ცხოველების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ვეტერინარებმა დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც მიუსაფარი ძაღლების შესახებ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრეს.საქმე ეხება მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის პროგრამას, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო გასული წლიდან ახორციელებს. ასევე, იმ აქტივობებს, რომლებიც ამ პროგრამის სახელით ატარებენ. მაგალითად, საჭდის მქონე ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა, ბევრი ძაღლის ერთდროულად გადაყვანა ვიწრო გალიებით, აცრილი და სტერილიზებული ცხოველების დაუსახლებელ პუნქტებში გაშვება, სავარაუდო ევთანაზიისა და კრემაციის შემთხვევები და ა.შ.“პროექტი ცხოველებისთვის” თანადამფუძნებელმა, ნათია ჩიქოვანმა განმარტა, რატომ არის მიუღებელი სტერილიზაცია/კასტრაციისა და ვაქცინაციის შემდეგ ცხოველების “ბუნებაში გაშვება” – როგორც ამას სააგენტოში ამბობენ – ნაცვლად იმისა, რომ ის დააბრუნონ იმავე გარემოში, საიდანაც წაიყვანეს.ნათია ჩიქოვანი ეხმაურება სააგენტოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიჰყავთ საჭდის მქონე ძაღლები თავშესაფარში: სააგენტოში განმარტეს, რომ ყურზე დამაგრებული საჭდე ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ძაღლი აცრილია. ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ განმარტა, რომ საჭდის მქონე ძაღლის შემთხვევაში, შესაძლოა, იმუნიზაციის პერიოდი გასული იყოს და მას განმეორებითი აცრა სჭირდებოდეს.ნათია ჩიქოვანი ამბობს, რომ უკვე იდენტიფიცირებული ძაღლისთვის აცრის ხელმეორედ გაკეთება ადგილზეცაა შესაძლებელი და ამისთვის მისი თავშესაფარში გადაყვანა საჭირო არ არის.“ცუკაფონდის” დამფუძნებელმა, სალომე კვარაცხელიამ ისაუბრა იმ სავარაუდო დარღვევებზე, რომლებსაც გორის თავშესაფარში ჰქონდა ადგილი. გუშინ, 1-ელ აპრილს, ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გაავრცელა ვიდეო გორის თავშესაფრიდან. ვიდეოში ჩანს, რომ თავშესაფრიდან კვამლი ამოდის. ელიზბარაშვილის ინფორმაციით, პირველი აპრილის ღამეს თავშესაფარში კრემატორიუმი ჩართეს.“მას შემდეგ, რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამდენიმე წუთში (ღამის 12 საათზე) აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას. ახლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმლიდან კვამლი არ გაჩერებულა. არ მინდა ვიფიქრო, რომ იქ ცოდვის ტირილი ტრიალებს”, – წერდა ელიზბარაშვილი ვიდეოს გამოქვეყნებისას.სალომე კვარაცხელიას თქმით, თუ დავუშვებთ, რომ 7 საათის განმავლობაში თავშესაფარში “ბუნებრივი სიკვდილით” გარდაცვლილი ცხოველების ლეშს წვავდნენ – როგორც ეს თავად განმარტეს – უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ეპიდემიასთან.“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ჯანმრთელი ან განკურნებადი ძაღლის დაძინება აკრძალულია. ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ცხოველს აქვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა, ან განუკურნებელი დაავადება, ან ავლენს უკიდურეს აგრესიას, ამ გადაწყვეტილების მიღებას კი, ის კანონის შესაბამისად, სპეციალური კომისიის დასკვნა სჭირდება.გარდა ამისა, ევთანაზია კეთდება მხოლოდ სპეციალური, მკაცრად კონტროლირებადი მედიკამენტებით და მხოლოდ ვეტერინარის მიერ. თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს, ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით. ეს დოკუმენტები გორის თავშესაფარს არ წარმოუდგენია, რადგან სავარაუდოდ მათ ეს დოკუმენტები არც აქვს.
თუ გორის თავშესაფრის ადმინისტრაცია განაცხადებს, რომ ცხოველები, რომელთა ლეშიც 7 საათის განმავლობაში კრემატორიუმში იწვებოდა ე.წ. “ბუნებრივი სიკვდილით” დაიხოცნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, მინიმუმ თავშესაფარში დაიწყო მძიმე ეპიდემია, რადგან შეუძლებელია ამდენი ცხოველი ერთდროულად მოკვდეს. კანონი ასეთ დროს პირდაპირ ავალდებულებს შესაბამის სტრუქტურებს, დაუყოვნებლივ შეატყობინონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გამოაცხადონ კარანტინი. რა თქმა უნდა გორის თავშესაფარში არც მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები, ან სხვა მტკიცებულებები არ არსებობს”, – განაცხადა სალომე კვარაცხელიამ.“ცხოველთა სახალხო ფრონტის” დამფუძნებელმა, თიკო კვალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ტენდენციაზეც, როცა პატრონები ცხოველებს ქუჩაში ტოვებენ. მისი თქმით, მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მათი მიტოვებაა.“მნიშვნელოვანია ქუჩაში ცხოველის გაგდების ფაქტების ძალიან მკაცრი და აქტიური კონტროლი. ამ საკითხსაც არეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა კანონის არც ამ მნიშვნელოვანი ნაწილის აღსრულება დაუწყია “ქართულ ოცნებას”.პატრონიან ცხოველებს მოეთხოვებათ ჩიპირება. ჩიპირებული ცხოველის პატრონის ამოცნობა მარტივია. შესაბამისად, თუკი ასეთი ცხოველი ქუჩაში მოხვდება, მისი პატრონი დაჯარიმდება. ჩიპირების მასობრივად წახალისების აპრობირებული მეთოდია, რომ ჩიპირების ვალდებულება აკონტროლონ კლინიკებმა. დღეს კანონში წერია, რომ თუ გადაუდებელი შემთხვევა არაა, კლინიკა და გრუმინგ სალონიც კი არ მოემსახურება დაუჩიპავ ცხოველს, სანამ ჩიპირება არ იქნება ჩატარებული.რა თქმა უნდა, როგორც ჩიპირება, ისე სტერილიზაცია უნდა იყოს ოჯახებისთვის ხელმისაწვდომი როგორც ფინანსურად, ისე ფიზიკურად. დღეს არის არა მხოლოდ ბევრი ბიუროკრატიული თუ ფინანსური ბარიერი, არამედ რეგიონების უმეტესობაში ფიზიკურად არ არის კლინიკები და მედპერსონალი, რომელიც გაწაფულია სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურის საერთაშორისო სტანდარტით განხორციელებაში”, – ამბობს თიკო კვალიაშვილი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტმა, მარიამ ჩხიკვიშვილმაც. მან ყურადღება გაამახვილა იმ საერთაშორისო სტანდარტებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა ახორციელებდეს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო.ჩხიკვიშვილის განმარტებით, არსებობს ცხოველთა მენეჯმენტის საერთაშორისო კოალიციის (ICAM) დამტკიცებული ჰუმანური სტანდარტი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვისთვის. ეს სტანდარტი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:ცხოველის აყვანა, შეგროვება;სტერილიზაცია;ვაქცინაცია;პირვანდელ საცხოვრებელ არეალში ცხოველის დაბრუნება“აუცილებელია ჯერ დავითვალოთ ცხოველების რაოდენობა როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა რეგიონში. დათვლის შემდეგ უნდა განისაზღვროს ბიუჯეტი, რესურსები და გასასტერილებელი ცხოველების რაოდენობა, რადგან, იმისათვის რომ ქუჩაში იკლოს პოპულაციამ აუცილებელია მდედრი ძაღლების მინიმუმ 70% ის სტერილიზება. პარალელურად კი გასათვალისწინებელი და აღმოსაფხვრელია ქუჩაში ცხოველების ხელოვნურად დამატების რისკებიც.”, – ამბობს მარიამ ჩხიკვიშვილი.
“მიუსაფარ ცხოველთა კლუბის” დამფუძნებელმა, იურისტმა ნანუკა ძირტკბილაშვილმა ისაუბრა იმ სამართლებრივ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. პირველ რიგში მან ყურადღება გაამახვილა განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება”.იურისტი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი უნდა გაუქმდეს. ძირტკბილაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი ბუნდოვანია – “მითითებული არ არის არეალის რადიუსები”. ცხოველთა დამცველი აცხადებს, რომ არეალის დაკონკრეტების შემთხვევაშიც კი, ეს ჩანაწერი ლოგიკურ აზრს მოკლებულია.“ცხოველებს ახასიათებთ მიგრაცია და შეუძლიათ ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილება. ძაღლი მაინც დაუბრუნდება თავის პირვანდელ საცხოვრებელ არეალს ან მას ჩაანაცვლებს სხვა მიუსაფარი. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ფაქტობრივად კრძალავს, ცხოველის დასახლებულ პუნქტში დაბრუნებას და არის არაპრაქტიკული და არაჰუმანური ჩანაწერი. სურსათის ეროვნული სააგენტო ახლა სწორედ ამას გვეუბნება, რომ ისინი ცხოველებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე ტყეში და ე.წ. “ბუნებში” გაუშვებენ, რაც დაუშვებელია საერთაშორისო ჰუმანური სტანდარტის მიხედვით”, – განაცხადა ნანუკა ძირტკბილაშვილმა.“პროექტი ცხოველებისთვის” თანადამფუძნებელმა, მარიამ ცერცვაძემ განაცხადა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამას ახორციელებს გაუმჭვირვალედ და მთელი რიგი დარღვევებით. მან ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც, ცხოველთა დამცველების შეფასებით, აუცილებელია გადაიდგას არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.“ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალობას! “ქართულ ოცნებას” ძალიან უყვარს ამ სიტყვის გამოყენება. შესაბამისად, ჩვენც მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან განხორციელებული პროგრამის აღსრულება იყოს გამჭვირვალე. კერძოდ:მათ მიერ თითოეულ გასტერილებული და აცრილი ცხოველი, აღირიცხოს ერთიან საერთო ბაზაში, მისთვის მინიჭებული საჭდის უნიკალური ნომრით […]თითოეული ცხოველი, რომელიც გადაყვანილი იქნება გასასტერილებლად, უნდა დაბრუნდეს ზუსტად იმავე არეალში, საიდანაც მათ თავდაპირველად აიყვანენ;გასტერილებული და საჭდიანი ცხოველის გადაყვანა დაუშვებელია, თუ ამის აუცილებელი სამედიცინო საჭიროება არ დგას. ეს არის როგორც ცხოველის არასაჭირო დასტრესვა, ასევე ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ცხოველი, ასევე, ტყუილუბრალოდ გადაჰყავთ ტრანსპორტში და თავშესაფარში, სადაც გავრცელებულია ვირუსები. უკვე გასტერილებული ძაღლი უნდა აიცრას ადგილზე და მისთვის უკვე მინიჭებული საჭდის ნომრით ადგილზევე უნდა დარეგისტრირდეს ბაზაში. ცხოველების ადგილზე გადაცრას სურსათის ეროვნული სააგენტო წარსულში ისედაც ახორციელებდა. ეს არ არის მათთვის ახალი პრაქტიკა;ცხოველების გადაყვანა და მათი უკან, იმავე არეალზე დაბრუნება უნდა აღიბეჭდოს ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებით და საჯარო იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის;პროგრამა უნდა განხორციელდეს მოქალაქეების, მიმკედლებლების, ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით, მათთან კოორდინაციითა და პროცესების შესახებ მათი ინფორმირებით. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ პროცესების დამოუკიდებელი მონიტორინგის შესაძლებლობა, მათ შორის ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვის ნაწილშიც”.
მარიამ ცერცვაძის ინფორმაციით, უფლებადამცველი აქტივისტები მუშაობენ აპლიკაციაზე, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ აღრიცხონ მათი მიკედლებული, ან უბრალოდ მათ გარშემო მცხოვრები ძაღლები. ძაღლების აღრიცხვა – ფოტო/ვიდეო გადაღება და აღწერა – მნიშვნელოვანია მათი გამრავლების მართვისა და დაცვისთვის.ამავე თემაზე:რა ხდება მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით



