„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი არიან, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 27 ივნისამდე ანუ 2-3 დღეში უნდა მიიღოს.
კერძოდ, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის მოსამართლეთა დანიშვნის წესს და ზრდის მათ ხელფასებს, ცვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, ზღუდავს სასამართლო სხდომების გაშუქებას, აფართოებს დაინტერესებული პირის ცნებას და სხვა.
ფართოვდება მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე
საკანონმდებლო ცვლილებებით ფართოვდება დაინტერესებული პირის ცნება და ის შემდეგნაირად ყალიბდება – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას; აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
ამასთან, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით “სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა”.
ასევე, მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
ამასთან, იკრძალება მოსამართლესთან ნებისმიერი პირის ისეთი კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს, ან – წარმოადგენს მოსამართლეზე ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას.
კანონს შემოაქვს მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი; ამგვარი კომუნიკაციად მიიჩნევა მოსამართლესთან კომუნიკაცია, მისი სამსახურებრივი მივლინების ან/და მისი სასწავლო/პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართვის (მონაწილედ/ექსპერტად) მიზნით ან სხვა ნებისმიერ ისეთ საკითხთან მიმართებაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების/სასამართლო ხელისუფლების განხორციელების პროცესს; იქვე განისაზღვრება, რომ სპეციალური კომუნიკაცია დასაშვებია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
ცვლილებების შედეგად, მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციის სუბიექტად იქცევა კანონში პირდაპირ ჩამოთვლილ პირებთან (პროცესის მონაწილე, დაინტერესებული პირი, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი) ერთად სხვა ნებისმიერი პირიც, რომელთან კომუნიკაციის შესახებ მოსამართლეს/სასამართლოს თავმჯდომარეს ევალებათ შესაბამისი რეაგირების განხორციელება, რის შემდეგაც აღნიშნულ პირს საერთო წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციისათვის.
განისაზღვრება მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის განხორციელების წესი, რომლის შესაბამისადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით საბჭოს მდივნის მიერ საკითხის განხილვის შედეგად გადაწყდება – ჩაებმება თუ არა მოსამართლე გარკვეული ღონისძიების (ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი/საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და ა.შ.) განხორციელებაში სხვადასხვა სტატუსით (ტრენერის, მსმენელის/მონაწილის და ა.შ.); ასევე განისაზღვრება ამ წესის დაუცველად ღონისძიების ორგანიზატორის მხრიდან მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაციის განხორციელების სამართლებრივი შედეგები.
პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის
აიკრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს.
კერძოდ, „მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობას გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“.
სასამართლოს პროცესების გაშუქების შეზღუდვა
საკანონმდებლო ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ სასამართლო პროცესების გაშუქების წესებს ფუნდამენტურად ცვლის.
მედიისთვის პროცესების გაშუქება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.
კანონპროექტის თანახმად, არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოშიც ფოტო-ვიდეო გადაღება აიკრძალება. გამონაკლისები იქნებიან სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები – მათთვის გადაღება დაშვებული იქნება.
რაც შეეხება სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერას, ეს დაიშვება მხოლოდ “დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით”.
ცვლილებების მიღების შემდეგ კანონიდან ამოიღებენ პუნქტს, რომლის მიხედვითაც თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს სასამართლო პროცესის გადაღების უფლებამოსილებით, ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. კანონში აქამდე ეწერა, რომ თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევდა წილისყრის საფუძველზე.
ცვლილებების მიღების შემდეგ, სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ვიდეო და აუდიოჩაწერა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლება. ანუ თუ საზმაუწყებელი პროცესის გადაღებას არ მოინდომებს, სხვა მედიასაშუალება ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებს. სხვა მედიებს, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ამის უფლება აღარ ექნება.
გარდა ამისა, კანონიდან ამოიღებენ კიდევ ერთ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელი იყო სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა”. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სასამართლოში შესული პირებისთვის პირადი ნივთების ჩამორთმევა შესაძლებელი გახდება.
გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება, ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას ვეღრავინ გამოითხოვს.
ცვლილებები უზენაესი სასამართლოში
შემოთავაზებული ცვლილებით შესაძლებელი გახდება ვიწრო სპეციალიზაციის განხორციელება უზენაეს სასამართლოშიც.
ამასთან, ცვლილებებით იზრდება რიგ პოზიციებზე განწესებულ (არჩეულ) მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები, კერძოდ:
· იზრდება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრთა უფლებამოსილების ვადა 2 წლიდან 3 წლამდე. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 3 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
· იზრდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 3 წლიდან 5 წლამდე. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრთა ასარჩევად მათ კანდიდატურებს, მათ შორის, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის წევრი. სადისციპლინო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.
· იზრდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 3 წლიდან 5 წლამდე. მათ ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.
· იზრდება უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები, კერძოდ: საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 5 წლამდე, ხოლო დანარჩენი პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები – 5 წლიდან 10 წლამდე. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი თავისუფლდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან. ცვლილების შემდეგ, უზენაეს სასამართლოში განწესებისათვის კანდიდატს დაუწესდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.
ამასთან, ახალი რედაქციით, აუცილებელი აღარ იქნება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შეფასება მათი საჯარო მოსმენის დასრულებიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე.
ცვლილებები სააპელაციო სასამართლოში
იზრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, პალატების/კოლეგიის თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები 5 წლიდან 10 წლამდე. კერძოდ, კანონპროექტში წერია, რომ:
· აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.
· სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
· სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
ცვლილებები საქალაქო სასამართლოში
იზრდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადები 5 წლიდან 10 წლამდე. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად:
· სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ კოლეგიის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
· რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – მათ შორის, სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
ამავე ცვლილებებით, იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც იმავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
ამასთან, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „ვინაიდან საერთო სასამართლოებში დანერგილია ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, შესაბამისი ელექტრონული პროგრამის ოპერირების საფუძველზე; აღნიშნული ელექტრონული პროგრამა სრული სიზუსტით უზრუნველყოფს სათანადო სტატისტიკური მონაცემების (მაგ: საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ მონაცემები და ა.შ.) დამუშავებას და განზოგადებას. ამიტომ, აზრს მოკლებულია ამ ფუნქციის კვლავ სასამართლოს თავმჯდომარისათვის დაკისრება“.
ამიტომ, ცვლილებების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეებს რჩებათ მხოლოდ სასამართლოს მუშაობის სათანადოდ ორგანიზების უფლებამოსილება.
იცვლება მოსამართლეთა მივლინების წესი
ცვლილება შედის მოსამართლის მივლინების მექანიზმში. მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინების შესახებ გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის დასადასტურებლად, იზრდება დაწესებული კვორუმი და იცვლება გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურაც, კერძოდ:
· იზრდება მივლინების ვადა 2 წლიდან 3 წლამდე; ამასთანავე,დაიშვება ამ ვადის გაგრძელებაც 2 წლით;
· მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინების გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით (დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით);
· მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, გასაჩივრება შეაჩერებს მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედებას, საკვალიფიკაციო პალატის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე;
· ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას ენიჭება უფლებამოსილება – საკუთარი გადაწყვეტილებით დაასრულოს მივლინებასთან დაკავშირებული პროცედურა, თუ მიიჩნევს, რომ მოსამართლის მივლინების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება იქნება უკანონო (მოქმედი რედაქციით, საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია მხოლოდ საქმის ხელახლა განსახილველადიუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დაბრუნება).
მოსამართლის დაწინაურება
მარტივდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების პროცედურა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს სააპელაციო სასამართლოში დასაწინაურებლად ამჟამადმოქმედი 5-წლიანი ვადა მცირდება 3 წლამდე.შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
„ რადგან მოსამართლის განწესება საქართველოში საკმაოდ რთული პროცედურების შედეგად ხდება; და თუ ამგვარი რთული პროცედურების შედეგად შერჩეულმა, კეთილსინდისიერმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ, საქმეთა სიმრავლის და სტრესული გარემოების მიუხედავად, სათანადოდ გაართვა თავი 3 წლის მანძილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა – საქმიანობა გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოში. დაწინაურებისათვის დამატებითრაიმე კრიტერიუმების დაწესება აუცილებელი არ არის, რადგან მოქმედი კანონმდებლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისედაც ევალება – მისი გადაწყვეტილებები ყველა (მათ შორის – საკადრო) საკითხებზე იყოს დასაბუთებული“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, კანონის დონეზე უქმდება მოსამართლის ვალდებულება – კვალიფიკაციის ამაღლებას დაუთმოს ყოველ 3 წელიწადში 5 დღე მაინც.
მოსამართლეთა გათავისუფლება
შრომისუუნარობის გამო მოსამართლის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად ამჟამად მოქმედი შრომისუუნარობის 4-თვიანი ვადა იზრდება 6 თვემდე.
შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 6 თვეზე მეტხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
უქმდება დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა
შემოთავაზებული ცვლილებებით, 2025 წლის 1 სექტემბრიდან დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობისა და მისი სამსახურის გაუქმება. მის ფუნქციებს შეასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოში შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.
„როგორც წესი, მოხელის (სახელმწიფო მოსამსახურების) დისციპლინური დევნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს მისმა დამნიშნავმა ორგანომ; ამდენად, უფრო მართებულია, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (მოკვლევის დაწყება; მოსამართლისათვის ახსნა- განმარტების ჩამორთმევა; ფორმალური საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა და ა.შ.) მიიღოს არა მოსამართლეთა თანამდებობაზე დამნიშნავი კონსტიტუციური ორგანოსგან განყენებულად მყოფმა სუბიექტმა – დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, არამედ- მოსამართლეთა მიერ უშუალოდ არჩეულმა თანამდებობის პირმა, რომელიც საბჭოს ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს და პროფესიონალ მოსამართლეს წარმოადგენს“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
ფუნდამენტურად იცვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი კერძოდ:
· საბჭოს 15-წევრიან შემადგენლობაში იზრდება მოსამართლეთა რაოდენობა: ამჟამად არსებული მოდელის ნაცვლად (8 მოსამართლე წევრი, არჩეული მოსამართლეთა თვითთმართველობის ორგანოს მიერ + უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე), შემოთაზავებულია 11 მოსამართლის არჩევა მოსამართლეთა თვითთმართველობის ორგანოს მიერ, რომლებსაც ისევ ემატება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
· საერთო ჯამში, საბჭოში იქნება 12 მოსამართლე წევრი, 2 – საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი (დღეს არსებული 5 წევრის ნაცვლად) და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი.
ცვლილებებით უქმდება მოქმედი რედაქციით საბჭოს დაკომპლექტებისას დაწესებული 2 შეზღუდვა:
1) საბჭოს მოსამართლე წევრთაგან თითო წევრი მაინც წარმოადგენდეს თითოეული ინსტანციის სასამართლოს;
2) ზუსტდება, რომ ,,საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან 6-ზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“
ამჟამად მოქმედი შეზღუდვის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრის პირობებში, ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უნდა აღემატებოდეს 4-ს; ვინაიდან ამგვარი წესითარჩეულ მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება 8-დან 11-მდე.
„ლოგიკურია, რომ გაიზარდოს საბჭოში ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეთა რაოდენობაც. მოსამართლეთა თვითმმართველ ორგანოს უნდა შეეძლოს – შეუზღუდავად აირჩიოს მისთვის სასურველი მოსამართლე საბჭოში, მიუხედავად იმისა, ეს მოსამართლე იკავებს თუ არა ადმინისტრაციულ თანამდებობას სასამართლოში, ან თუ რომელი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
მოსამართლეს სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობაზე ნებართვის მიღება დასჭირდება
შემოთავაზებული ცვლილებებით, მოსამართლის მიერ სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან თანხმობა დასჭირდება.
მოსამართლე უფლებამოსილი იქნება – დაგეგმოს და განახორციელოს სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობ, ან – მიიღოს აღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიცემა საამისო თანხმობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მხრიდან.
ამასთანევე:
· მოსამართლე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას, უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს 2025 წლის 1 სექტემბრამდე;
· მოსამართლე, რომელსაც უკავია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილია შესაბამისი საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს იმ ვადით, რომლითაც მას უკავია აღნიშნული აკადემიური თანამდებობა;
· მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო თანხმობის გარეშე მიიღოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და ნებადართული სარგებელი 2025 წლის 1 სექტემბრამდე.
მანდატურები
იცვლება საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული ყველა მანდატურის სამსახურის დაქვემდებარების წესი – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი საერთოდაქვემდებარების ნაცვლად, აღნიშნული დაქვემდებარება მოხდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისადმი.
მანდატურების თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამრთლოს მანდატურის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სასამრთლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს.
იზრდება მოსამართლეთა ხელფასები
ცვლილების შედეგად, იზრდება მოსამართლეათა ხელფასები. ამ წლის ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასი მოსამართლისთვის 10 500 ლარი იქნება. დანარჩენების კი ასე განაწილდება:
· უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 14 600 ლარი
· უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 13 432 ლარი
· უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის – 13 140 ლარი
· უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა უზენაეს სასამართლოში – 12 410 ლარი
· სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 12 264 ლარი
· სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის – 12 118 ლარი
· სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის – 11 972 ლარი
· სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა სააპელაციო სასამართლოში – 11 826 ლარი
· თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 11 972 ლარი
· სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – 11 388 ლარი
· თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – 11 388 ლარი
· სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – 10 950 ლარი
· რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის/მაგისტრატი მოსამართლისათვის, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში – 10 512 ლარი.
