რას სთავაზობს Istoria Wine ვალენტინობისთვის მომხმარებელს?

ბრჭყვიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია Istoria Wine-ის თანადამფუძნებელი, ანა კამინსკენე, BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი არის “ისტორია” ხის დაფებით, რომელზედაც სასურველი წარწერის პერსონალურად გაკეთებაა შესაძლებელი.
„ხის დაფები დავამატეთ 1 წლის წინ ვალენტინობისთვის, სხვადასხვა წარწერებით, რომელზედაც მოთხოვნა დღესასწაულების პერიოდში განსაკუთრებით იზრდება. მომხმარებელს თავადვე შეუძლია, რომ მისთვის სასურველი წარწერა შეგვიკვეთოს. ეს შეფუთვა,ღვინოსთან ერთად 80 ლარი ღირს.
ფასები გასულ წელთან შედარებით არ დაგვიკორექტირებია. ერთადერთი რაზედაც შევჯერდით არის ის, რომ ნებისმიერი დღესასწაული, რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის არის ფასდაკლება, რომელიც დღესასწაულის წინა დღეს იწყება და მომდევნო ორი დღის განმავლობაში გრძელდება“,- აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
გარდა ამისა, ანა კამინსკენეს ინფორმაციით, Istoria Wine-ს ასორტიმენტში ღვინო ოქროს ნაწილაკებით დაემატა, რომელიც არ ჰგავს მათ სხვა ბრჭყვიალა ღვინოებს და განსხვავებულია როგორც გემოთი, ასევე ვიზუალითაც.
“დავამატეთ ღვინო, ოქროს ნაწილაკებით. განსხვავებულია როგორც ვიზუალურად, ასევე გემოვნური თვისებებითაც. სატესტოდ შარშანვე ჩამოისხა და წელს უკვე გაყიდვაშია ჩაშვებული. ის უკვე ხელმისაწვდომია ყველა გასაყიდ არხზე, სადაც წარმოდგენილი ვართ, მათ შორის ბათუმშიც, სადაც ახლახან ღვინის ბუტიკთან დავპარტნიორდით.
ღვინო ოქროს ნაწილაკებით, წარმოებაში 2 თვეა ჩაშვებულია და ამ დროისათვის 1000 ცალი ბოთლია ჩამოსხმული. მისი ღირებულება კი 150 ლარს შეადგენს“, – ამბობს ანა კამინსკენე.
ცნობისთვის, საქართველოში ბრჭყვიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია – ISTORIA WINE მეორე წელია რაც ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. კომპანია ბრჭყვიალა ღვინოს ერთ-ერთ ქარხანასთან თანამშრომლობით აწარმოებს.