ევროკავშირის ქვეყნებში, თითქმის მთელ კონტინენტზე ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავენ. იანვრის ბოლოს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის პარალელურად ქალაქის ცენტრში ასობით ტრაქტორი და ათასობით ფერმერი შეიკრიბა. პროტესტი მეტ-ნაკლებად სიმბოლურიც იყო, რადგან ევროპელი ლიდერების შეკრების მიზეზი ევროკავშირის აგრარული პოლიტიკა არ ყოფილა. ისინი უკრაინისთვის მორიგი დახმარების პაკეტის გადაცემას უყრიდნენ კენჭს. ფერმერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პოზიცია, რომ ევროპელი ბიუროკრატები საშინაო პოლიტიკის გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე საგარეო პრობლემების მოგვარებას და ისეთი საკითხებზე ფიქრს, როგორიც თუნდაც მათი ყოველდღიური სირთულეებია.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ძირითადი ნაწილი ბრიუსელისა და EU-ს ბიუროკრატებისკენაა მიმართული, ფერმერების გამოსვლები – ტრაქტორების მარში ქუჩებსა და ავტომაგისტრალებზე, პორტების ბლოკირება, ადმინისტრაციულ შენობებთან თივის დაყრა და კვერცხების დაშენა – ევროპის დიდ ნაწილშია გავრცელებული. მრავალრიცხოვანი გამოსვლები იყო პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბელგიაში.
რა აპროტესტებენ?
გამოსვლების ზოგიერთი მიზეზი, მაგალითად გერმანიის გეგმა სასოფლო-სამეურნეო დიზელზე საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ, ან ნიდერლანდებში აზოტის გამონაბოლქვის შემცირების მოთხოვნა, კონკრეტულია თითოეული ქვეყნისთვის. მაგრამ არაერთი პრობლემა ყველა ევროპელი ფერმერისთვის საერთოა. კონტინენტის მასშტაბით ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის მწვანე შეთანხმების (რომელიც თეორიულად მიზნად ისახავს კლიმატის დაცვისთვის საჭირო ზომების შემოღებას) ფარგლებში ფერმერებზე დაწოლილ ტვირთს, იაფ იმპორტულ პროდუქტთან კონკურენციის სირთულეს, დიდ მოთამაშეებზე მორგებული სუბსიდირების სისტემას და ა.შ.
მეორე მხრივ, მაგალითად, პოლონეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში ფერმერებს ძირითადად ევროკავშირის რეგულაციები და იაფ იმპორტთან კონკურენცია ადარდებთ, გერმანიაში პრობლემა ტექნიკაზე დაწესებული გადასახადებია, რუმინეთსა და საბერძნეთში ძირითადი პროტესტი მიმართულია EU-ს საერთო აგრარული პოლიტიკის გადასახადებისკენ.
ხარჯების ზრდა და ფასების შემცირება
ფერმერები მთელს ბლოკში იზიარებენ და ხაზს უსვამენ პრობლემას, რომ გაიზარდა ფასები ენერგოპროდუქტებზე, სასუქებსა და ტრანსპორტზე, რაც მათი წარმოების ხარჯებს ზრდის. ამასთან, მთავრობები ინფლაციის ფონზე ცდილობენ შეაჩერონ სურსათზე ფასების ზრდა, რაც ასევე ახალისებს იაფ იმპორტს.
იაფ იმპორტულ პროდუქტებთან კონკურენციაც პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რადგან ევროპელ ფერმერებს პროდუქტის წარმოება ევროკავშირის მკაცრი რეგულაციების პირობებში უწევთ, რაც წარმოების ფასს ზრდის. ბაზარზე გატანის დროს მათ კონკურენციის გაწევა უწევთ იმპორტულ პროდუქტთან, რომელიც ევროკავშირის მსგავსი მკაცრი რეგულაციების პირობებში არაა ნაწარმოები და შესაბამისად, უფრო იაფია.
პარალელურად მთავრობები აპირებენ საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივად შემცირებას მაგალითად საწვავზე, რაც ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტიცაა, თუმცა ფერმერთა აღშფოთების კიდევ ერთი მიზეზია.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფერმერების პროტესტის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქტებთან (მარცვლეული, შაქარი, ხორცი) კონკურენცია. ვინაიდან ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას იმპორტზე კვოტები და გადასახადები მოუხსნა, პროდუქტის ფასი შემცირდა და შესაბამისად, EU-ში ნაწარმოებ პროდუქტთან უთანასწორო კონკურენცია შეიქმნა.
დაძაბულობის ზრდა ტემპერატურის ზრდასთან ერთად
ფერმერები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში ამინდის ცვლილება სულ უფრო მეტ ნეგატიურ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე. მაგალითად, ესპანეთში ფერმერებისთვის პრობლემას წარმოადგენს სარწყავი წყლის გამოყენება. მეორე მხრივ, 2023 წელს საბერძნეთში სოფლის მეურნეობით მისაღები შემოსავლის დაახლოებით 20% ხანძრებმა გაანადგურა. მთავრობები ესპანეთსა და პორტუგალიაში განიხილავენ წყლის გამოყენების შეზღუდვას რეკორდული გვალვების ფონზე.
ეს თემა ფერმერებსა და ევროკავშირის ბიუროკრატებს შორის კომუნიკაციის დიდ პრობლემას იწვევს, რადგან მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ პრობლემებს პირველ რიგში სწორედ ისინი ხედავენ, თუმცა ბრიუსელში შემუშავებული მწვანე პოლიტიკა გამოწვევებს ვერ პასუხობს.
EU-ს პოლიტიკის პრობლემები
ფერმერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკა (CAP), რომელიც ყოველწლიურად €55 მილიარდის სუბსიდირებას სისტემასაც მოიცავს, მიმართულია არა ინდივიდუალური ფერმერების, არამედ დიდი ფერმების, კომპანიებისა და ერთფეროვანი ბაზრის შექმნისკენ.
მათ შორის ამ პოლიტიკის შედეგად მიიჩნევენ, რომ 2005 წლიდან დღემდე ევროკავშირში ფერმერების რაოდენობა მესამედზე მეტით შემცირდა. სიტუაციის გამწვავებას მიაწერენ ევროკავშირის მწვანე შეთანხმებაში გაწერილ რეგულაციებსაც. პოლიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა და 2050 წლისთვის ბლოკის კლიმატის მიმართ ნეიტრალურობის მიღწევას გულისხმობს.
მიზნები მოიცავს 2030 წლისთვის პესტიციდების განახევრებას, სასუქების მოხმარების 20%-ით შემცირებას, არასასოფლო-სამეურნეო გამოყენებისთვის მეტი მიწის დათმობას და ორგანული წარმოების გაორმაგებას ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო მიწის 25%-ზე.
ბევრი ფერმერი უკვე ჩივის, რომ ევროკავშირის არსებული წესები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სარწყავი სისტემები და ცხოველთა კეთილდღეობა, ძალიან მკაცრად არის განმარტებული. ისინი ამტკიცებენ, რომ მწვანე ინიციატივა ფერმერების მიმართ უსამართლო და არარეალურია.
როგორ პასუხობენ პოლიტიკოსები პროტესტს?
კონტინენტის მასშტაბით პროტესტმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის თქმით, კომისია პესტიციდების შესახებ ინიციატივას უკან გაიწვევს და ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს. ევროკომისიამ ასევე დროებით შეაჩერა ბიომრავალფეროვნების წახალისებისთვის მიწების გამოყოფის ინიციატივაც.
EU-მ უპასუხა პროტესტს უკრაინული პროდუქტების შესახებ და წარადგინა შეთავაზება, რომ იმპორტი შემცირდება და მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობა იქნება დაშვებული. ამასთან, ევროკომისიამ 2040 წლისთვის მისაღწევი კლიმატის აქტიდან ამოიღო სათბური გაზების 30%-ით შემცირების პუნქტი, რომელშიც სოფლის მეურნეობის სექტორს დიდი როლი უნდა შეესრულებინა.
პარალელურად გერმანიის მთავრობა აპირებს, რომ ფერმერებისთვის დიზელის საწვავის და ტექნიკის სუბსიდირება კვლავ გააგრძელოს, თუმცა გარკვეული პერიოდით. საბერძნეთი ერთი წლით გაახანგრძლივებს სასოფლო-სამეურნეო დიზელზე გადასახადის შეღავათს. საფრანგეთის ახლად დანიშნულმა პრემიერმინისტრმა, გაბრიელ ატალმა პირობა დადო, რომ დაიცავს “სასურსათო სუვერენიტეტს” და თქვა, რომ საფრანგეთი გაზრდის კონტროლს სურსათის იმპორტზე, რათა უსამართლო კონკურენცია თავიდან იქნას არიდებული.
პროტესტის პოლიტიკური კონტექსტი
2024 წელი ევროკავშირში ევროპარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ ივნისიდან თავიდან დაკომპლექტდება პარლამენტი და აღმასრულებელი ინსტიტუტები, მათ შორის ევროკომისია. რადგან მწვანე შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი დაპირება და შემუშავებული პოლიტიკაა, მის გარშემო დაწყებულ მასშტაბურ პროტესტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
გარკვეულწილად პროტესტით სარგებლობენ რადიკალური მემარჯვენე პარტიებიც, რომლებმაც ფერმერების მოთხოვნებზე კაპიტალიზება უკვე დაიწყეს. მაგალითად, გერმანიის პოპულისტი პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD), რომლის წარმომადგენლებიც პროტესტს შეუერთდნენ.