რას ჰყვება, მოქალაქე, რომელსაც ნიღბიანი პოლიციელები დაკავებისას თავში მუშტებს ურტყამდნენ

2 თებერვალს თბილისი მოლთან დაკავებული გედევან კუპრავა, რომელსაც რამდენიმე შავნიღბიანი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, მის დაკავებას იხსენებს.
როგორც ის „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ჰყვება, მას დაკავების შემდეგ 4 პოლიციელი სახეში ურტყამდა და დაზიანებული აქვს ცხვირი.
„დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ და ძალადობდნენ, მერე სხვა ხელებში გადავედი აშკარად და მერე 4 იყვნენ 2-ის მაგივრად და გზაში სანამ მივყავდით, ეს ოთხი უბრალოდ სახეში მუშტებს მირტყამდა. მოწოდება და რაღაც სურვილის გამოთქმაც არ იყო, უბრალოდ გაგინებენ და გირტყამენ. ყველა ნიღბიანი იყო, ვერანაირი ნიშანი ვერ ვნახე ისეთი, რითაც შეიძლება ვიღაცები ამოიცნო.
ჩემი მხრიდან არც გინება ყოფილა, არც რამის სროლა, საერთოდ არაფერი… ვთხოვდი, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან ქალები და გოგოები იყვნენ ირგვლივ. ეს იყო ჩემი დაკავების მაპროვოცირებელი, მეტი არაფერი.
თავიდან წამიყვანეს ვარკეთილში განყოფილებაში, დამეწყო თავბრუსხვევები და გულისრევის შეგრძნებები, რაზეც იეჭვეს, რომ ტვინის შერყევა არ ჰქონდესო და გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ დავეტოვებინე“, – აცხადებს გედევან კუპრავა.
გედევან კუპრავას დაკავება სხვადასხვა მედიის კადრებშიც მოხვდა. კადრებში ჩანს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის ფურგონთან მიყვანილ გედევან კუპრავას რამდენიმე შავნიღბიანი პოლიციელი მას თავში და სახეში მუშტებს ურტყამს.
დაკავებულთა ნაწილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, რომელთა უმეტესობას ტვინის შერყევა და სახის ტრავმები აღენიშნება.