რატიანს 7 წლამდე ციხე ემუქრება – რატომ იყო დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის უფროსი რუსთაველზე და იყო თუ არა წინასწარ განზრახული პოეტის დაკავება? – რა გამოიძია გელაძის უწყებამ?

რატიანს 7 წლამდე ციხე ემუქრება – რატომ იყო დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის უფროსი რუსთაველზე და იყო თუ არა წინასწარ განზრახული პოეტის დაკავება? – რა გამოიძია გელაძის უწყებამ?
პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ პოეტ, ზვიად რატიანს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის მტკიცებით, გელა გელაძის უწყებამ გამოძიება ჩაატარა და ისე დაადგინა, რომ ზვიად რატიანი პოლიციელს თავს დაესხა, თუმცა, როგორც რატიანის ადვოკატმა თქვა დღეს მედიასთან, საქმეში, პოლიციელთა ჩვენებები დევს. რა გამოძიება ჩაატარა პოლიციელთა ჩვენებებზე გელაძის უწყებამ – უცნობია.
მედიის ცნობით, პოლიციელი, ვისი ჩვენების საფუძველზეც ზვიად რატიანს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება, დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის შეფი, თემურ მეშველაშვილია. იგი ამტკიცებს, რომ რუსთაველზე დაესხა მას თავს რატიანი. რასთან დაკავშირებით იყო დიდუბე–ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის შეფი რუსთაველზე, რა ხდებოდა 23 ივნისს ისეთი რუსთაველზე, რომ დიდუბე–ჩუღურეთში, თავის სამუშაო არეალში არ მუშაობდა და რუსთაველზე გამოიძახეს – ამაზე არც გელაძის უწყება და არც პროკურატურა არ საუბრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ. რ. თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, – წერს უწყება.