რას გამოიწვევს უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 400 000 ლარამდე გაზრდა? – ექსპერტების შეფასება

2024 წლის 1 მაისიდან საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400,000 ლარამდე იზრდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.
2024 წლის იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 200 000 ლარიდან 300 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მაისიდან კი ზღვარი კიდევ 100 000 ლარით გაიზრდება.
ეროვნული ბანკის მიერ არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვრის 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდას დადებითად აფასებს ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. როგორც ნადარაია აცხადებს, მაკროეკონომიკური გარემო ამის საშუალებას იძლევა.
„ამ გადაწყვეტილებას უფრო მორგებულ ჩარჩოს დავარქმევდი, რადგან სადაც შემოსავალი მოწყვლადი ჯგუფებისთვის ლარშია, სესხიც ლარში უნდა იყოს. ამ მხრივ ვფიქრობ, სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო მორგენული ჩარჩოსკენ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ მაკროეკონომიკური გარემო როგორც ეს კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“, – განმარტა ოთარ ნადარაიამ.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იზიარებს საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი ლია ელიავაც. ის მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია.
„პირობების შერბილება ხელსაყრელი იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული ბანკებისთვის. მგონია, რომ ძალიან გონივრული ნაბიჯია, რადგან ამ გზით მოსახლეობისთვის სესხები უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
ხალხი მზად არის გადაიხადოს მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ბანკებისგან სესხს ვერ იღებს, ამიტომ იძულებულია მიმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სხვა გამსესხებლებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ცუდ მდგომარეობაში აყენებენ მათ. ცვლილებით კომერციული ბანკები სხვა საფინანსო ინსტიტუტებს ბაზრის გარკვეულ წილს წაართმევენ და ეს მათთვის ხელსაყრელია. პრინციპში მოსახლეობისთვისაც, რადგან კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა გამსესხებლების“, – ამბობს ლია ელიავამ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შეფასებით ამ ზღვრის აწევა ქვეყანაში ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებისთვის და შესაბამისად, მსესხებლებისთვის სავალუტო რისკების შემცირებას შეუწყო ხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით“ – შალვა პაპუაშვილი