აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა რუსულ Tass-სთან საუბარში თქვა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.
„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სურთ ძირითად მეზობლებთან — აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან — ურთიერთობების გაუმჯობესება, არ გვრჩება ყურადღების მიღმა. მაგრამ საჭიროა პრაქტიკული დადასტურება, რეალური ნაბიჯები”.
„ჩემს აზრით, ასეთ ნაბიჯებს შორის შეიძლება იყოს რამდენიმე კონკრეტული ქმედება. მათ შორისაა: პირველ რიგში — ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც არანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ვერ გადის დროის გამოცდას. საჭიროა გააზრება, რა რეალობაში ვიმყოფებით დღეს.
მეორე — რაც მეტად მნიშვნელოვანია და რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების ყველა მონაწილესთან — არის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე სხვა საკითხზე საუბარიც,“ — თქვა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა.
ბარციცი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად 18 აპრილს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ბრძანებით დაინიშნა. მან ამ პოსტზე სერგეი შამბა შეცვალა. 57 წლის ოლეგ ბარციცი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობას აფხაზეთში. ამასთან, ის იყო აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი 2025 წელს.
მან ასევე დე ფაქტო სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებად დაასახელა სტრატეგიული ალიანსი და ურთიერთობების გაღრმავება რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის რეგიონულ დონეზეც.
“არსებობს აბსოლუტურად მკაფიო ამოცანები: ჩვენი ეროვნული ინტერესების წინწაწევა, ჩვენი დიპლომატიური აქტიურობის გაძლიერება გარე სივრცეში. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას ჩვენს მთავარ მეგობართან და პარტნიორთან – რუსეთის ფედერაციასთან, ფედერალურ ცენტრთან და უფრო ფართო კოოპერაციას რუსეთის რეგიონებთან. ასევე, აქტიურობა იმ რეგიონებში, სადაც არსებობს ნოყიერი საფუძველი ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის შემდგომი და უფრო ფართო აღიარებისთვის”.
