გარემოს დაცვის და ტურიზმის სპეციალისტ გაგა მუმლაძის აზრით, საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოების მიერ საქართველოში არშეშვების რისკზე საკუთარი მოქალაქეების გაფრთხილება შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტურიზმი დააზიანოს.
„ზოგადად, ტურიზმი ძალიან ფაქიზი სფეროა და მოგზაურები მსგავს განცხადებებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ“, – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან ინტერვიუში.
გაგა მუმლაძე ჩეხეთში სერტიფიცირებული გიდია და უკვე რამდენიმე წელია, პრაღაში საქმიანობს.
– საფრანგეთი და პოლონეთი ორივე დიდი ქვეყანაა და წესით, ჩვენი პრიორიტეტული ბაზრები უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს, სახელმწიფოს სხვა მიმართულება აქვს აღებული და ეს ყველაფერი საქართველოზე, როგორ ტურისტული ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.
– რამდენად ადეკვატური იყო ირაკლი კობახიძის საპასუხო განცხადება – მან თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფრო ხშირად ეუბნებიან უარს შესვლაზე ამ ქვეყნებში, მიუხედავად უვიზო რეჟიმისა. კერძოდ, ირაკლი კობახიძის სტატისტიკის თანახმად, წელიწად-ნახევარში საქართველოს 1 000-ზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე, ხოლო საქართველოში შემოსვლაზე – ამ ქვეყნების 25 მოქალაქეს….
– ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ მსგავს პოპულისტურ განცხადებებს, რომ თურმე მათ უფრო მეტ ქართველს შეუზღუდეს თავიანთ ქვეყნებში შესვლა, ვიდრე – ჩვენ, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ჩვენ მოსახლეობას დააზიანებს და ეკონომიკისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს… რაოდენობრივად რომელ ქვეყანაში რამდენი ქართველი შეუშვეს სამუშაოდ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს [ფრანგი ან პოლონელი მოქალაქისთვის], რადგან ის ეცნობა თავისი ქვეყნის საელჩოს განცხადებას, სადაც აფრთხილებენ საქართველოში მოგზაურების შესახებ და ეს მოქმედებს მის გადაწყვეტილებაზე, ჩამოვიდეს თუ არა…
– რა იქნებოდა „ოცნების“ მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლიანი პასუხი საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოების განცხადებებზე?
– ვფიქრობ, მსგავს განცხადებებს უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად – ქვეყნის იმიჯის შელახვის გარეშე… [ჩვენი გზავნილი] უნდა იყოს, რომ საქართველო უსაფრთხოა სამოგზაუროდ.
– ხუთი წელია ევროპაში მუშაობს და ალბათ ხშირი კონტაქტი გექნებათ ევროპელ ტურისტებთან – რას აქცევენ ყურადღებას ვიდრე მოგზაურობას გადაწყვეტენ?
– ზოგადად, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია; ბოლო პერიოდში, საქართველოდან გავრცელებულმა კადრებმა ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ევროპელ ტურისტებზე, რადგან ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ დემოკრატიის ხარისხს და უსაფრთხოებას. რამდენიმე თვეა პროტესტი მიდის საქართველოში და ევროპაში ყველამ ვნახეთ, ის როგორ ჩაახშვეს; ასე რომ, ვფიქრობ, მსგავსი ფაქტები ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს ევროპელ ტურისტებში…
– თქვენ პრაქტიკაში გქონიათ შემთხვევა, რომ ჩეხ ან სხვა ევროპელ ტურისტს რჩევა უკითხავს საქართველოში მოგზაურობაზე?
– დიახ.. ჩეხეთში საქართველო პოპულარულია და არაერთხელ დაუსვამთ მსგავსი კითხვა, მას შემდეგ, რაც ძალადობის კადრები იხილეს რუსთაველის გამზირზე – თუ როგორი ქვეყანაა, ღირს თუ არა კვლავ მოგზაურობა და სახელმწიფო რა მიმართულებით მიდის. ვფიქრობ, დღეს, გაურკვეველია საქართველოს სახელმწიფო გაურკვეველია რა მიმართულებით მიდის და ტურისტული ბაზრების გაურკვევლობაც ამის ნაწილია…
