“დრონების კედლის” ინიციატივა პირველად რამდენიმე დღის წინ ევროპულმა კომისიამ გააჟღერა და მას აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები განსაკუთრებულად უჭერენ მხარს.
საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რომელიც ევროკავშირის მთელ საზღვარზე უნდა გადაიჭიმოს და უკანონოდ შეფრენილი დრონები გაანეიტრალოს. უნდა შეიქმნას რადარების, სენსორებისა და მტრული საფრენი მოწყობილობების ჩამოგდების სისტემათა მთელი ჯაჭვი, რაც ევროპას ჰიბრიდული და სამხედრო საფრთხეებისაგან თავის დაცვის ერთიანი მექანიზმის შექმნის საშუალებას მისცემს. ინიციატივას ჰყავს მოწინააღმდეგები, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტიც. მათი მტკიცებით, “დრონების კედლის” აშენება გაუმართლებელი ხარჯია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპული კომისიის მიერ წარდგენილ “დრონების კედლის” პროექტს მხარს არ დაუჭერს, რადგან ინიციატივა საგრძნობლად ხარჯიანი და არაეფექტური იქნება, თუ შესაბამისი მხარდაჭერის სისტემითაც არ იქნა აღჭურვილი, რაც, ცხადია, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. მისი აზრით, პროექტი ძალიან ზედაპირულია და საფრთხის შემცველი დრონების ყველა სახეობას ვერ გაანადგურებს. შესაბამისად, მაკრონი დარწმუნებულია, რომ ის ვერ ამართლებს იმ ხარჯებს, რაც სისტემის შექმნის პროცესზე დაიხარჯება.
მისთვის უმჯობესია, დაფინანსება ადრეული აღმოჩენის სისტემების განვითარებაზე, სამხედრო ავიაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიის შექმნაზე დაიხარჯოს.
საუბარია ახალ თავდაცვით სისტემაზე, რომელმაც ევროკავშირის საზღვრებზე უკანონოდ შეჭრილი დრონები უნდა აღმოაჩინოს და გაანეიტრალოს.
მაკრონი რუსეთთან დაპირისპირების გამწვავების რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ისეთი სისტემის შექმნა, რომელმაც ვითარების ესკალაცია სწრაფად შეიძლება გამოიწვიოს, მეტისმეტად საფრთხილოა.
