდან პირდაპირ ელვის ნათელში შევიდა, არამარტო მთებისა და მწვერვალების, არამედ ცისა და ღრუბლების, ჭექა-ქუხილის კარიბჭეები შეაღო და მარადიულ სინათლეს შეუერთდა.

ვისაც მთა უყვარს დამეთანხმება, რომ გულის სიღრმეში, ასეთ სიკვდილს ყველა მთასვლელი ინატრებდა, თუმცა ასე მხოლოდ ერთეულები მიდიან.

გვიყვარხარ აჩო, ჩემი შვილებისთვის მისაბაძო ადამიანო, ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში”.