რას ითვალისწინებს აშშ-უკრაინის წიაღისეულზე შეთანხმება

30 აპრილს ვაშინგტონში სა და -ს შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა მოაწერეს.
შეთანხმების მიხედვით, შეიქმნება აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი.
შეთანხმება შეეხება შეეხება 57 დასახელების მინერალს და ეს მხოლოდ ახალ საბადოებზე გავრცელდება, რომელთა ლიცენზიებსაც უკრაინა შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გასცემს. ამ სიის გაფართოება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
ასევე საუბარია აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე, თუმცა დოკუმენტში რიგი საკითხები დეტალურად არ არის აღწერილი. როგორც უკრაინული მედია წერს, ბევრი დეტალი, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საკითხები, გაწერილი იქნება „ტექნიკურ შეთანხმებაში“, რომელიც ამჟამად ხელმოსაწერად მზად არ არის.
რაც შეეხება წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ძირითადი დებულებებს:
· ყველა რესურსი უკრაინის საკუთრებაში რჩება – ეს შეთანხმებით არის გათვალისწინებული;
· საინვესტიციო ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით. ფონდს უკრაინა და შეერთებული შტატები ერთობლივად მართავენ. არცერთ მხარეს არ ექნება დომინანტური ხმა;
· შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვაში – ისინი კვლავაც უკრაინის საკუთრებაში დარჩებიან. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ და „ენერგოატომი“, სახელმწიფო საკუთრებაში რჩებიან;
· შეთანხმებაში არ არის ნახსენები რაიმე სახის ვალდებულებები, რომელიც უკრაინას აქვს შეერთებული შტატების წინაშე,
· შეთანხმება არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას;
· ფონდი შეივსება ექსკლუზიურად ახალი ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლით. საუბარია კრიტიკული მინერალების, ნავთობისა და გაზის სფეროში პროექტებისთვის ახალი ლიცენზიებიდან მიღებული თანხების 50%-ზე, რომელიც ფონდის შექმნის შემდეგ ბიუჯეტში შევა. ფონდში არ შედის უკვე დაწყებული პროექტებიდან ან ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლებიდან მიღებული შემოსავლები;
· აშშ უკრაინას ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მოზიდვაში DFC-ის (განვითარების საფინანსო კორპორაცია) სააგენტოს მეშვეობით დაეხმარება.
· ფონდის შემოსავალი და შენატანები არ ექვემდებარება დაბეგვრას არც შეერთებულ შტატებში და არც უკრაინაში.
„აშშ-ს ფონდში შეაქვს წვლილი. თანხების გარდა, მათ ასევე შეუძლიათ ახალი დახმარების გაწევა – მაგალითად, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის სახით.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პირველი 10 წლის განმავლობაში ფონდის მოგება და შემოსავალი არ განაწილდება, არამედ მხოლოდ უკრაინაში იქნება ინვესტირებული – ახალ პროექტებში ან რეკონსტრუქციაში იქნება ინვესტირებული. ეს პირობები უფრო დეტალურად იქნება განხილული“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.
თავის მხრივ, შეთანხმებაში ნათქვამია, რომ:
„თუ [აშშ-ის მთავრობა] უკრაინის მთავრობას რაიმე ფორმით ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს, აშშ-ის კაპიტალური შენატანი ასეთი სამხედრო დახმარების სავარაუდო ღირებულების ოდენობით გაზრდილად ჩაითვლება“.
სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს შეთანხმება რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესის ერთგულია.
„შეერთებული შტატები ვალდებულია, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზეა ორიენტირებული.
პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელ და უკრაინელ ხალხს შორის ეს პარტნიორობა წარმოიდგინა, რათა ეჩვენებინა ორივე მხარის ერთგულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ.
ნათლად რომ ვთქვათ, არცერთ სახელმწიფოს ან ფიზიკურ პირს, რომელმაც დააფინანსა ან ამარაგებს რუსული სამხედრო მანქანას, არ ექნება უფლება ისარგებლოს უკრაინის რეკონსტრუქციით“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.