“ერთი და იგივე კამერით გადაღებული ფოტოები: ერთი – 17 წლის ასაკში და მეორე – 35 წლის ასაკში. რას იტყვით, შევიცვალე?” – წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნუკი ხშირად უზიარებს გამომწერებს ოჯახურ კადრებს. ამასთან ქალების მოტივაციაზეც ზრუნავს, ცდილობს, რომ აამაღლოს ქალების თვითდაჯერებულობა და ამისთვის საკუთარ რჩევებს უზიარებს.
ნუკი კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგაც.
პარალელურად, ნუკიმ წარმატებული კარიერა აიწყო მოდის სფეროშიც და მონაწილეობას იღებდა არაერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ფოტოსესიებში.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. “რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის”- ამბობდა ნუკი მაშინ.
ბენი მალევე გახდა “ქართველების საყვარელი სიძე” – ამ ფრაზით კომენტარებში მას ხშირად მოიხსენიებენ. ბენი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და უყვარს ქართული კერძები. მის პირად გვერდზე ნახავთ არაერთ ვიდეოს, სადაც ის ჩვენს ტრადიციულ კერძებს ამზადებს.
ბენსა და ნუკის ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს. ნუკი და ბენი მეორე შვილის მოლოდინში არიან.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა.
ნუკი კოშკელიშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. მისი წამოწყება სულ უფრო ფართოვდება, მისი წარმატება კი ბევრ სხვა ქალსაც შთააგონებს, რომ საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლაში არასდროს დანებდნენ.
