პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე წაიკითხა “ქართული ქარტიის” ტექსტი, გეგმის, რომლის ირგვლივაც ის პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს.
ზურაბიშვილის განცხადებით, ეს გეგმა მშვიდობიანია და პირადად იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას გადარჩენისა და ევროპის გზა. მისივე თქმით, გეგმა ქვეყანას მიიყვანს იმ სიკეთეებამდე, რასაც დღეს აშშ საქართველოს სთავაზობს.
ტექსტს სრულად გთავაზობთ:
“ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით, ასევე, ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ეს ნაბიჯებია:
ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება. დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, ანუ რუსული კანონი; საარჩევნო კოდექსში შეტანილი მთელი რიგი ცვლილებები, ე.წ. მოსმენების კანონი, ოფშორების კანონი და ა.შ.
ასევე, გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამნისტია. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა მის მიმართ.
სასამართლოს გათავისუფლება, გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით. ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს. შემოწმება შეეხება ყველა ახალ მოსამართლეს, სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას. სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები. მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.
დაბოლოს, გავაძლიერებთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის საქმეებზეც.
ეს მოიცავს ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას. ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება და კერძოდ, ჩამოერთმევა დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია. ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება. იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება. უზენაესი სასამართლოს შერჩევის წესი შეიცვლება, საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს აეკრძალებათ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება და ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება, პირველ რიგში, პროკურატურას. გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი კვორუმი და მხოლოდ ერთი ვადით. საპროკურორო საბჭო გაძლიერდება, ჩატარდება სუს-ის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისგან. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს, პირველ რიგში, აღჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით, რაც დღეს არ გააჩნია. სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე.
ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას, საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
მარეგულირებელ ორგანოებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.
საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება – შეიქმნება სათანადო პირობები, დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი და დიასპორას მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება. ამ ქარტიაზე ხელმომწერები, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში და გარემოში.
ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჯერ კიდევ ვიქნები პრეზიდენტი”.