ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია 1X Technologies-მა ჰუმანოიდი რობოტი, NEO შექმნა, რომლის დანიშნულებაც დიასახლისის ფუნქციების შეთავსება და ადამიანებისთვის პირადი ასისტენტის როლის მორგებაა. თუმცა რობოტი სრულყოფილ სერვისს მომხმარებელს ჯერ ვერ შესთავაზებს, რადგან მას საჭმლის მომზადება, სიმძიმის აწევა და ეზოს დასუფთავება არ შეუძლია.
· ძირითადი უპირატესობა, რაც NEO-ს გამოარჩევს, ეს მისი მარტივად ადაპტირების უნარია სხვა ტექნიკასთან. იქნება ეს ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი თუ სხვა. მას თავისუფლად შეუძლია დაალაგოს ოთახი, დაკეცოს თეთრეული და მორწყოს მცენარეები.
აღსანიშნავია, რომ NEO Nvidia-ს ჩიპზე მუშაობს და მრავალ ენაზე მეტყველების უნარი აქვს, თუმცა მათ შორის ქართული ჯერჯერობით არ არის. ამასთან, რობოტს საკუთარი მეხსიერებაც აქვს, შესაბამისად, დროთა განმავლობაში, უპრობლემოდ შეძლებს თქვენთან საუბარს წარსულში ნალაპარაკებ თემაზე. მეხსიერება მას სივრცესთან ადაპტირებაშიც ეხმარება. გარკვეული პერიოდის შემდეგ რობოტს სრულყოფილად ექნება გაცნობიერებული რა სივრცეში იმყოფება და სად რა ნივთია განთავსებული, შესაბამისად, ის გაცილებით სწრაფად და ეფექტურად იმუშავებს.
თუმცა ამ უპირატესობას ახლავს რისკიც, რომელზეც NEO-ს კრიტიკოსები საუბრობენ. რობოტი ორი, 8-მეგაპიქსელიანი კამერით არის აღჭურვილი, რომლებიც მუდმივად იღებენ გარემოს და ჩართულ მდგომარეობაში მონაცემებს სათავო ოფისს გადასცემენ. სკეპტიკოსები სწორედ ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ, ფაქტობრივად, რობოტი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გადაიღებს ჩვენს სივრცეს და მონაცემებს იმ კომპანიას გაუზიარებს, რომლის უსაფრთხოების სტანდარტებზეც ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი.
კრიტიკას კომპანიის ნორვეგიელი აღმასრულებელი დირექტორი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მომხმარებლისთვის არათუ საფრთხე, არამედ ხელშეწყობაც იქნება, რადგან რობოტს განვითარებისა და სივრცესთან ადაპტირებისთვის გარემოს აღქმა სჭირდება. შესაბამისად, რაც უფრო მეტად და ხშირად გაეცნობა სივრცეს, მით მალე და ეფექტურად განვითარდება მისი ხელოვნური ინტელექტი და მიღებულ დავალებებსაც უფრო ეფექტურად შეასრულებს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც 1X Technologies-ის რობოტს აქვს, ეს მისი ნაწილობრივი “რობოტულობაა”. ნაწილობრივი, რადგან ხელოვნური ინტელექტით აზროვნების მიუხედავად, მას სრულყოფილად და დამოუკიდებლად ყველა დავალების შესრულება არ შეუძლია. ამიტომ NEO-ში ჩაშენებული კამერებით საჭიროების შემთხვევაში არამარტო თავად რობოტი, არამედ კონკრეტული პირებიც ისარგებლებენ. შესაბამისად, რთულ დავალებებს არა თავად NEO, არამედ დისტანციურად მყოფი ადამიანი შეასრულებს, რომელიც გამოსახულებას კამერით მიიღებს და კონტროლსაც დისტანციურად განახორციელებს.
კომპანიის მხრიდან ამ ინფორმაციის გაჟღერების ფონზე 1X Technologies-ის მიმართ ანალიტიკოსების კიდევ უფრო სკეპტიკური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ, რადგან, როგორც მიმომხილველები ამბობენ: “არავის სურს სახლში ჰყავდეს რობოტი, რომელსაც სრულიად უცხო ადამიანი აკონტროლებს”.
უცნობია, რამდენად წარმატებული იქნება NEO-ს პროექტი 1X Technologies-ისთვის, თუმცა პროდუქტი, რომელიც ჯერ არც კი გამოსულა საჯაროდ, უკვე ოფიციალურად იყიდება. ამერიკის ბაზარზე მისი ყიდვა ერთიანად $20,000 დოლარად ან ყოველთვიური გამოწერის სერვისით, თვეში $499 დოლარად არის შესაძლებელი. ტექნოლოგიური ნოვატორი რობოტების გაცემას 2026 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყებს. რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, მისი შეძენა 2027 წლიდან გახდება შესაძლებელი.
tia.ge




