რას ცვლის “ოცნება” საერთო სასამართლოების შესახებ კანონში – პროექტი

“ქართული ოცნების” პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ. ცვლილებების მიხედვით იზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია და უფლება-მოვალეობები.
კანონპროექტის მიხედვით:
· უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს პლენუმი ვალდებულია “დაიცვას და განამტკიცოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი შტოს – სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა”. ასევე, “თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება” [მოქმედ კანონში, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი]. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვის, ასევე ეფექტიანობის გარანტი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
· მოსამართლეთა ვიწყო სპეციალიზაციებს სააპელაციო სასამართლოშიც განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქამდე ეს ორგანო მხოლოდ საქალაქო და/ან რაიონული სასამართლოების ვიწრო სპეციალიზაციათა კოლეგიებს ქმნიდა;
· იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭება დისკრეციული უფლება, ელექტრონული პროგრამის გამოყენების გარეშე შეარჩიოს მოსამართლე, რომელსაც მისი სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში “დაევალება სხვა სპეციალიზაციის საქმეთა განხილვაც”. ასე შეეძლება საბჭოს, მის მიერ შერჩეული მოსამართლით ჩაანაცვლოს მოსამართლე, თუ ეს უკანასკნელი “სხვადასხვა ობიექტური გარემოებებიდან (დროებითი შრომისუუნარობა, შვებულება, მივლინება და ა.შ.) გამომდინარე, ვერ ახორციელებს მართლმსაჯულებას”. განმარტებით ბარათში ამ ცვლილების საფუძვლად მითითებულია საქმეთა სიმრავლე და მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა;
· სააპელაციო სასამართლოებსა და დიდ რაიონულ/საქალაქო სასამართლოებში [ასეთად მიჩნეულია სასამართლო, სადაც მინიმუმ 30 მოსამართლეა], თავმჯდომარეს ეყოლება არა ერთი, არამედ ორი მოადგილე. მათგან ერთს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველ მოადგილედ დანიშნავს;
· მოქმედი კანონიდან იღებენ მუხლს, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე “უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარდგენას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთვის” [25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის გ ქვეპუნქტი]. ასევე, უქმდება მუხლი, რომლის მიხედვითაც რაიონული/საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას [32-ე მუხლის მე-2 პუნქტსი დ ქვეპუნქტი]. ამ ცვლილების დასახელებულია ის, რომ ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამიდან თუ სხვა საინფორმაციო წყაროებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისედაც აქვს ხელმისაწვდომობა ზემოთ აღნიშნული საკითხების შესახებ;
· უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრები ჩატარდება ფარულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომებზე. განმარტებით ბარათში ამის საფუძვლად მითითებულია “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ყოველგვარი შესაძლო ზეგავლენის (როგორც გარე ძალებისაგან, ისე – შიდა კორპორაციული) მოხდენის პრევენცია”. შესაბამისად, საბჭო აღარ გამოაქვეყნებს კანდიდატთა შეფასებებსა და ამ შეფასებათა დასაბუთებებს. თუ პარლამენტი ვერ აირჩევს საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს, საბჭოს შეეძლება იგივე კანდიდატი ხელახლა წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს, ან თავიდან დაიწყოს კანდიდატის შერჩევის პროცედურა.
კანონპროექტი ითვალისწინებ სხვა არაერთ ცვლილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის, მივლინებული მოსამართლის დანამატის, საერთო სასამართლოების კონფერენციის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” პარლამენტის შემდეგი დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.