რას ამბობს პოლიციელი, რომელიც ამაღლობელის დაკავების ოქმს აწერს ხელს და რა ჩანს კადრებში

„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე ს საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს მოწმე პოლიციელი, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც ამაღლობელის დაკავების ოქმს აწერს ხელს. ადვოკატების თანახმად, ოქმი გაყალბებულია, რაც ვანაძის ჩვენებამაც გამოაჩინა.
ამაღლობელის ადვოკატები ორ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ:
· დაკავების ოქმში, რომელსაც პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე აწერს ხელს, წერია, რომ ამაღლობელი პოლიციის შეურაცხყოფის გამო დააკავეს, – როცა კადრებიდან ჩანს, რომ ამაღლობელი სტიკერის გაკვრისათვის დააკავეს, რაც კანონდარღვევაა;
· ვანაძე ამბობს, რომ სწორედ მან დააკავა მზია ამაღლობელი, როდესაც კადრებში ჩანს, რომ ამაღლობელს არა ის, არამედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია აკავებს.
რას ამბობს გოჩა ვანაძე
ვანაძის ვერსია ასეთია: 11 იანვარს ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ შესასვლელთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, სადაც, სხვებთან ერთად, მზია ამაღლობელი იმყოფებოდა.
„[აქციის მონაწილეებს] პოლიციის მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვინაიდან ეს ობიექტი არის ადმინისტრაციული შენობა … განვათავსეთ ძალები ისე, რომ დემონსტრანტებს ჰქონოდათ გამოხატვის თავისუფლება და ადმინისტრაციული შენობა ყოფილიყო დაცული“, – თქვა ვანაძემ.
მისი მტკიცებით, „ვინაიდან აქციის მონაწილეების ნაწილი იყო აგრესიული და პოლიციელებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას“, პოლიციელებმა რეაგირება გადაწყვიტეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
„ამ დროს მზია ამაღლობელი ხელს უშლიდა პოლიციის თანამშრომლებს დასაკავებელი პირების დაკავებაში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მე მივიღე მისი დაკავების გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვანაძემ.
„თუმცა“, – დასძინა მან, – „ვინაიდან ეს იყო მომენტი, როცა მიმდინარეობდა დაკავებები და მოითხოვდა რესურსებს“, ამაღლობელი იმწუთას არ დაუკავებიათ: „რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ვნახე ადმინისტრაციული ორგანოს მიმდებარედ, სადაც იყო განცალკევებით აქციის მონაწილეებისგან და მივიღე გადაწყვეტილება დაკავების შესახებ“.
მასთან -ის იურისტებს კითხვები არ ჰქონიათ. მზია ამაღლობელის ადვოკატებმა კი არაერთი კითხვა დაუსვეს. მანამდე კი რამდენიმე კითხვა მოსამართლემაც დაუსვა. მოსამართლის კითხვაზე პასუხად ვანაძემ თქვა, რომ:
„[უშუალოდ დაკავების] მომენტში ამაღლობელი წინააღმდეგობას არ წევდა, მანამდე რამდენიმე წუთით ადრე სხვა პირების დაკავებისას უწევდა წინააღმდეგობას და ამ ფაქტზე დავაკავეთ რამდენიმე წუთში, როცა იმყოფებოდა სხვა მონაწილეების განცალკევებით“.
მოსამართლის კითხვაზე, „უშუალოდ ვის დაკავებაში გიშლიდათ ხელს“, პოლიციელს არავის გვარი არ დაუსახელებია:
„ზუსტად არ მახსოვს, რამდენიმე პირი დაკავდა აღნიშნული აქციის ეპიზოდში და არ მახსოვს, რომელი პირის დაკავებაში გვიშლიდა ხელს“.
კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა ამაღლობელის მხრიდან „შეურაცხყოფა“, ვანაძემ თქვა: „აქციებიდან გამომდინარე, ძირითადად ერთი სახით, „რუსების მონები“ და ა.შ.“.
„მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ“
ამის შემდეგ პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძეს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა არაერთი კითხვა დაუსვეს. შეკითხვები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ დაიწყო:
– „თქვენ ამბობთ, რომ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება დაკავების შესახებ. სხვა რომელიმე პოლიციელი თქვენთან ერთად იმყოფებოდა, როცა, თქვენი თქმით, სამართალდარღვევა ჩაიდინა? თქვენ გარდა ეს ვინ დაინახა“?
– „ჩემ ირგვლივ პოლიციელები იყვნენ. ვინ დაინახა და ვინ ვერ დაინახა, მაგაზე პასუხს ვერ გაგცემთ“.
ქურდოვანიძემ პოლიციელს შეახსენა, რომ ცრუ ჩვენების მიცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, ლეპტოპში ჯერ შორიდან, შემდეგ კი ახლოდან აჩვენა ვიდეო, სადაც ამაღლობელის დაკავება ჩანს, და ჰკითხა:
– „აი, ეს ადამიანი [ვინც მზიას აკავებს] თქვენ ხართ? ეს ადამიანი, მზია ამაღლობელს ვინც აკავებს, თქვენ ხართ“?
– „ვერ მცნობთ“? ასეთი იყო ვანაძის პირველი პასუხი.
– „ჰოდა, თქვენ ხართ? თქვენ თავს თქვენ ცნობთ? ეს პიროვნება თქვენ ხართ“.
– „არ ვიცი… აი, ეგ ვარ“, – უპასუხა ვანაძემ ცოტა ხანში.
რა ჩანს კადრებში?
საქმე ის არის, რომ კადრებში, რასაც ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე პოლიციის უფროსის მოადგილეს აჩვენებდა, გრიგოლ ვანაძესთან ერთად ჩანს გრიგოლ ბესელია – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.
ჯერ სწორედ ბესელია, – ამაღლობელის მიერ ბანერის კედელზე გაკვრის შემდეგ, – ადებს ამაღლობელს ზურგზე ხელს, მიმართულებას აძლევს, რის შემდეგაც ამაღლობელი პოლიციის განყოფილებაში შედის.
გოჩა ვანაძემ ამ დროს ბესელიას ზურგს უკან დგას.
მას შემდეგ, რაც ბესელიამ თქვა, „არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე ამას“, ხოლო ადვოკატმა კითხვა გაუმეორა, მოსამართლემ განაცხადა: „გაგვცა პასუხი და შეფასებას მე ვერ გავაკეთებ… გვეყოლება სხვა მოწმეებიც“.
საქმეში ჩაერთო შსს-ის იურისტიც, რომელმაც პროტესტი გამოხატა ამ კითხვების გამო და განაცხადა: „აღნიშნული სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ადმინისტრაციულ დაკავებაზე და საფუძვლები არის დაკავების კანონიერების საკითხი… რატომ უნდა ვუპასუხოთ იმ კითხვებზე“.
მოსამართლემ კვლავ მისცა ამაღლობელის ადვოკატებს კითხვების დასმის უფლება. ქურდოვანიძემ გაუმეორა:
· „ეს ადამიანი, რომელიც მზია ამაღლობელს ხელს ჰკიდებს და აკავებს, არის თუ არა გრიგოლ ბესელია“?
· „სად ჩანს დაკავება“ – ჩაერია შსს-ის იურისტი.
· „კარგით, გასცეს პასუხი“ – თქვა მოსამართლემ.
· „თქვენი მოლოდინი კითხვის მესმის, მაგრამ ფაქტობრივი განმარტებით, ერთპიროვნულად მივიღე ამ ადამიანის დაკავების გადაწყვეტილება მე. იქ შეიძლება ვიღაცამ ხელი შეუშალა, ხელი მოკიდა, სამართალდარღვევის ჩადენის საშუალება არ მისცა. არ ვიცი“, – უპასუხა ბოლოს ვანაძემ.
· „ანუ თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გრიგოლ ბესელია დაგეხმარათ“? – ჩაეძია ქურდოვანიძე.
აქ მას კვლავ გააწყვეტინა შსს-ის იურისტმა.
„საერთოდ არ მაქვს ვალდებულება, უშუალოდ შევაცილო სადმე კაბინეტში… მოვკიდე ხელი, დავაკავე იქვე და გადავეცი თანამშრომლებს, რომლებმაც შეიყვანეს და განახორციელეს ოქმების შედგენა. დაკავების გადაწყვეტილება იყო ჩემი“, – თქვა შემდეგ ვანაძემ.
ადვოკატების კითხვაზე, თუ „ვინ იყო ის პოლიციელი ვისაც საქმე გადააბარეთ“, ჯერ არ უპასუხა, შემდეგ კი ნოდარ ზენაიშვილი დაასახელა.
ნოდარ ზენაიშვილი ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ამაღლობელის საქმეში ფიგურირებს და ს მთავრობას სანქცირებული ჰყავს „ცრუ მოწმედ“ ყოფნის გამო.
ესტონეთის მიერ სანქცირებულები არიან გოჩა ვანაძეც, გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძეც.
„ნოდარ ზენაიშვილი სად იყო? გარეთ, თქვენთან ერთად? შენობაში?“ – ჰკითხა მას ადვოკატმა.
„ნოდარ ზენაიშვილი იმყოფებოდა სამსახურში, თუმცა ეზოში იყო, კაბინეტში იჯდა, საიდან უნდა ვიცოდე? ჩემთან ერთად არ იყო, არ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში, სად იყო“, – უპასუხა პოლიციის უფროსის მოადგილემ.
„ღიად იტყუება პროცესზე“
სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ ნონა ქურდოვანიძემ „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ვანაძემ ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ერთ-ერთმა, რომელიც ამბობს, თითქოს მან დააკავა, მისცა ცრუ ჩვენება, როდესაც აშკარად ჩანს, რომ გრიგოლ ბესელია აკავებს მზია ამაღლობელს“, – თქვა ქურდოვანიძემ.
„ნათლად დგინდება, რომ გრიგოლ ბესელიაა ის ადამიანი, რომელიც ამაღლობელს აკავებს. მზია ამაღლობელმაც პროცესზე დააფიქსირა, რომ გოჩა ვანაძეს არ დაუკავებია ის, დააკავა გრიგოლ ბესელიამ“, – თქვა საია-ს თავმჯდომარემ.
რას ედავებიან ამაღლობელს?
მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაშია პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მაგრამ დღევანდელი პროცესი ამ საქმეს არ ეხება.
დღეს განიხილავენ ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს – იმას, რის გამოც 11 იანვარს პირველ ჯერზე დააკავეს.
მზია ამაღლობელმა სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძეს მიმართა და უთხრა, რომ საქმე, რასაც ის განიხილავს, და სამართალდარღვევის ოქმი, გაყალბებულია.
„საქმე, რომელსაც განიხილავთ და რასაც მე მოვუსმინე, გაყალბებულია… საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად“, – თქვა მზია ამაღლობელმა.
„სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია… ეს არის სიცრუე, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია, და არც [პოლიციისგან] მოწოდებები ყოფილა, ამას ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ“, – განაცხადა მან.
მზია ამაღლობელმა თქვა ისიც, რომ პოლიციის სამმართველოში შეურაცხმყოფლად მოექცნენ.
„იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა“, – განაცხადა ამაღლობელმა და დასძინა, რომ ვერ იპოვიან ადამიანს, – გარდა ბრალდების მხარისა, – რომელიც იტყვის, რომ მას ან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა ვინმესთვის მიუყენებია.