ახალი დეტალები კვირის ყველაზე მძიმე ამბიდან – 9 იანვარს თბილისში, 27 წლის ქეთევან ედიბერიძე ქმარმა მოკლა. კაცმა მას დაზიანებები მძინარეს მიაყენა, შემდეგ კი თავიც დაიზიანა.
ქეთევან ედიბერიძის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მიზეზი, რატომ გაიმეტა ასე სასტიკად ცოლი ქმარმა არავინ იცის. მეზობლები ამბობენ რომ გიორგი კავლელაშვილი სვამდა და ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდა.
27 წლის ქეთი ედიბერიძე ქმართან და 4 თვის ჩვილ გოგონასთან ერთად სოფელ პატარა დმანისში ცხოვრობდა.
ცოლ-ქმარი თბილისში ორშაბათს ჩამოვიდა, ბავშვისთვის გეგმური აცრის ჩასატარებლად, პროცედურის შემდეგ კი ვარკეთილში, გიორგი კავლელაშვილის მამის საცხოვრებელ სახლში დარჩნენ.
მკვლელობის ღამეს ბინაში ცოლ-ქმრისა და ახალშობილის გარდა მხოლოდ ოთარ კავლელაშვილი იმყოფებოდა. რა მოხდა ზუსტად არავინ იცის თუმცა გავრცელებული ინფორმაციით გიორგი კავლელაშვილმა სასიკვდილო ჭრილობები ჯერ ქეთი ედიბერიძეს მიაყენა , შემდეგ კი თავი დაიზიანა. მკვლელობის ამბავი მეზობლებმა გამთენიისას გაიგეს, ასე წერია მათ ჩვენებებშიც.
მომხდარზე ყველაზე მეტი ბრალდებულის მამამ, ოთარ კავლელაშვილმა უნდა იცოდეს, მაგრამ მას მკვლელობაზე ხმამაღლა საუბარი არ სურს.
ოთარ კავლელაშვილი უკვე გამოკითხულია, ის ჩვენებაში წერს, რომ მკვლელობის მომენტში ეძინა და მისთვის მომხდარის მოტივი უცნობია, ამავეს ამბობენ ოჯახის ახლობლები, რომლებიც ოთარ კავლელაშვილს ესაუბრნენ.
ქეთევან ედიბერიძე გიორგი კავლელაშვილის მეორე ცოლი იყო, პირველ ცოლთან ბრალდებულს ორი შვილი ჰყავს, რომლებისთვისაც მამობა თითქმის არ გაუწევია. გიორგი კავლელაშვილის პირველ მეუღლეს საჯაროდ საუბარი არ სურს, ოჯახის ახლობლები კი არ ამბობენ რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, მაგრამ ეს ბრალდებულის მამას ოთარ კავლელაშვილს ჩვენებაში უწერია.
“ჩემი შვილი გიორგი პირველად დაოჯახდა დაახლოებით რვა ან ცხრა წლის უკან და ცოლად შეირთო თ.კ. რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. აქვე მოგახსენებთ, რომ გიორგი და მისი მეუღლე ერთად ცხოვრობდნენ დაახლოებით ორი -სამი წელიწადი რის შემდეგად დაშორდნენ. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გიორგის და მისი მეუღლის დაშორების მიზეზი გახდა მათ შორის ხშირი კონფლიქტი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ჩემი შვილის გიორგის საქციელიდან გამომდინარე, რაც გამოიხატებოდა გიორგის მაშინდელ დამოკიდებულებაში ნარკოტიკული ნივთიერებების მოწევის და სხვადასხვა აბების მოხმარებაში, რაც იწვევდა კონფლიქტს ცოლ-ქმარს შორის, რაც საბოლოოდ მივიდა იქამდე, რომ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.” – ნათქვამია ბრალდებულის მამის ჩვენებაში.
ნარკოტიკების მოხმარებას ერთადერთ მიზეზად ასახელებენ ქეთი ედიბერიძის ოჯახის წევრებიც, მათ მოტივთან დაკავშირებით სხვა ვერსია არ აქვთ.
მოკლული ქეთი ედიბერიძის დედა ემიგრაციაშია, როგორც დმანისელები ამბობენ ობლად დარჩენილი 4 თვის ბავშვის გაზრდას მისი ბაბუა, ქეთის მამა აპირებს.
ბრალდებული ამ დრომდე კლინიკა ჯეოჰოსპიტალსში რჩება, გიორგი კავლელაშვილს პროკურატურა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება. მას უვადო პატიმრობა ემუქრება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდებული ამ დრომდე არ გამოუკითხავთ, მის სახაზინო ადვოკატს კი საქმის დეტალებზე საუბარი არ სურს, ის ახლა ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება.
სწორედ ექსპერტიზის დასკვნამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა შერაცხადი 30 წლის მამაკაცი, რომელმაც 27 წლის მეუღლე ძილში მოკლა, თუმცა კავლელაშვილის ფსიქიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია არც მის მეზობლებს აქვთ და არც ოჯახის წევრებს.
გენდერული ნიშნით ძალადობა და მკვლელობა ისევ მოუგვარებელი პრობლემაა, ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ს.