დღეს, 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
გამოძიების ვერსიით, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ სწორედ ალექსი ახვლედიანის საგარეჯოს სახლში სცადა თვითმკვლელობა ახვლედიანის კუთვნილი იარაღით. ახვლედიანს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის აქვს წარდგენილი.
სასამართლოში მისულმა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სროლის ხმა არ გაუგია. როგორც ახვლედიანი ამბობს, უგონო მდგომარეობაში მყოფი რიჟვაძე თავად გადაიყვანა საავადმყოფოში.
„დაახლოებით, საღამოს 5 საათზე დამიკავშირდა თორნიკე. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ვართ მეგობრები და ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ. ჩვენ ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში ჩემს სახლში. აღმოსავლეთ საქართველოში ეს იყო მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი. როცა მე არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემს გარეშეც მიდიოდა და რჩებოდა. იქ საკმაოდ საყვარელი სამეგობრო გვყავს.
დამიკავშირდა, მთხოვა, რომ წამო ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ და მერე გვიან წამოვიდეთო. შესაბამისად, 6 საათზე გაუარა ჩემმა მძღოლმა, წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ადგილობრივ ორ მეგობარს. ერთს ვუთხარი, რომ ღვინო მოეტანა, მეორეს ვუთხარი, რომ საკვები შეეკვეთა. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში-საათ ნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე, დის ქმარი დავითი და იყო ჩვეულებრივი მეგობრული ვახშამი…
ვინაიდან დილით ადრე უნდა წავსულიყავით… დავისვენოთო რომ ვთქვით, მან მთხოვა, რომ საფერფლე და სიგარეტი მომეციო. მე ეს მივეცი, ის გავიდა და მე შევედი ტუალეტში. ამ დროს ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი დავდე დასატენად და რამდენიმე წუთი ტუალეტში მესმის ტელეფონის ზარი, გამოვედი დავხედე თორნიკე რეკავს, ავიღე ყურმილი, ხო ძმაო გისმენ, გისმენ… ხმა არ გამცა. მერე გავთიშე და გადავურეკე, შეიძლება კავშირის პრობლემაა. გადავურეკე, ხმა არ გამცა და აღარ იღებდა, რომ არ იღებდა გამოვედი ინსტინქტურად, რომ რა ხდება და მერე…
არა [გასროლის ხმა არ გამიგია], ძალიან შორს იყო. კი [მე წავიყვანე საავადმყოფოში], გონზე არ იყო“, – აცხადებს ახვლედიანი.
ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას გამორიცხავს. ის ასევე უარყოფს საქმესთან მამუკა მდინარაძის შემხებლობას და ამბობს, რომ მას არ იცნობს და ერთ სივრცეშიც არასდროს ყოფილან.
მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძე ზეწოლას საზოგადოებისგან განიცდიდა და არა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. მისივე საგარეჯოში მომხდარ ინციდენტამდე არც თორნიკე რიჟვაძე და არც მისი მამა, დავით რიჟვაძე, დაკითხვაზე არ ყოფილან.
როგორც ახვლედიანი ამბობს, თვითმკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ის თორნიკე რიჟვაძესთან და მის ცოლთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც რიჟვაძე თვალის პრობლემის გამო იყო წასული.
„უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოესი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ჰქონოდა მასზე ზეწოლა? – მე, მამამისს თუ მის სიძეს?!…
თორნიკეს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა – ვთქვათ, დაიწერა ჩემზე რამე, შეიძლება წავიკითხე ან არც წავიკითხე, მას ტელეფონი ეჭირა და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის კომენტარის კომენტარს. ვეუბნებოდი: თორნიკე ეს შენ ჭკუიდან გადაგიყვანს, არ შეიძლება ასე, მილიონი უსაქმურია და მილიონი გაბოროტებული ადამიანია…
ადამიანს, რომლის მიმართაც აქვთ კითხვები, რომელზეც არის ზეწოლა, მას ელჩობას უპირებდნენ? მას ჰქონდა თვალის პრობლემა და ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ვიმყოფებოდით გერმანიაში. მე და მაგდა [თორნიკე რიჟვაძის ცოლი] წავყევით გერმანიაში. როცა მთხოვა წაყოლა და ვუთხარი მინისტრს უნდა შევუთანხმდეთ-მეთქი, დამცინოდა, რომ აი, ხედავ, რა კარგია თავისუფლებაო. მე ბილეთი ავიღე და მივდივარ და შენ შვებულება უნდა დაწეროო. კაცს ავიწროებდნენ, ზეწოლის ქვეშ იყო და გასვლა-გამოსვლა ჰქონდა ოჯახთან ერთად თავისუფალი?“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ალექსი ახვლედიანის თქმით, თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობის დატოვება დიდი ხანია უნდოდა და მას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლა სურდა, რაზეც თანხმობა მმართველი გუნდისგანაც ჰქონდა.
როგორც ახვლედიანი ამბობს, ამ თემაზე ინციდენტის დღეს საგარეჯოშიც ისაუბრეს.
„ბოლო პერიოდში, დაახლოებით წელიწადი – წელიწად ნახევარი, თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან იმიტომ, რომ ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, უკვე ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ უკვე იმ შემართებით ვერ ვარ და ა.შ. ბოლოს მისი ეს სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის არჩევნებზე. [ამბობდა] ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებ, უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანაო… სურვილი ჰქონდა, რომ თავის საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. მე ვერ გეტყვით, უთხრა თუ არა მან პრემიერს ამის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა და ამიტომ მოხდა, თუ არა ეს ცვლილება [თანამდებობიდან გათავისუფლება] ეს არ მიკითხავს. როდესაც ის გაათავისუფლეს, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა. რატომ ვყვები ამას? – წელიწადი – წელიწად ნახევარი ის ძალიან ბევრ ადამიანთან აფიქსირებდა ამას, რომ მისი წასვლის დრო იყო. ხუმრობითაც იძახდა ხოლმე, რომ რა იყო, ბრეჟნევი ხომ არ ვარო. მიუხედავად ამისა, ალბათ, მაინც ძალიან რთულად გადაიტანა რეგიონთან დაშორება…
აი, იმ დღეს მაგალითად ვისაუბრეთ… მე ვურჩევდი, რომ იქნებ ეთხოვა პრემიერისთვის ბრიტანეთის ნაცვლად წამოსულიყო ჩეხეთში ელჩად იმიტომ, რომ იცით მე საკმაოდ მჭიდრო კავშირები მაქვს. ორივეს ძალიან, თვითონ ჩეხეთის ქართველობაში ბევრი სამეგობრო გვყავს, ბევრი ნაცნობი, ბევრი ახლობელი, გაცილებით გაუადვილდებოდა მას იქ, ვიდრე ბრიტანეთში და ჩვენც იქ იმიტომ, რომ უფრო ახლოს იქნებოდა. მერე ერთი მიზეზი დაასახელა მან, სამაგიეროდ ბრიტანეთში შვილები მიიღებენ ცოტა უფრო მაღალ… მე ვუთხარი, იქაც არის“, – განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის ახლანდელ მდგომარეობას, რომელიც მკურნალობას თურქეთში აგრძელებს, ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია საკმაოდ შეზღუდულია.
„მასთან კომუნიკაცია არის საკმაოდ შეზღუდული ოჯახის წევრებისთვისაც იმიტომ, რომ როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს 2-თვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება, ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. როგორც გითხარით თვალის პრობლემაზე, ეტყობა, ამ სტრესის შემდეგ უფრო გამწვავება გამოიწვია და ბოლო ინფორმაციით, ალბათ, ამ დღეებში, კვირის ბოლოს იქვე თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას.
იქ ადგილობრივი ფსიქოლოგების ჯგუფი ემსახურება როგორც ვიცი და აუკრძალეს ამ 2-თვიანი კურსის დასრულებამდე ყველანაირი კომუნიკაცია ყველასთან“,- განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.




