…ყოველთვის შეგვიძლია ვთავათ, რომ აღმვლობის გზაზე მყოფი საქართველოს ნაკრებისთვის ერთი მარცხი ტრაგედია ვერ იქნება; ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, ისეთი მძიმე მოედანი, როგორიც პოზნანში ვიხილეთ, ხელს უფრო ტექნიკურ და სწრაფ გუნდს უშლის, როგორიც ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები იყო… მაგრამ წარმატებისა თუ მითუმეტეს, წარუმატებლობის შემთხვევაში, მეტი თვითრეფლექსია(მოტივების, ემოციების, საქციელის ცოდნა და კონტროლი), კრიტიკა და მომავლის შესაბამისად დაგეგმვაა საჭირო.
საქართველოს ნაკრები გადაეჩვია ვითარებას, როცა გოლს პირველად უშვებს და თამაშის სცენარის შეცვლა უწევს. მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლზე ისედაც მუდამ ვწერთ, რომ მას ე.წ გეგმა ბ-ს
ამუშავება უჭირს, წარმატების მიღწევა კი უფრო კონტრშეტევებზე წარმოუდგენია. რა მოხდა მაშინ, როცა მოწინააღმდეგემ გაგვიტანა? ჩვენი მთავარი პლუსები მათ “გადავაბარეთ” და პოზიციური იერიშების დაგეგმვა თავად გვიწევდა, რაც უკრაინაზე სუსტ გუნდებთანაც გაგვჭირვებია.
შეხვედრის შემდეგ სანიოლმა აღნიშნა, თამაშში გვიან შევდივართ და ეს ჩეხეთთანაც ასე იყოო. მაშინ საქმე ხომ არ გვაქვს იმასთან, ჩვენი გუნდი უბრალოდ შეჩვეულია, უპირატრსობა უნდა დათმოს, საკუთარი შანსი სწრაფ შეტევებში სცადოს და თუ ეგ არ გამოდის, ან მთლად უარესი, გოლს ვუშვებთ, შეტევაზე შემდეგ ფიქრობს.
ფაქტია, რაღაც შესაცვლელი გახდა, შესაძლოა, ტაქტიკაც. აქამდე რამდენიმე შეხვედრას ერთნაირი შემადგენლობით ვიწყებდით. მაგალითად, ლოჩოშვილის ფლანგზე გამოყენება პროდუქტიული გამოდგა, მაგრამ ის არაა ამ ამპლუის ფეხბურთელი და იქნება მატჩები, სადაც თუნდაც დაცვაში უფრო სუსტი, შეტევაში კი აქტიური ფრთის მოთამაშე გახდება საჭირო.
თბილისში ჩატარებულ ბოლო პრესკონფერენციაზე სანიოლს ნახევარდაცვაში არსებულ კონკურენციაზე ვკითხეთ. გასაგებია, ის იქნებ ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს, ფაქტი კი ისაა, რომ სათადარიგოთა შორის ვერ მოიაზრებს ისეთს, ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელსაც იმ დღეს უბრალოდ თამაში სათანადოდ არ გამოსდის(ახლა დისკვალიფიკაციაც გვაქვს. აქვე, “ქოჩორას” განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ის ძალიან განიცდიდა და უკრაინასთან ბათუმში ველით!), ჩაანაცვლოს. ამპლუის ცვლილებებს ხშირად ვხედავთ და ეს იქნებ შუა ხაზშიც გვეცადა. ასეთ მძიმე მოედანზე და მოედნაზე არსებულ ვითარებაში ყველა (ხუთივე) შეცვლა რომ არ გამოვიყენეთ, ეს ძალიან გვაფიქრებს. ასეთ დროს ეს მოწინააღმდეგისთვის გაკეთებული ერთგვარი საჩუქარიცაა.
აქვე, ხსენებულ პრესკონფერენციაზე წამოჭრილ კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. კარგად ჩანს და მხოლოდ გუშინ არ დაგვინახავს, ჩვენი დაცვის ხაზს სისწრაფე რომ დაკარგული აქვს და საბა გოგლიჩიძის გუნდთან მალე ადაპტირება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, იკვეთებოდა, რომ “ემპოლის” მცველის უკრაინასთან თამაშის შანსი ნაკლები იყო. ვინც 21-წლამდელთა გადამწყვეტ შეხვედრას უყურეთ, დაგვეთანხმებით, ცენტრალურ დაცვაში რამხელა პრობლემები იყო. ახლა კიდევ უფრო გაუგებარია, 20 წლის მცველმა იქ რატომ არ ითამაშა…
…ხვიჩა კვარაცხელია იმხელა პერსონაა, მასზე ყოველთვის დიდი მოლოდინებია. არ ვიცით, რა ხდებოდა სავარჯიშო პროცესზე, მაგრამ გარედან ისე გამოჩნდა, ის დაზიანება, რითაც “კვარა” ნაკრებში ჩამოვიდა, მასზე გავლენას თუნდაც იმ კუთხით ახდენდა, 90 წუთით ერთნაირად სათამაშოდ მზად არ იყო. როცა მარცხდები, ხვიჩას მინდვრიდან გაყვანა კაპიტულაცია და მეტოქისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობის გადაბარებააცაა, ამიტომ იქნებ ჯობდა, კვარაცხელიას მეორე ტაიმიდან ეთამაშა. ეს მხოლოდ ვარაუდია. “ნაპოლის” ფეხბურთელის როლი, ტრადიციულად, ძალიან დიდია, მოწინააღმდეგეები მასზე განსაკუთრებით “მუშაობენ”, რაც სივრცეებს სხვებს უხსნის, თავად კი მაღალ კლასს მუდამ ავლენს. აქვე, მიხაილო მუდრიკზე ვთქვათ. სამწუხაროდ, მის მაღალ კლასს ბევრი ვერაფერი დავუპირისპირეთ – ერთხელ გაიტანა, მეორედ “მამარდამ” გვიხსნა.
ახლა მთავარია, გუნდმა ძალების აღდგენა და ემოციურად ამ მარცხიდან გამოსვლა უსწრაფესად შეძლოს. ამ ბიჭებს საკუთარ თავზე მუშაობა ნამდვილად არ ეშლებათ და თავადაც იციან, განვლილ მატჩში ინდივიდუალურად უკეთ რა შეეძლოთ. იქნება სიახლეებიც, იქნებ ტაქტიკურიც და მასთან ადაპტირება არ უნდა გაგვიჭირდეს. ალბანელებიც განსაკუთრებულად მოტივირებულები ჩამოვლენ, მათი მწვრთნელი სილვინიოც ეცდება, უკრაინელთა თავკაც რებროვიდან თუ ჩვენი მათთან პირველი დაპირისპირებიდან მნიშვნელოვანი ისწავლოს, თანაც, ორი მარცხის შემდეგ, შემართებას არ დააკლებენ.
უკრაინაისთან სტატიატიკა ვერ გავაუმჯობესეთ, მომავალში კი მაგ სტილის გუნდებსაც მოვუძებნით შესაბამისს გასაღებს, ამის გვჯერა!..