აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე აღწერს, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა, როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური და როგორ განიცადა ტკივილი.
ამის შესახებ ვკითხულობთ მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა, ანზორ ფუტკარაძემ მომხდარიდან მეორე დღეს, 12 იანვარს შეადგინა.
ოქმის მიხევდით, დგებუაძის გამოკითხვა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, თუმცა მის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 1,5 გვერდია.
ის ჰყვება, რომ 11 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით”. შემდეგ, აქციის მონაწილეები, მარშით გაემართნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტისკენ.
ის ამტკიცებს, რომ პოლიციის შენობის შესასვლელთან მყოფი მოქალაქეების ნაწილის ქმედება “გასცდა პროტესტის გამოხატვის სამართლებრივ ჩარჩოებს”, რის გამოც რამდენიმე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის, მზია ამაღლობელი.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციის შენობის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის საფუძვლით. გაკრული სტიკერი პოლიციელმა იმავე წამს მოაძრო კედელს ისე, რომ მასზე არანაირი კვალი არ დარჩენილა. ამის შემდეგ მზია ამაღლობელი დააკავეს. მას პოლიციელებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ის ჰყვება ამაღლობელის ხელწერილთ გათავისუფლებისა და რამდენიმე წუთში ხელმეორედ, ამჯერად სისხლის სამართლის წესით დაკავების შესახებ. ის უგულებელყოფს იმას, რომ როგორც კი ამაღლობელი დეპარტამენტის ეზოდან გამოვიდა, შესასვლელშივე დაიწყო ჭყლეტა, რაც პოლიციელების მიერ მოქალაქეების დაკავებას მოჰყვა. ამ დროს პოლიციელებმა თავად მზია ამაღლობელზეც იძალადეს, წააქციეს, რა დროსაც მას გასძვრა ცალი ფეხსაცმელი და დაზიანებები მიიღო კიდურებზე. ასევე არ ჰყვება იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნას ცოტა ხნით ადრე მისი ადმინისტრაციულად დაკავების ფაქტს უკავშირებს.
“ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ ის შეუერთდა ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე #11ა-ში მდებარე აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციას. 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი. აღნიშნული პირების დაკავების შესახებ განმარტებას ითხოვდნენ იქ შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჩემ ჩვენს მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული მზია ამაღლობელი.
მე მათ განვუმარტე, რომ ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ქმედების გამო იყვნენ ისინი დაკავებული ადმინისტრაციული წესით. მას შემდეგ რაც დავასრულე მზია ამაღლობელთან და მის გვერდით მყოფ ქალბატონთან საუბარი, შევბრუნდი აქციის მონაწილეების მიმართულებით, რა დროსაც მზია ამაღლობელმა მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე. მივბრუნდი მისკენ, რა დროსაც მან მოულოდნელად დამარტყა მარცხენა ხელი მარჯვენა სახელში, ლოყისა და ყურის არეში. ამ დროს ჩემ გვერდით იდგა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე და ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე – გიორგი ბჟალავა, რომელმაც მოახდინეს მზია ამაღლობელის დაკავება და სამმართველოს ეზოში შეყვანა”, – ჰყვება დგებუაძე.
“მზია ამაღლობელის დარტყმის შედეგად მე მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე ვიზუალურად აღმენიშნება სიწითლე, დარტყმის დროს განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა […] მზია ამაღლობელმა მე ხელით მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე, რა დროსაც ქურთუკი არ დაზიანებულა”, – ამბობს დგებუაძე.
გამოკითხვიდან რამდენიმე საათში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დგებუაძის მითითებით დააკავეს “ბათუმელების” ოპერატორი გურამ მურვანიძე. მურვანიძის დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე საჯაროდ აღარ გამოჩენილა.
დგებუაძის მონაყოლს ადასტურებს 6 პოლიციელი. მათგან ოთხის – ვახტანგ ბოლქვაძის, დავით ანთაძის, არჩილ ანთაძისა და ცოტნე ქართველიშვილის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ნეტგაზეთმა უკვე გაასაჯაროვა. სიტყვა-სიტყვით ერთნაირად აღწერენ, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს და როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს.
მათი გამოკითხვის ოქმების მიხედვით იდენტურია:
· მათი თხრობის ქრონოლოგია;
· ლექსიკა;
· წინადადებების ფორმულირებები;
· სიტყვები, რომლითაც მომხდარს აღწერენ;
· დეტალები, რომლებზეც გაამახვილეს ყურადღება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა პოლიციელის გამოკითხვის ტექსტი ერთი ადამიანის მიერაა შედგენილი.
მზია ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
ამის შემდეგ, ამაღლობელის იურისტებმა კვლავ მიმართეს სააპელაციოს, ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო, 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
