რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების ახალი პაკეტი

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ევროკავშირმა სანქციების მე-16 პაკეტი მიიღო რუსეთის წინააღმდეგ.
„რუსეთის უკანონო აგრესია მეოთხე წელში გადადის. სანქციების ეს პაკეტი შედგენილია აგრესორზე წნეხის უფრო გასამძაფრებლად და ნაწილია ევროკავშირის ურყევი ერთგულებისა ში სამართლიანობისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
სანქციები ეკონომიკური და ინდივიდუალური მიმართულებისაა. მე-16 პაკეტის სამიზნე რუსეთის ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორებია, როგორიცაა ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა და ფინანსური მომსახურებები. სანქციებისთვის გვერდის ავლის გზების დასაზღვევად, გარკვეული ზომები ამ პაკეტიდან შევიდა ასევე პუტინის მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებში.
ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების მე-16 პაკეტი შემდეგ ძირითად ელემენტებს მოიცავს:
სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული ზომები
· ახალი პაკეტით სანქცირდება დამატებით 74 ხომალდი, რასაც სანქცირებული ხომალდების რიცხვს 153-მდე ზრდის. ეს ხომალდები ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და წვლილი შეაქვთ რუსეთის ენერგეტიკულ შემოსავლებში.
· ახალ პაკეტს შემოაქვს ახალი კრიტერიუმი, რომლითაც სანქციების სამიზნე ხდებიან ისინი, ვინც ხელს უწყობს ოპერაციებს, რომელიც ნავთობის არაუსაფრთხო ტანკერებით ხორციელდება.
· პაკეტი საექსპორტო შეზღუდვები უწესებს 53 ახალ კომპანიას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას ან ჩართულები არიან სანქციების გვერდის ავლის მოქმედებებში. აქ შედის 34 ისეთი კომპანია, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარეობს — ჩინეთში, ინდოეთში, ყაზახეთში, სინგაპურში, თურქეთში, ემირატებში, უზბეკეთში.
დამატებითი სიები
· სანქციების ახალი პაკეტი ეხება 48 პირს და 35 სუბიექტს, რომელნიც მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო კომპლექსს, გვერდს უვლიან სანქციებს, ჩართულნი არიან რუსეთის კრიპტო-მიმოცვლაში და წარმოადგენენ საზღვაო სექტორს.
· ამ ახალი პაკეტით მოქმედებაში მოდის კიდევ ერთი ახალი კრიტერიუმი ცალკეული პირებისთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილი, ხელს უწყობენ მის მუშაობას, ან სარგებელს იღებენ მისგან.
ვაჭრობა
· იკრძალება ევროკავშირში რუსეთიდან ალუმინის იმპორტი. არამარტო მზა სახით არსებულის, არამედ პირველადი სახით არსებულისაც.
· უკვე იმპორტირებული 80%-ის ასათვისებლად დადგენილია 12-თვიანი ვადა.
· ორმაგი გამოყენების საექსპორტო შეზღუდვები გავრცელდა, მათ შორის, ქიმიურ ნივთიერებებზე, ციფრული კონტროლის, ვიდეო-თამაშების კონტროლის ინსტრუმენტებზე, ქრომსა და სხვა ნაერთებზე, რასაც რუსეთი ომში იყენებს.
· საექსპორტო შეზღუდვა შეეხება სხვა ტექნოლოგიებს, მათ შორის, სამედიცინო ტექნოლოგიებს, სამრეწველო საქონელს, განსაკუთრებით, მინერალებს, ქიმიკატებს, ფოლადის, მინის მასალებს, პიროტექნიკას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამხედრო თვალსაზრისით.
ენერგეტიკა
· ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ სრულად აკრძალოს რუსული ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების დროებითი შენახვა და განთავსება ევროკავშირის პორტებში, რაც აქამდე დაშვებული იყო.
· იკრძალება რუსულ თხევად გაზთან და ნედლ ნავთობთან დაკავშირებული პროექტების მომარაგება საქონლით, ტექნოლოგიებითა და ასევე სხვა მომსახურება.
· განივრცობა არსებული აკრძალვა პროგრამულ უზრუნველყოფაზე ნავთობისა და გაზის ექსპორტის, მომარაგების შესაზღუდად.
ტრანსპორტი
· განივრცობა აკრძალვები ფრენებზე და მოიცავს სხვა ქვეყნების კომპანიების მიერ შესრულებულ ფრენებს რუსეთის შიგნით ან საავიაციო პროდუქტის მიწოდებას რუსული ავიაკომპანიებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ეს ავიაკომპანიები ვეღარ იფრენენ ევროკავშირში.
· საგზაო-სატრანსპორტო აკრძალვებს ემატება ცვლილება, რომლითაც ევროკავშირის სატრანსპორტო კომპანიის 25%-ზე მეტის მფლობელი რუსული წყარო ვერ იქნება, რაც სპობს სანქციებისთვის გვერდის ავლის კიდევ ერთ საშუალებას.
ინფრასტრუქტურა
· სრული აკრძალვა ვრცელდება რუსულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, მოსკოვის ორ აეროპორტზე, ოთხ რეგიონულ აეროპორტზე, პორტებზე კასპიის, ბალტიისა და შავი ზღვებში.
· აკრძალვა ეხება სამშენებლო მომსახურებებს, რასაც ევროკავშირის კომპანიები რუსეთში ახორციელებდნენ.
ფინანსური სექტორი
· სანქციები შეეხო კიდევ 13 ფინანსურ ინსტიტუტს, სამ ბანკს, რუსეთის ცენტრალური ბანკის ფინანსური სისტემის გამოყენებისა და სანქციებისთვის გვერდის ავლის გამო.
· გაფართოვდა აკრძალვა ტრანზაქციებზე, რომელიც შეეხება ყველა ფინანსურ ინსტიტუტსა და კრიპტო-პროვაიდერს, რომელიც დაკავშირებულია სანქციებისთვის გვერდის ავლასთან და ნახსენები ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებთან.
ზომები დეზინფორმაციის წინააღმდეგ
· ევროკავშირის ფარგლებში აიკრძალა კიდევ 8 მედიასაშუალება, მათ მიერ ომის მხარდაჭერისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლების გამო. EADaily / Eurasia Daily, Fondsk, Lenta, NewsFront, RuBaltic, SouthFront, Strategic Culture Foundation, Krasnaya Zvezda / Tvzvezda.
გარდა ევროკავშირისა, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთსა და მის მოკავშირეებს სანქციები დაუწესეს ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ. ახალი სანქციებისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთი.
ავსტრალიამ დაასანქცირა 70 პირი რუს მაღალჩინოსნებში და 79 სუბიექტი. ასევე ბელარუსის მაღალჩინოსნები. ახალმა ზელანდიის სანქციები 52 პირსა და სუბიექტს შეეხება სამხედრო-სამრეწველო და ენერგეტიკის სექტორებში, არამარტო რუსეთში, არამედ პუტინის მოკავშირე ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კორეაში.
გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მოსალოდნელი ახალი სანქციები, წინასწარი ინფორმაციით შეეხება იმ პირებს, რომლებიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ რუსეთის სახელმწიფოს, და/ან სიმდიდრე რუსეთის სახელმწიფოს დახმარებით დააგროვეს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს იქნება სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც უნდა მოშალოს მათი სამხედრო მანქანა და შეამციროს მათი შემოსავალი, რაც უკრაინის ნგრევას ხმარდება.