რას გეგმავს ფრანგული Accor-ი საქართველოში? – ინტერვიუ ალექსის დელაროფთან

ქართული ეკონომიკისთვის ტურისტული სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება, რასაც ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო მოთამაშეების შემოსვლა ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია – ფრანგული Accor-ია, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში ოპერირებს, სადაც 5,500-ზე მეტ სასტუმროს და 10,000-ზე მეტ საკვებისა და სასმლის დაწესებულებას მართავს. საქართველოში Accor-ი პირველად 2015 წელს გამოჩნდა, ხოლო ახლა, Accor-ის ქართულ პორტფელში, 9 სასტუმროა, მათ შორის პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი Pullman-ი და Swissôtel-ი.
როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, მომდევნო წლებში, ფრანგული კომპანია საქართველოში დამატებით 15 სასტუმროს გახსნას გეგმავს, თანაც არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც. მაშ, რატომ ვითარდება ფრანგული Accor-ი საქართველოში ასეთი ტემპებით, რა ბრენდები შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში უახლოეს მომავალში და რა გავლენას ახდენს ე.წ. “რუსული კანონი” და მის გამო ქუჩებში არსებული პროტესტი ქართულ ტურისტულ ინდუსტრიაზე? ამ და სხვა თემებზე Accor-ის ახალი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საოპერაციო დირექტორს, ალექსის დელაროფს ვესაუბრეთ.
ალექსის, საუბარი Accor-ის ქართული ბიზნესის განხილვით დავიწყოთ. თქვენმა ჯგუფმა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი და საინტერესო ბრენდი შემოიყვანა. პირველ რიგში გკითხავთ, რა იყო თქვენი მოტივაცია და გთხოვთ მომიყვეთ ქართულ ბაზარზე თქვენი ახალი პროექტების შესახებ.
ახალ პროექტებს რაც შეეხება, პირველ რიგში Swissôtel-ზე უნდა გიამბოთ, სადაც ახლა ვიმყოფებით – ეს ერთ-ერთი საუკეთესო Swissôtel-ია მსოფლიოში. არც თუ ისე დიდი ხანი გავიდა, რაც თბილისში Pullman-ი გავხსენით – ეს დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა. საქართველოში ოპერირება 2015 წელს დავიწყეთ და დღეს ცხრა სასტუმროს ვმართავთ, რომლებიც თბილისში მდებარეობს. გაინტერესებთ, საქართველოში რატომ ვფუნქციონირებთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მარტივია – საქართველო დიდი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძალიან ძველი ქვეყანაა, რომელიც საკვებისა და სასმლის სექტორში არის სპეციალიზებული. ეს ყველაფერი ისაა, რასაც დღეს საერთაშორისო მოგზაურები ითხოვენ, ასე რომ საქართველოს ვერაფრით დავივიწყებდით. თქვენი კითხვა მარტივია, რადგან ჩვენთვის, პლანეტის ამ ნაწილში განვითარებისთვის, საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, ხოლო ცხრა წელიწადში ცხრა სასტუმროს გახსნა – ფენომენალური შედეგია, რასაც გილოცავთ! რას უნდა ველოდოთ 2024-2025 წლებში Accor-ისგან? ფიქრობთ თუ არა საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანას?
საქართველოში ახალი სასტუმროების გახსნას ვგეგმავთ და სავარაუდოდ, ახალი ბრენდებიც გამოჩნდება. Accor-ის პორტფელში დღეს ორმოცზე მეტი ბრენდი ერთიანდება, ასე რომ ახალ სასტუმროებს და ახალ ბრენდებს უნდა ელოდოთ. მომდევნო თვეებსა და წლებში თხუთმეტზე მეტი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ანუ 3,000-ზე მეტ ნომერს გავხსნით. 2024-2025 წლებზე თუ ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ibis Ortachala, ibis Styles Old Town-ი, რომელიც შარდენზე გაიხსნება და ibis Styles-ის ბრენდის მეორე სასტუმრო იქნება. ბევრი სხვა სასტუმროს გახსნასაც ვგეგმავთ და ახალ ადგილებსაც ვაკვირდებით. ამ დროისთვის, უმეტესწილად, თბილისში ვოპერირებდით, მაგრამ სხვა ადგილებიც გვაინტერესებს. ძალიან მალე, პირველ სასტუმროს ბათუმში გავხსნით, სავარაუდოდ წელსვე და იმედი გვაქვს, რომ ივნისში, ანუ რამდენიმე კვირაში. Ibis-ის ბრენდის სასტუმროს აეროპორტშიც გავხსნით, ასე რომ ბევრი ახალი პროექტი გვაქვს.
ახალი ბრენდები, სავარაუდოდ, 2025 წელს გამოჩნდება. ბათუმში Handwritten-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება – ეს ბრენდი ოთხ- და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აერთიანებს, რომელთაც ძალიან ლამაზი დიზაინი გამოარჩევთ. ბევრი მათგანი შენობის გარდაქმნას მოიაზრებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალ შენობას ვაშენებთ, რადგან საქართველოში ინფრასტრუქტურა იქმნება, რაც კარგია, რადგან ის მომდევნო ორმოცდაათი წლის განმავლობაში უპრობლემოდ იფუნქციონირებს. საკმაოდ ბევრი ახალი პროექტი გვაქვს – ქობულეთში, მაგალითად, Mövenpick-ის ბრენდის სასტუმროს გავხსნით, სავარაუდოდ 2025 წელს. ბევრი პროექტი გვაქვს და უფრო მეტს ველოდებით.
შესანიშნავი გეგმები გაქვთ – თხუთმეტი პროექტი ცოტა ნამდვილად არ არის. ყველა ბრენდი, რომელიც ახსენეთ – გლობალურია, მაგრამ მინდა გკითხოთ, იყენებთ თუ არა თქვენს ქართულ პროექტებში ქართული ისტორიისა და კულტურის გარკვეულ ასპექტებს?
არსებობენ ბრენდები, რომლებშიც ეს მეტად ხდება, ვიდრე სხვებში. თუ Mercure-ზე ვისაუბრებთ, ის ჩვენი ლოკალური ბრენდია. ცხადია, ის გლობალური ბრენდია, რადგან მსოფლიოში Mercure-ის ბრენდის 700-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს, მაგრამ ის ადგილობრივ დიზაინს არის მორგებული. Mercure-ის ბრენდის სასტუმროებში ადგილობრივ თავისებურებებს ვითვალისწინებთ, მათ შორის საკვებისა და სასმლის მიმართულებით. საქართველოს შემთხვევაში, საუბარია ღვინოზე, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში, მაგალითად, კონიაკსა და ადგილობრივ კერძებს ვუსვამთ ხაზს, მაგალითად ტოლმას.
Mercure-ის შემთხვევაში ასეა, მაგრამ გვაქვს უფრო საერთაშორისო ბრენდებიც, მაგალითად Novotel-ი, რომელიც ავლაბარში ახლახან გავხსენით. თუმცა ვხსნით რა უფრო მეტ სასტუმროს და ვაკვირდებით რა მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, ვცდილობთ მეტად ავსახოთ ბრენდებში ლოკალური თავისებურებები.
ქართული ტურისტული ინდუსტრია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც რიცხვებითაც დასტურდება. გასულ წელს, ტურისტულმა სექტორმა 4 მილიარდ 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და შვიდ მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, რაც მნიშვნელოვანი წლიური ზრდაა. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და თუ კი, რა იქნება ქართული ტურისტული სექტორის ზრდის მთავარი მოტივატორი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში?
გაინტერესებთ, რატომ ჩამოვედით და დავიწყეთ ბიზნესი საქართველოში? საქართველოს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს – თქვენ გაქვთ, როგორც მთები და ზღვა, ასევე ძალიან ძველი ისტორია და კულტურა. ამასთან, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროპაში საკვებისა და სასმლის კულტურით. ყველაფერი ეს ისაა, რასაც ახალი მოგზაურები მოელიან, რადგან მათ სიახლეების აღმოჩენა სურთ. ისე კი არ ფიქრობენ, რომ ჩამოვლენ, მოიხმარენ და წავლენ – არა. დღეს, ადამიანები აღმოჩენებს ეძებენ და სურთ, სხვა კულტურები გაიცნონ. ამიტომაცაა, საქართველოს ასეთი შედეგი რომ აქვს, რადგან ყველაფერი გაქვთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.
ცხადია, არსებობს პრობლემები, რადგან ამისთვის ძალიან განვითარებული ინფრასტრუქტურა არის საჭირო. მრავალი წელია, რას საქართველოში დავდივარ და ვხედავ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველ ორ-სამ წელიწადში იცვლება და ფართოვდება. გზები და საცობები ჯერაც პრობლემად რჩება, ისევე, როგორც ქალაქებს შორის მიმოსვლის საკითხი და სხვა უხილავი სისტემები, მათ შორის წყალარინება, წყალი და ელექტროენერგია, მაგრამ საერთო ჯამში, ყველაფერი ვითარდება. ცხრა წლის წინ საქართველოში ოპერირება რომ დავიწყეთ, საქართველო – სხვა ქვეყანა იყო. განვითარება სწორი მიმართულებით ხდება და ვერც იმის მოლოდინი გექნება, რომ რაღაც ერთ დღეში შეიქმნება. ინფრასტრუქტურის აშენებას დრო სჭირდება, მაგრამ ის სამუდამოდ შენდება, რაც პროცესების ექსპონენტურად დაჩქარების შესაძლებლობას აჩენს. ერთი, რაც მინდა ვთქვა ისაა, რომ საქართველომ ტურისტული ნაკადები ფრთხილად უნდა მართოს, რათა ის მასობრივ ტურიზმში არ გადაიზარდოს, რადგან ასეთი ტურიზმი, ზოგჯერ, ადგილობრივ თავისებურებებს კლავს. მნიშვნელოვანია, ქალაქმა და ქვეყანამ ეს სპეციფიკური ბალანსი დაიცვას.
ახლა ძალიან საინტერესო რამ თქვით, რადგან ეს ორიგინალური შეხედულებაა. მინდა გკითხოთ, რა ნიში უნდა დაიკავოს საქართველომ გლობალურ ტურისტულ ეკოსისტემაში, ანუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა?
მასობრივი ტურიზმი საქართველოში დღეს არ არის განვითარებული და მნიშვნელოვანია, ეს მომავალშიც ასე იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, ქართული ხასიათი, საკვები და სასმელი და გარემო, შესაძლოა, განადგურდეს. ყველაფერი ეს იმდენად ლამაზია, რომ ადამიანები სწორედ ამ სილამაზის სანახავად ჩამოდიან. მოდი, შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი, რათა ადამიანი, რომელიც აქ ჩამოვა, იგრძნოს, რომ საქართველოში ჩამოდის და არსად სხვაგან. ეს არის, რაც უნდა მოხდეს.
როგორც ვხედავ, ქვეყნის უნიკალურობის შენარჩუნებას გულისხმობთ…
კი, რადგან სწორედ ესაა, რაც საქართველოს საინტერესო ქვეყნად აქცევს.
ალექსის, გრძელვადიანი ხედვა დადებითია, რაც თქვენი ჯგუფის დადასტურებული ინვესტიციებითაც დასტურდება, მაგრამ ბოლო პერიოდში, საქართველომ არაერთი მოკლევადიანი სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური შოკი განიცადა, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უკავშირდება. ჩვენ ტურისტული საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ვესაუბრებით და ბევრი მათგანი ამბობს, რომ ამ კანონისა და მის გამო დაწყებული პროცესების გამო, ჯავშნები უქმდება, რადგან მოგზაურობენ კითხულობენ, ჩამოვიდნენ თუ მოგზაურობა გადადონ. ხედავთ თუ არა კლების ტენდენციას თქვენი ჯგუფის სასტუმროების შემთხვევაში და ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთ შოკებს ქართული ტურისტული ინდუსტრიის დაზიანება შეუძლია?
პირველ რიგში გეტყვით, რომ ყველა ჩვენი სასტუმრო ფუნქციონირებას აგრძელებს. მეორე რიგში კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ქვეყანაში 2015 წლის შემდეგ ვოპერირებთ და თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ 2015 წლიდან ქვეყანაში არაერთი ამგვარი რყევა მომხდარა. გრძელვადიანად, ჩემი აზრით, პრობლემა არ იქნება, რადგან ეს არც ტურიზმზე მოახდენს გავლენას და არც საქართველოს იმიჯზე. შესაძლოა, მოკლევადიანი შედეგი იყოს, ანუ გარკვეულმა სასტუმროებმა სხვებზე ცუდად იმუშაონ. სასტუმრო თუ რუსთაველის გამზირზე დგას, ის, ცხადია, მეტად დაზარალდება, ვიდრე სასტუმრო, რომელიც სტადიონთან მდებარეობს. ამგვარად, დიდ უარყოფით გავლენას არ ველოდებით. მოკლე ვადაში, შესაძლოა, გარკვეული სასტუმროები დაზარალდნენ, მაგრამ იმ ტენდენციას, რომელიც ახლახან მიმოვიხილეთ, გრძელ ვადაში საფრთხე არ ემუქრება.